საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული იყო 871 ათასი ადამიანი. მათგან 308 ათასი ადამიანი სახელმწიფო სექტორში იყო დასაქმებული, რაც დაქირავებით დასაქმებულების 35%-ია. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) და სახელმწიფოს დაარსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) მუშაობენ.
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებად ითვლებიან ის ადამიანებიც, ვინც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებში მუშაობენ. სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა ჯამური რიცხვი უცნობია, მაგრამ ის, სულ მცირე, 50 ათასი იქნება.
მოკლედ მიმოვიხილავთ 10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ სახელმწიფო საწარმოს, რომლებიც ერთად 36 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. ინფორმაციის წყარო აღნიშნული საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშები და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტებია.
10. შპს „ენგურჰესი“
შპს „ენგურჰესი“ დაახლოებით 900 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 70 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 18 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 1,700 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 507 მლნ ლარია. „ენგურჰესის“ 100%-იან წილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფლობს.
„ენგურჰესი“ საქართველოში მოქმედი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელმაც 2022 წელს 3,747 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 26% იყო.
9. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
სააქციო საზოგადოება (სს) „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ დაახლოებით 1,000 ადამიანს ასაქმებს. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი (2022 წლის ფინანსური ანგარიში ჯერ გამოქვეყნებული არ არის) 1.1 მლრდ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 33 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 2,700 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 1.9 მლრდ ლარია. კორპორაციის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ არის დივერსიფიცირებული კომპანია, რომელიც ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში საქმიანობს. ის რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა ბუნებრივი გაზის იმპორტი, ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება, გაზის მილსადენების იჯარა და ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვება საქართველოში. მის მფლობელობაშია ისეთი მსხვილი საწარმოები, როგორიცაა გარდაბნის თბოელექტროსადგური 1 და გარდაბნის თბოელექტროსადგური 2.
8. შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 1,195 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 48 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 3.5 მლნ ლარი დაიხარჯა (დასაქმებულების ნაწილი მთელი წელი არ მუშაობს, ამიტომ საშუალო ხელფასს ამ შემთხვევაში ვერ გამოვთვლით). კომპანიის აქტივები 6.5 მლნ ლარია. „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ 100%-იან წილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფლობს.
„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ ძირითადი საქმიანობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კადეტების, სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფაა. კომპანია 2014 წლის ბოლოს დაფუძნდა.
7. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 1,540 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 346 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 39 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 2,100 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 1.7 მლრდ ლარია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მფლობელი და მაკონტროლებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია. ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 4 357 კმ სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. კომპანია არ აწარმოებს ელექტროენერგიას. ის ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემას ჰიდრო-, თბო- და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე.
6. შპს „საქართველოს მელიორაცია“
შპს „საქართველოს მელიორაცია“ 1,853 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 68 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 19.3 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 900 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 119 მლნ ლარია. „საქართველოს მელიორაციის“ 100%-იან წილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფლობს.
„საქართველოს მელიორაციის“ ძირითად საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟო წყლის მიწოდება წარმოადგენს. მომსახურების მიწოდებას ახორციელებს 20 სერვისცენტრის მეშვეობით. კომპანია მართავს ჰიდრონაგებობებს და სპეციალურ სამელიორაციო სისტემებს, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა ჰიდრავლიკურ-ტექნიკური ნაწილებისგან, წყლის გამანაწილებელი ხაზებისგან, გვირაბებისგან და სადრენაჟო არხებისგან შედგება.
5. შპს „საქართველოს ფოსტა“
შპს „საქართველოს ფოსტა“ 2,700 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 72 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 30 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 950 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 110 მლნ ლარია. „საქართველოს ფოსტის“ 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს.
„საქართველოს ფოსტის“ ძირითადი საქმიანობებია: მომხმარებლების უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო და გადაზიდვის მომსახურებით, ფულადი გზავნილების მომსახურება, საქონლის რეალიზაცია და პრესისა და ლატარიის გავრცელების მომსახურება.
4. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ 3,049 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 131 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 34 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 950 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 1.5 მლრდ ლარია. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 100%-იან წილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფლობს.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ძირითად საქმიანობას წყლის მოპოვება, დამუშავება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში აბონენტებისათვის სასმელი და ტექნიკური წყლის მიწოდება წარმოადგენს. ასევე, მისი მოვალეობაა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება.
3. შპს „თბილსერვის ჯგუფი“
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 5,000 ადამიანს ასაქმებს. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი (2022 წლის ფინანსური ანგარიში ჯერ გამოქვეყნებული არ არის) 115 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 66 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 1,100 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 95 მლნ ლარია. „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-იან წილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ფლობს.
„თბილსერვის ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თბილისის მასშტაბით ტერიტორიების დასუფთავება, ნარჩენების მართვა, სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობა, თბილისის პარკების მოვლა-პატრონობა, გარე განათებების შესყიდვა, მშენებლობა, მონტაჟი, შეკეთება და მოვლა-პატრონობა.
2. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დაახლოებით 6,500 ადამიანს ასაქმებს. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი (2022 წლის ფინანსური ანგარიში ჯერ გამოქვეყნებული არ არის) 160 მლნ ლარამდე იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 122 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 1,560 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 719 მლნ ლარია. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 100%-იან წილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ფლობს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ძირითადი საქმიანობა თბილისში ავტობუსით, მეტროთი და საბაგიროთი მგზავრთა გადაყვანის მომსახურება და პარკირების ადგილების მოწყობაა.
1. სს „საქართველოს რკინიგზა“
სს „საქართველოს რკინიგზა“ დაახლოებით 12,378 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 675 მლნ ლარამდე იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 1,350 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 2.4 მლრდ ლარია. „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იან წილს საქართველოს მთავრობა ფლობს.
„საქართველოს რკინიგზის“ ძირითად საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის მომსახურებების უზრუნველყოფა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უზრუნველყოფა და სარკინიგზო ხაზების მშენებლობა წარმოადგენს.