მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, ამერიკული სტარტაპის, OpenAI-ის პოპულარული AI-ჩატბოტის, ChatGPT-ის გლობალურმა ტრაფიკმა 5.8 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 10-ჯერ აღემატებოდა მისი პირდაპირი კონკურენტის, Google-ის Gemini-ს მიერ დაფიქსირებულ შედეგს.
აქვე საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებლის მიუხედავად, პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანია Netskope-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიების მიერ ChatGPT-ის გამოყენების სიხშირე, 2022 წლის ნოემბერში გაშვების შემდეგ, პირველად შემცირდა. Netskope-ის მონაცემებით, ბოლო პერიოდში, OpenAI-ის AI-ჩატბოტი კომპანიების 78%-მა გამოიყენა – 2025 წლის თებერვლის 80%-თან შედარებით. თუმცა, კლების მიუხედავადაც, ChatGPT კვლავ უფრო პოპულარულია, ვიდრე Gemini და Copilot-ი, რომელთაც, შესაბამისად, კომპანიების 55% და 37% იყენებს.
სწორედ ChatGPT-ის გაფართოებული მომხმარებლების ბაზის – მათ შორის დაახლოებით ხუთი მილიონი გადამხდელი ბიზნესანგარიშის წყალობით – სტარტაპი წლის ბოლოსთვის $20 მილიარდის შემოსავლის მიღებას ვარაუდობს. ივლისში ეს პროგნოზი $10 მილიარდს შეადგენდა, ხოლო მოგვიანებით, $13 მილიარდამდე გაიზარდა.
აგვისტოს მონაცემებით, ვებგვერდის ვიზიტორთა 15.1%-იანი წილით, ChatGPT-ისთვის უმსხვილესი ბაზარი ამერიკაა. სიდიდით მეორე და ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი კი ChatGPT-ისთვის ინდოეთი აღმოჩნდა. და ეს ყველაფერი არაა: ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთში ოფისის მუშაკების 92% რეგულარულად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, ხოლო ამერიკაში მათი პროცენტული რაოდენობა მხოლოდ 64%-ია.
რიგში მომდევნო ბრაზილიაა – 5.3%-იანი წილით. ინდოეთის მსგავსად, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბრაზილიაშიც სწრაფი ტემპით ხდება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ქვეყანა AI-ის განვითარებაში რეგიონულ ლიდერად იქცა.
ინდონეზია, მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დასახლებული ქვეყანა, ChatGPT-ის უმსხვილეს გლობალურ ბაზრებს შორისაა. ცნობისთვის, ამერიკულმა სტარტაპმა ინდონეზიაში ChatGPT Go-ც გაუშვა. საშუალო დონის სააბონენტო გეგმის ღირებულება თვეში მხოლოდ 4.5 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ChatGPT Go-ს გაშვების შემდეგ, ქვეყანაში მომხმარებელთა საერთო რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში გაორმაგდა.
ქვემოთ მოცემული რეიტინგი, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, გლობალური ტრაფიკის გათვალისწინებით, ChatGPT-ის უმსხვილეს ბაზრებს წარმოადგენს. მონაცემები Similarweb-დან მიღებულ რიცხვებს ეყრდნობა.
| ქვეყანა | ტრაფიკი, 2025 წლის აგვისტო | ვიზიტების რაოდენობა | 
|---|---|---|
| აშშ | 15.1% | 883 მილიონი | 
| ინდოეთი | 9.3% | 544 მილიონი | 
| ბრაზილია | 5.3% | 310 მილიონი | 
| გაერთიანებული სამეფო | 4.3% | 251 მილიონი | 
| ინდონეზია | 3.7% | 216 მილიონი | 
| იაპონია | 3.5% | 205 მილიონი | 
| გერმანია | 3.4% | 199 მილიონი | 
| საფრანგეთი | 3.2% | 187 მილიონი | 
| ფილიპინები | 3.0% | 175 მილიონი | 
| კანადა | 2.6% | 152 მილიონი | 
 
								 
								















