ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შემცირებების ძირითადი წილი მსხვილ კომპანიებზე მოდის. შემოსავლების ყოველწლიურად ზრდის მიუხედავად, ყველაზე დიდი რაოდენობით პოზიციებს სწორედ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები აუქმებენ.
ზოგადად, სამუშაო ადგილების შემცირების ტალღები ხშირად ემთხვევა სამყაროში მიმდინარე ტექნოლოგიურ ან ზოგადეკონომიკურ პროცესებს. ბოლო წლების განმავლობაში ასეთი შემცირებების საჭიროება თითქმის ყველა ინდუსტრიას დაუდგა და მისი ძირითადი მიზეზი კოვიდპანდემია იყო. ტექნოლოგიური კომპანიებისათვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე შემცირებების ძირითადი მიზეზი კი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებაა.
დიდი კომპანიების მიერ თანამშრომელთა შემცირების მთავარი მიზანი მოგებიანობის შენარჩუნება, ზრდის გარანტირება და AI-ში ინვესტიციების ზრდაა. სტატიაში წარმოგიდგენთ 15 ტექნოლოგიური კომპანიის რეიტინგს, რომლებმაც 2025-2026 წლებში ყველაზე მეტი პოზიცია შეამცირეს. მონაცემები აღებულია Layoffs.fyi-დან და მოიცავს 2025 წლისა და 2026 წლის 16 მარტამდე არსებულ სიტუაციას.
ყველაზე მეტი გათავისუფლებული თანამშრომლით, რეიტინგს Amazon-ი ლიდერობს. 2025 წლის დასაწყისიდან 2027 წლის 16 მარტამდე ელექტრონული კომერციის ამერიკულმა გიგანტმა 30,184 თანამშრომელი გაათავისუფლა. რეიტინგის მეორე პოზიციას 27,058 გათავისუფლებული ადამიანით Intel-ი იკავებს. მესამე პოზიციაზე კი Microsoft-ია წარმოდგენილი (15,347). ჯამში პირველი სამი კომპანია საერთო შემცირებების 2/3-ზე მეტზეა პასუხისმგებელი.
როგორც აღვნიშნეთ, გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა როგორც რიცხობრივად, ისე პროცენტულად, დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში გვხვდება. საინტერესოა, რომ რეიტინგის პირველ ადგილზე მყოფმა Amazon-მა 2020 წლიდან დღემდე 58,000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. თუმცა საერთო ჯამში ეს რიცხვი კომპანიის თანამშრომლების (1.56 მილიონი) მხოლოდ 4%-ს შეადგენს.
ტექნოლოგიური კომპანიების უმეტესობისთვის შემცირებების მიზეზი საერთოა: შეფერხებული ზრდა, ხარჯების ოპტიმიზაცია, AI-ინვესტიციებისათვის ფინანსების მობილიზება. ზოგიერთი მათგანი კი ამ უკანასკნელზე განსაკუთრებულ გათვლას აკეთებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია Block-ია, რომელმაც 2026 წელს საკუთარი თანამშრომლების ნახევარი, 4000 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. Twitter-ის თანადამფუძნებლისა და Block-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განმარტებით, შემცირებების მთავარი მიზეზი კომპანიის AI-ავტომატიზაციაზე გადასვლა იყო, შემცირებების ნაწილ-ნაწილ განხორციელებას კი ერთიანი რეორგანიზაცია არჩიეს. საინტერესოა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს კომპანიია აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 20%-ით გაიზარდა.
გაეცანით სრულ რეიტინგს:
| რეიტინგი | კომპანია | შემცირებული თანამშრომლების რაოდენობა 2025-2026 წლებში |
| 1 | Amazon | 30,184 |
| 2 | Intel | 27,058 |
| 3 | Microsoft | 15,347 |
| 4 | HP | 8,000 |
| 5 | Meta | 5,800 |
| 6 | Salesforce | 5,385 |
| 7 | Block | 4,931 |
| 8 | Northvolt | 2,800 |
| 9 | Hewlett Packard Enterprise | 2,552 |
| 10 | Autodesk | 2,350 |
| 11 | Workday | 2,150 |
| 12 | Synopsys | 2,000 |
| 13 | WiseTech | 2,000 |
| 14 | Atlassian | 1,950 |
| 15 | ASML | 1,700 |












