ფოტო: AFP/Getty Images via CNN Newsource
გლობალურად იმპორტის ღირებულება მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 28%-ს შეადგენს. ყოველწლიურად იმპორტზე ათეულობით ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება გადის. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2024 წელს $28 ტრილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოს ათობით ქვეყნის შემთხვევაში იმპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-საც კი აჭარბებს. მსგავს შედეგს ძირითადად ვაჭრობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოებსა და მცირე ეკონომიკებში ვიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი თანაფარდობა ტიპურია ისეთი მსხვილი სავაჭრო ცენტრებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, სინგაპური და ჰონგ-კონგი, ის ასევე მიუთითებს იმპორტირებულ საქონელსა და სერვისზე შედარებით დიდ დამოკიდებულებაზეც.
იმპორტზე დამოკიდებულება ქვეყნებისთვის საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ საკითხად იქცა, განსაკუთრებით კი ისეთ გარემოებებში, როდესაც სახელმწიფოები მიწოდების ჯაჭვის რისკის შემცირებაზე მუშაობენ. ევროპის ქვეყნების შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება წარმოადგენდა, რასთან საბრძოლველადაც სახელმწიფოებმა განახლებადი ენერგიის გამოყენება გაზარდეს. საერთო ჯამში, იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მშპ-ის 46%-ს შეადგენს, რაც ნავთობთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან საიმპორტო ჯგუფებსაც მოიცავს, როგორიც კრიტიკული მინერალები და მოწინავე ნახევარგამტარებია.
იმპორტის მთლიან შიდა პროდუქტთან ყველაზე მაღალი თანაფარდობა ჰონგ-კონგში ფიქსირდება და 178%-ს აღწევს. მაღალი მაჩვენებელი ძირითადად განპირობებულია ქვეყნის, როგორც მთავარი რეექსპორტის ცენტრის როლით. ჰონგ-კონგის რეექსპორტირებული საქონლის ნახევარზე მეტი ჩინეთიდან მოდის. გამოდის, რომ ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიწოდებამდე ჰონგ-კონგს გაივლის, რის შედეგადაც წლიურად ქვეყნის რეექსპორტის ღირებულება ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
სინგაპური, მშპ-სთან იმპორტის 144%-იანი თანაფარდობით, ანალოგიურად მსოფლიოში რეექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, მსოფლიო დონის პორტი და საჰაერო ტვირთების ინფრასტრუქტურა, ასევე თავისუფალი სავაჭრო ზონები მას ელექტრონიკის, დანადგარების, გადამუშავებული ნავთობისა და სხვა საქონლისთვის გადაზიდვისა და დისტრიბუციის მთავარ ცენტრად აქცევს.
ამასობაში ისეთი კუნძულოვანი ქვეყნები, როგორებიც კვიპროსი, კუბა და ტაივანია, თავიანთი შეზღუდული შიდა წარმოების გამო უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან იმპორტზე. მაგალითად, კუბაში საკვების დაახლოებით 80% ძირითადად ნიდერლანდებიდან და ესპანეთიდანაა შეტანილი. გარდა ამისა, ტაივანი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგორესურსებზე, ნავთობის უმეტეს ნაწილს კი ახლო აღმოსავლეთიდან იღებს.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებს, მათ შემთხვევაში იმპორტის მშპ-სთან ყველაზე მაღალი თანაფარდობა მექსიკაში ფიქსირდება (38%-ით), შემდეგ მოდის კანადა (33%-ით). მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს იმპორტის მოცულობამ $3.4 ტრილიონი შეადგინა, აშშ-ს მსოფლიო მასშტაბით იმპორტზე დამოკიდებულების მხრივ მეექვსე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს — 14%, ეს მაჩვენებელი კი აშშ-ის ეკონომიკის ზომისა და მრავალფეროვანი შიდა წარმოების დამსახურებაა. ასევე ბოლო ადგილებზე არიან სუდანი (1%) და ვენესუელა (9%), სადაც მიმდინარე კრიზისები და კორუფცია სავაჭრო ნაკადებში მნიშვნელოვანი შეფერხებების მიზეზად იქცა.
რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკის 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნის იმპორტის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა 56%-ის ტოლია. ეს მაჩვენებელი საერთო რეიტინგში ქვეყანას მე-60 პოზიციაზე, ტუნისსა და ხორვატიას შორის ათავსებს.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. აქედან ექსპორტი 6.56 მილიარდი აშშ დოლარი (7.8%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 16.87 მილიარდი აშშ დოლარი (8.1%-ით მეტი) იყო. უმსხვილესი იმპორტირებული საქონლის ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო, 3.46 მილიარდი აშშ დოლარით (იმპორტის 20.5%), მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 1.30 მილიარდი აშშ დოლარით (7.7%), ხოლო მესამე ადგილზე — დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622.9 მილიონი აშშ დოლარით (3.7%).
წარმოგიდგენთ იმპორტის მშპ-სთან თანაფარდობის მიხედვით მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანას:
- ჰონგ-კონგი – 178%
- ლუქსემბურგი – 160%
- სან-მარინო – 155%
- სინგაპური – 144%
- ჯიბუტი – 115%
- ნაურუ – 111%
- სეიშელის კუნძულები – 103%
- ირლანდია, კირიბატი – 102%
- მალტა – 100%
- სომალი, ლესოტო – 99%















