Visual Capitalist-მა, Multiples-ის კვლევაზე დაყრდნობით, 22 მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ თითო თანამშრომელზე დაანგარიშებით მიღებული შემოსავლების ვიზუალიზაცია შემოგვთავაზა. კვლევა იმ ბიზნესმოდელების ეფექტიანობაზე მიანიშნებს, რომლებიც მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტს ეყრდნობა.
ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ თითო თანამშრომელზე შემოსავლით OnlyFans-ი, Valve-ი და YouTube-ი მოწინავე პოზიციებს იკავებს. სამივე კომპანია ციფრული პლატფორმაა, რომლებსაც მცირე რაოდენობის თანამშრომელი ჰყავს, თუმცა მცირე რესურსის მიუხედავად, მასშტაბურად გაფართოება შეძლო.
LinkedIn-ის მონაცემებით, OnlyFans-ს 51-დან 200-მდე თანამშრომელი ჰყავს. Valve-ში კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილ PC გეიმინგ-პლატფორმა Steam-ს ფლობს, მხოლოდ 350 ადამიანი მუშაობს. შედარებით დიდი შტატით გამოირჩევა YouTube-ი – 2024 წლის იანვრის მონაცემებით, კომპანიაში 7,173 ადამიანი მუშაობს.
ამ კომპანიების წარმატება მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესმოდელებით არის განპირობებული: OnlyFans-ი და YouTube-ი მომხმარებლის მიერ შექმნილ კონტენტს იყენებს, ხოლო Valve-ი — ციფრულ დისტრიბუციას. ისინი ტრადიციული, ბევრად უფრო შრომატევადი მოდელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
პლატფორმა | შემოსავალი თითო თანამშრომელზე ($) |
---|---|
🔞 OnlyFans | $37,600,000 |
🎮 Valve | $19,000,000 |
📺 YouTube | $7,600,000 |
💻 NVIDIA | $3,600,000 |
$2,500,000 | |
🍏 Apple | $2,400,000 |
🚗 Lyft | $2,000,000 |
🎥 Twitch | $2,000,000 |
📱 Meta | $2,200,000 |
🔍 Alphabet | $1,900,000 |
🏠 Airbnb | $1,500,000 |
📶 Broadcom | $1,400,000 |
🚕 Uber | $1,400,000 |
💼 Upwork | $1,300,000 |
🧵 Etsy | $1,200,000 |
📦 Mercari | $1,100,000 |
💻 Microsoft | $1,100,000 |
🛒 Instacart | $1,000,000 |
🌍 Booking Holdings | $1,000,000 |
🛍️ eBay | $900,000 |
🎶 TikTok | $600,000 |
📦 Amazon | $400,000 |
როგორც ხედავთ, თითო თანამშრომელზე დაანგარიშებით ყველაზე მაღალ შემოსავალს OnlyFans-ი გამოიმუშავებს. ის 2016 წელს ბრიტანელმა მეწარმემ ტიმ სტოკლიმ დააარსა. თავდაპირველად ეს იყო პლატფორმა, რომელიც ფიტნეს-ინფლუენსერებსა და ცხოვრების სტილის მიმართულების ბლოგერებს თავიანთი კონტენტის მონეტიზაციის შესაძლებლობას აძლევდა.
2018 წელს ტიმ სტოკლიმ OnlyFans-ის მშობელი კომპანიის 75% უკრაინელ-ამერიკელ მილიარდერ ლეონიდ რადვინსკის მიჰყიდა. 2021 წელს კი სტოკლიმ კომპანიის CEO-ს პოზიცია დატოვა.