რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ღვინოს?

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე მეტ ღვინოს?

მსოფლიოში ღვინის წარმოება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული გეოგრაფიასთან, კლიმატთან და კულტურულ ტრადიციებთან. 2024 წელს მსოფლიოში მთლიანობაში 22.6 მილიარდი ლიტრი ღვინო იწარმოვა, რაც ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემთან შედარებით.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ქვეყნების სიას, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღვინო აწარმოვეს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება კლებას განაგრძობს, გლობალურ ბაზარზე ევროპის ქვეყნები დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებენ.

სიაში პირველ ადგილს იტალია იკავებს. 2024 წელს ქვეყანაში 4.4 მილიარდი ლიტრი ღვინო დამზადდა, რაც საანგარიშო პერიოდში მსოფლიოში წარმოებული ღვინის თითქმის მეხუთედია. მეორე ადგილზე 3.6 მილიარდი ლიტრი ღვინით საფრანგეთია, ხოლო მესამე ადგილზე — ესპანეთი, სადაც გასულ წელს 3.1 მილიარდი ლიტრი ღვინო იწარმოვა. ამ სამ ქვეყანაზე ერთად მსოფლიოში წარმოებული ღვინის 49%-ზე მეტი მოდის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის გარეთ ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. გლობალურ წარმოებაში მისი წილი 9.4%-ს შეადგენს, აქედან კი უდიდესი ნაწილი კალიფორნიაზე მოდის.

შეერთებულ შატატებს სიაში არგენტინა, ავსტრალია და ჩილე მოსდევს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს ექსპორტზე ორიენტირებული ღვინის ინდუსტრია აქვს.

რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილს იკავებს. OIV-ის მონაცემებით, გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ 0.24 მილიარდი ლიტრი ღვინო აწარმოვა, რაც მსოფლიოში მთლიანობაში წარმოებული ღვინის 1%-ს შეადგენს. საქართველო ღვინის წარმოებით ოცეულში ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა ავსტრია, ბრაზილია, საბერძნეთი და მოლდოვა.

ქვეყანაღვინის წარმოება 2024 წელს (მილიარდი ლიტრი)მსოფლიო წილი
იტალია4.4119.5%
საფრანგეთი3.6116.0%
ესპანეთი3.1013.7%
აშშ2.119.4%
არგენტინა1.094.8%
ავსტრალია1.024.5%
ჩილე0.934.1%
სამხრეთ აფრიკა0.883.9%
გერმანია0.783.4%
პორტუგალია0.693.1%
რუსეთი0.542.4%
რუმინეთი0.371.6%
ახალი ზელანდია0.281.3%
უნგრეთი0.271.2%
ჩინეთი0.261.2%
საქართველო0.241.0%
ავსტრია0.221.0%
ბრაზილია0.210.9%
საბერძნეთი0.140.6%
მოლდოვა0.110.5%
სხვა ქვეყნები1.345.9%
მსოფლიო ჯამში22.58100%

მსოფლიო მასშტაბით, როგორც ღვინის წარმოება, ისე მოხმარება, 1961 წლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამ დაღმავალი ტენდენციის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია: ვენახების საერთო ფართობის შემცირება, რაც პირდაპირ აისახება ყურძნის მოყვანასა და ღვინის წარმოებაზე, ასევე ექსტრემალური ამინდები, რომლებიც მოსავალზე ნეგატიურად მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში წელიწადში 21 მილიარდ ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, მოხმარების დონე 2000 წლიდან ეტაპობრივად იკლებს. ახალ თაობების მიერ სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმლებისადმი გაზრდილი ინტერესი, ასევე მაღალი ფასები, ბოლო წლებში მოთხოვნის შესუსტებას იწვევს.