რომელი ქვეყნები გეგმავენ ბირთვული რეაქტორების დამატებით აშენებას?

რომელი ქვეყნები გეგმავენ ბირთვული რეაქტორების დამატებით აშენებას?

Global Energy Monitor-ის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში არსებული ბირთვული ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 396 გიგავატია. დაანონსებული ან უკვე მშენებლობის ეტაპზე არსებული ბირთვული რეაქტორების გათვალისწინებით კი ეს მაჩვენებელი კიდევ 299 გიგავატით გაიზრდება. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები ბირთვული რეაქტორების დამატებით აშენებას სულ უფრო აქტიურად გეგმავენ, რადგან ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიან წყაროდ მიიჩნევა.

2024 წლის ივლისის მონაცემებით, ბირთვული ენერგიის გლობალურ ბაზარს 102 გიგავატით აშშ ლიდერობს. ბირთვული ენერგიით მეორე ყველაზე მსხვილი სახელმწიფო საფრანგეთია (64 გიგავატი), რომლის ელექტროენერგიის შიდა მოხმარების 70%-მდე სწორედ ბირთვულ ენერგიაზე მოდის. შემდეგ მოდის ჩინეთი (58 გიგავატი), რუსეთი (29 გიგავატი), სამხრეთი კორეა (27 გიგავატი) და კანადა (15 გიგავატი).

თუმცა არსებული სტატუს-კვო, დიდი ალბათობით, მალე შეიცვლება. ამის მიზეზი კი ჩინეთის გადაწყვეტილებაა, ბირთვულ ენერგიაში ინვესტიციები მაქსიმალურად გაზარდოს. მომდევნო წლების განმავლობაში, ქვეყანა არსებულ 22 ბირთვულ ელექტროსადგურზე 104 ერთეული ბირთვული რეაქტორის დამატებას გეგმავს. სამშენებლო პროცესის დასრულების შემდეგ კი ბირთვული რეაქტორების რაოდენობით ჩინეთი ლიდერი სახელმწიფო გახდება. დამატებით 104 ბირთვული რეაქტორი ჩინეთს 118 გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებაში დაეხმარება. ჯამში კი ჩინეთის ბირთვული ენერგიის სიმძლავრე 176 გიგავატი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული პროექტების გათვალისწინებით, აშშ მეორე პოზიციას მყარად შეინარჩუნებს, ჩრდილოამერიკული სახელმწიფო უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით მხოლოდ 7 გიგავატი სიმძლავრის მიღებას გეგმავს. ამისთვის აშშ 8 ბირთვულ ელექტროსადგურზე დამატებით 30 რეაქტორს განათავსებს. დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ აშშ-ის ბირთვული ენერგიის ჯამური სიმძლავრე 109 გიგავატი იქნება.

მომდევნო წლების განმავლობაში 12 გიგავატი სიმძლავრის დამატებას გეგმავს საფრანგეთი და, შედეგად, ჩამონათვალში მესამე პოზიციას დაიკავებს. ახალი რეაქტორების აშენებით 21 გიგავატის მიღებას პროგნოზირებს რუსეთი, რაც არსებული სიმძლავრის თითქმის გაორმაგებაა. ჯამში რუსეთის ბირთვული ენერგიის სიმძლავრე 50 გიგავატი იქნება.

ბირთვულ ენერგიაზე ფსონის გაკეთების გადაწყვეტილება ინდოეთმაც მიიღო. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე ელექტროსადგურში 8 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. დაგეგმილი მშენებლობებით კი ამ მაჩვენებლის 5-ჯერ გაზრდა იგეგმება. ინდოეთი მომდევნო წლებში ახალი რეაქტორებით დამატებით 32 გიგავატი ბირთვული ენერგიის გამომუშავებას გეგმავს, რის შედეგადაც ხუთეულში შევა.

საინტერესოა, რომ მომდევნო წლებში ბირთვული ენერგიის მიღებას რამდენიმე ისეთი სახელმწიფოც გეგმავს, რომლებიც ამას ამჟამად მას არ აწარმოებენ. ასეთია თურქეთი (15 გიგავატი), ეგვიპტე (5 გიგავატი), ინდონეზია (4 გიგავატი), კენია (4 გიგავატი), ყაზახეთი (3 გიგავატი), ბანგლადეში (2 გიგავატი), უზბეკეთი (2 გიგავატი) და ფილიპინები (0.04 გიგავატი).