„მსოფლიო ბირთვული ასოციაციის“ მონაცემებით, დღეისთვის გლობალურად დაახლოებით 440 ბირთვული რეაქტორი ფუნქციონირებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 390 გიგავატს აღემატება. 2023 წლის მდგომარეობით, ბირთვული რეაქტორები 2602 ტვტ/სთ ენერგიას აწარმოებდნენ, რაც მსოფლიო ელექტროენერგიის დაახლოებით 9%-ია.
Visual Capitalist-მა Global Energy Monitor-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბირთვული ენერგიის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნები გამოავლინა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მეტ ბირთვულ ენერგიას, 102 გიგავატს, ამერიკის შეერთებული შტატები გამოიმუშავებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 94 ბირთვული რეაქტორია განლაგებული.
ბირთვული ენერგიის სიმძლავრით მეორე ადგილზე საფრანგეთია – 64 გიგავატი და მას მოჰყვება ჩინეთი – 58 გიგავატი სიმძლავრის ბირთვული ენერგიით. ხუთეულს ასრულებენ რუსეთი და სამხრეთ კორეა შესაბამისად, 29 გიგავატისა და 27 გიგავატი სიმძლავრის ბირთვული ენერგიით.
თუმცა ქვეყნების ათეული მნიშვნელოვნად იცვლება თუ გავითვალისწინებთ ბირთვული ენერგიის იმ სიმძლავრესაც, რომლის წარმოების შესაძლებლობაც სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ.
ამ შემთხვევაში იგულისხმება ბირთვული ენერგიის სიმძლავრე, რომლის წარმოებაც რეაქტორებისა და ქარხნების მიმდინარე და დაანონსებული მშენებლობების შემდეგ დაიწყება. არსებული გეგმების გათვალისწინებით, გლობალურად წარმოებული ბირთვული ენერგიის სიმძლავრე ამჟამინდელი 396 გიგავატიდან 695 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს – 75%-ით მაღალი მაჩვენებელი.
მატების უდიდესი ნაწილი, 118 გიგავატი, ჩინეთზე მოდის. 118 გიგავატი სიმძლავრის ბირთვული ენერგიის წარმოების შემთხვევაში, ჩინეთი არსებულ დონეს 204%-ით გაზრდის. პარალელურად ინდოეთი გეგმავს, მთლიანი სიმძლავრე 420%-ით, 32 გიგავატამდე გაზარდოს.
სხვა ქვეყნების შემთხვევაში შესაძლო მატების მაჩვენებელი ასეთია: რუსეთი (+21 GW), დიდი ბრიტანეთი (+15 GW), თურქეთი (+15 GW), საფრანგეთი (+12 GW), ამერიკის შეერთებული შტატები (+7 GW).
ზრდის მაჩვენებელი ქვეყნების სამომავლო გეგმების მიხედვით განსხვავებულია. სახელმწიფოთა ნაწილი რეაქტორების მშენებლობის მომხრეა, ნაწილი კი მათ დახურვას უჭერს მხარს.
2023 წლის დეკემბერში, 22-მა სახელმწიფომ – მათ შორის აშშ-მა, კანადამ, საფრანგეთმა – პირობა დადეს, რომ 2050 წლისთვის გლობალური ბირთვული ენერგიის სიმძლავრის გასამმაგების პირობა დადეს. ბირთვულ ენერგიაზე გადასვლით ქვეყნები ნახშირბადნეიტრალიტეტისა და ნულოვანი ემისიის მიღწევას უჭერენ მხარს.
Global Energy Monitor-ის მონაცემებით, წარმოგიდგენთ ბირთვული ენერგიის წარმოებით უმსხვილეს ქვეყნებს:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 102 გიგავატი
- საფრანგეთი – 64 გიგავატი
- ჩინეთი – 58 გიგავატი
- რუსეთი – 29 გიგავატი
- სამხრეთი კორეა – 27 გიგავატი
- კანადა – 15 გიგავატი
- უკრაინა – 14 გიგავატი
- ინდოეთი – 8 გიგავატი
- გაერთიანებული სამეფო – 7 გიგავატი