პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Perplexity AI-ში წილი შეიძინა. სტარტაპის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში შეთანხმების ფინანსური პირობები, მათ შორის არც შესყიდული აქციების რაოდენობა, გასაჯაროებული არ არის.
საინვესტიციო შეთანხმებასთან ერთად, Perplexity AI-მა რონალდუსთან სპონსორობის ხელშეკრულებაც გააფორმა და თავის საძიებო სისტემაში გულშემატკივრებისთვის ინტერაქტიული ჰაბი შექმნა. ეს უკანასკნელი დაინტერესებულ პირებს ინტერაქტიულ CR7-გამოცდილებას სთავაზობს, სადაც მათ ფეხბურთელის კარიერის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისა და მნიშვნელოვანი მომენტების ხელახლა ხილვის საშალება ექნებათ.
პარტნიორობის გაფორმებას გამოეხმაურა Perplexity-ის აღმასრულებელი დირექტორი არავინდ სრინივასი, რომლის განცხადებითაც, მათთვის რონალდუსთან თანამშრომლობა დიდი პატივია და მზად არიან, Perplexity დასმულ კითხვებზე პასუხების გენერირებისთვის საუკეთესო AI-აპლიკაციად აქციონ.
ცნობისთვის, Perplexity AI-მა, სექტემბერში, $200-მილიონიანი დაფინანსების რაუნდით, $20 მილიარდის ღირებულებას მიაღწია. აგვისტოში კომპანიამ Google-ს Chrome-ის შეძენის მიზნით $34.5-მილიარდიანი შეთავაზებაც გაუკეთა, რაც გასაკვირი იყო, რადგან თავად Perplexity ამ თანხაზე დაბალი ღირებულებისაა. თუმცა Google-მა განაცხადა, რომ ის Chrome-ის გაყიდვას არ გეგმავდა.














