რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სააგენტო „როსსტატის“ მიერ 16 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა ზრდის მკვეთრ შენელებას განიცდის. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მხოლოდ 1.4%-ით გაიზარდა – ეს მნიშვნელოვანი შენელებაა წინა კვარტალში 4.5%-იან ზრდასთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 5.4%-იან ზრდასთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ „როსსტატის“ უახლესი მონაცემები მოლოდინებსაც ჩამორჩა: რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მშპ-ის 1.7%-ით ზრდა, ხოლო Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა 1.8%-იანი ზრდა ივარაუდეს.
Gazprombank-ის აღმასრულებელი დირექტორის, ეგორ სუსინის თქმით, „როსსტატის“ მონაცემები „ეკონომიკის მკვეთრ შენელებას“ აჩვენებს. შეგახსენებთ, ეს რუსეთში სიდიდით მესამე ბანკია, რომელიც ამჟამად სანქციების ქვეშაა. Raiffeisenbank-ის ანგარიშით კი, ეს 2022 წლის შემდეგ ეკონომიკის პირველი ყველაზე ძლიერი შენელებაა.
ექსპერტები რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლის მიზეზებად ცენტრალური ბანკის პოლიტიკას, სანქციებს, მიწოდების ჯაჭვის სირთულეებსა და მაღალ ინფლაციას ასახელებენ. Raiffeisenbank-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „ვითარებას ნავთობის დაბალი ფასები ართულებს“. მათივე ინფორმაციით, იანვრიდან აპრილამდე პერიოდში ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები 10%-ით შემცირდა.
სტოკჰოლმის ეკონომიკის ინსტიტუტი, SITE აცხადებს, რომ კრემლის ნარატივების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში ომისა და დასავლეთის სანქციების გამო სულ უფრო მზარდი ზეწოლის ქვეშაა.