გასულ თვეში, UBS-მა 2024 წლის „გლობალური სიმდიდრის ანგარიში“ გამოაქვეყნა. მონაცემებზე დაყრდნობით, სტატიაში იმ ქვეყნების სიას წარმოგიდგენთ, რომელთა სიმდიდრეც 2010-დან 2023 წლის ჩათვლით, პროცენტულად ყველაზე მეტად გაიზარდა. ამ კონტექსტში, „სიმდიდრე“ განისაზღვრება ერთ ქვეყანაში, შინამეურნეობის საკუთრებაში არსებული ფინანსური (მაგ. აქციები) და უძრავი აქტივების (მაგ. სახლი) ჯამს გამოკლებული ვალდებულებები (მაგ. სესხი და იპოთეკა). მიღებულ თანხას „წმინდა ღირებულება“ ეწოდება.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ქვეყნის სიმდიდრის ღირებულება აშშ დოლარშია შეფასებული. როგორც UBS-ის ანგარიშიდან ირკვევა, მის მიერ წარმოდგენილ ქვეყნებში, 2010 წლიდან სიმდიდრის ყველაზე სწრაფი ზრდა ყაზახეთში ფიქსირდებოდა. ცენტრალური აზიის ქვეყანა ნავთობის, ურანისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მთავარი მწარმოებელია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1990 წლის შემდეგ მკვეთრად – $27 მილიარდიდან $261 მილიარდამდე (2023 წ.) – არის გაზრდილი ყაზახეთის მთლიანი შიდა პროდუქტი.
ყაზახეთს რეიტინგში ჩინეთი მოსდევს, სადაც სიმდიდრე 2010 წლიდან 185%-ით გაიზარდა. ანგარიშის ვარაუდით, ჩინეთის სიმდიდრის ზრდა შესაძლოა სხვადასხვა მაკროტენდენციებით, მათ შორის ურბანიზაციით, უძრავი ქონების ღირებულების ზრდითა და ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით იყოს განპირობებული. UBS-ის ანგარიშით, 2010-2023 წლებში, სიმდიდრის ზრდის მიხედვით, ქვეყნების პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ კატარი, ისრაელი და ინდოეთი.
თუმცა საერთო ჯამში გლობალური სიმდიდრის წლიური ზრდა შენელებულია. თუ 2000 წლიდან 2010 წლამდე წლიური ზრდა საშუალოდ 7%-ს შეადგენდა, 2010 წლიდან 2023 წლამდე 4.5%-მდე შენელდა. UBS-ის შეფასებით, 2010-დან 2023 წლამდე, არცერთ ქვეყანაში სიმდიდრის ორნიშნიანი პროცენტული წლიური ზრდა აღარ დაფიქსირებულა. იტალიისა და იაპონიის შემთხვევაში, ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დემოგრაფია სახელდება, რადგან მოსახლეობის კლება და დემოგრაფიული დაბერება ეკონომიკური აქტივობის დონეს ამცირებს.
ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ევროპის ქვეყნების ნაწილში, 2010 წლიდან 2023 წლამდე, სიმდიდრის ზრდის ნეგატიური მაჩვენებელი მივიღეთ. მათ შორის იყო ესპანეთი (-1%), იტალია (-4%), საბერძნეთი (-20%) და ევროპის გარეთ იაპონია (-23%). ევროპის ბევრ ქვეყანაზე მძიმე გავლენა 2010-იანი წლების დასაწყისში, ევროზონის კრიზისმა იქონია – რამაც უარყოფითად იმოქმედა შინამეურნეობების მიერ შემოსავლისა და სიმდიდრის დაგროვებაზე.
წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ათეულს, რომელთა სიმდიდრე 2010-2023 წლებში ყველაზე მეტად გაიზარდა (CAGR გულისხმობს კუმულატიური წლიური ზრდის ტემპს):
ადგილი | ქვეყანა | % სიმდიდრის ზრდა (2010-2023) | CAGR (%) |
---|---|---|---|
1 | ყაზახეთი | 190% | 9% |
2 | ჩინეთი | 185% | 8% |
3 | კატარი | 157% | 8% |
4 | ისრაელი | 140% | 7% |
5 | ინდოეთი | 133% | 7% |
6 | ჰონგ-კონგი | 127% | 7% |
7 | ინდონეზია | 125% | 6% |
8 | აშშ | 121% | 6% |
9 | ჩეხეთი | 113% | 6% |
10 | უნგრეთი | 109% | 6% |