27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელიც გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) 1980 წელს დააწესა. ეს დღე ტურიზმის სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ღირებულებების აღსანიშნავად და ქვეყნების განვითარებაში ამ სექტორის როლის ხაზგასასმელად იქნა შემოღებული. ეს როლი კი სახელმწიფოებს შორის არა მხოლოდ ურთიერთგაგების ზრდასა და კულტურული დიალოგის გაუმჯობესებაში გამოიხატება, არამედ მათი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალასაც წარმოადგენს.
ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ქვეყნებისთვის ენიჭება, რომლებიც ბუნებრივი რესურსებით ღარიბნი არიან და გლობალურ ვაჭრობაში დიდ როლს არ თამაშობენ. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოების შემოსავლის ძირითად წყაროს სწორედ ეს სექტორი წარმოადგენს, რომელიც უცხოურ კაპიტალს იზიდავს და ქმნის სიმდიდრეს სხვა სექტორების ხელშეწყობის გზით, მათ შორის სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტისა და გასართობის.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიომ მკვეთრი ზრდა აჩვენა საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, ვინაიდან ის გახდა უფრო გლობალიზებული. მეორე მხრივ კი, ტრანსპორტის მიმართულებით მიღწევებმა გაზარდა მობილურობა, პარალელურად, შეამცირა მოგზაურობის ხარჯები. სიმდიდრის მატებამ ასევე ხელი შეუწყო საერთაშორისო მოგზაურობების სიხშირის ზრდას, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი. ამ ქვეყნის მოსახლეობის საშუალო კლასი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში მოგზაურობის კუთხით განსაკუთრებით გააქტიურდა.
UNWTO-ს მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინელი მოგზაურების მიერ გაწეული ტურისტული ხარჯები 2006-დან 2019 წლამდე ათჯერ გაიზარდა. შედეგად, აზიური სახელმწიფო საერთაშორისო ტურისტული დანახარჯების რეიტინგში, 2021 წლის მონაცემებით, პირველ ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ეს პოზიცია ეკავა პანდემიის დროსაც კი, ფართო შეზღუდვების ფონზე.
ჩინეთის გარდა, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რეიტინგის სათავეში ან მის სიახლოვეს იყო წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ქვეყნებთან ერთად კი აღსანიშნავია გერმანელი, ფრანგი და ბრიტანელი მოგზაურების ტურისტული დანახარჯების სიდიდე.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეიტინგის ტოპ-10-ში აღმოჩნდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ინდოეთი, რაც ამ ქვეყნებში სიმდიდრისა და კეთილდღეობის ზრდაზე მიანიშნებს.
ქვეყნების რეიტინგი საერთაშორისო ტურიზმში გაწეული ხარჯების მიხედვით (2021 წლის მონაცემები):
- ჩინეთი $105,689,000,000
- აშშ $73,485,000,000
- გერმანია $47,815,000,000
- საფრანგეთი $38,018,000,000
- დიდი ბრიტანეთი $24,228,000,000
- არაბთა გაერთიანებული საამიროები $21,600,000,000
- ინდოეთი $17,838,000,000
- იტალია $17,192,000,000
- სამხრეთ კორეა $17,177,000,000
- კატარი $15,675,000,000