რომელი ქვეყნებიდან შედის ევროკავშირში ყველაზე მეტი მიგრანტი?

რომელი ქვეყნებიდან შედის ევროკავშირში ყველაზე მეტი მიგრანტი?

2023 წელს ევროკავშირმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის 3.7 მილიონი ნებართვა გასცა. ბლოკში შემავალი წევრების მიერ გაცემული ნებართვების რიცხვი რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2013 წელს, Eurostat-მა ამ მონაცემების აღრიცხვა დაიწყო.

Visual Capitalist-მა ბოლო 10 წელიწადში ევროკავშირში მიგრანტთა შემოდინების შესაფასებლად, სწორედ Eurostat-ის მონაცემები გამოიყენა. ქვემოთ წარმოდგენილ რეიტინგში ევროკავშირში ბლოკის არაწევრი სახელმწიფოებიდან 2013, 2018 და 2023 წლებში მიგრანტთა ნაკადებია მოცემული.

ცნობისთვის, 2013 და 2018 წლების მონაცემები ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანას აერთიანებს – მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, ხოლო 2023 წლის რეიტინგში უკვე მხოლოდ 27 ქვეყანაა შესული, ვინაიდან კვლევა ბრექსიტის შემდგომ ჩატარდა.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეც, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ყველაზე მეტი მიგრანტი უკრაინიდან შედიოდა. ეს ტენდენცია საფუძველს ჯერ კიდევ 2013 წლიდან, მონაცემების აღრიცხვის დაწყების პერიოდიდან იღებს.

Eurostat-ის ანგარიშით, უკრაინაში ომის დაწყების წელს (2022 წელი), ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბინადრობის ნებართვა უკრაინის 382 400 მოქალაქეზე გასცეს, 2023 წლისთვის კი ეს მონაცემი 307,000 პირამდეა შემცირებული. პარალელურად, დასავლეთისკენ მზარდი მიგრაცია ქვეყნის შიგნით მოსახლეობის კლების მიზეზად იქცა. 1990 წელთან შედარებით, უკრაინაში მოსახლეობის 28%-ით კლება ფიქსირდება.

2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირში მიგრანტების დიდ ნაწილს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები წარმოადგენდნენ. მათ შორის, ბლოკში შემავალმა ქვეყნებმა, გასულ წელს, ბინადრობის 281 ათასი ნებართვა ბელარუსის, 116 ათასი ნებართვა კი რუსეთის მოქალაქეებისთვის გასცეს.

უნდა აღინიშნოს რეიტინგში აზიის ქვეყნების დაწინაურებაც, განსაკუთრებით – ინდოეთის, რომელმაც 2013 წლის მეშვიდე პოზიციიდან, გასულ წელს მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2023 წელს ინდოეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის 200 ათასზე მეტი ნებართვა გაიცა. ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით მიგრანტთა რიცხვი ზრდადია ავღანეთიდან და სირიიდანაც, რაც ძირითადად ამ სახელმწიფოებში მიმდინარე სამოქალაქო ომების შედეგია.

რაც შეეხება საქართველოს, Eurostat-ის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე ბინადრობის 34,000-ს ნებართვაა გაცემული. 2013 წელს, აღრიცხვების დაწყებისას, ეს რიცხვი დაახლოებით 10,000-ს უტოლდებოდა. ევროკავშირის მიერ, საქართველოდან მიგრანტებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების რიცხვმა პიკს, 38,042-ს, 2022 წელს მიაღწია.