რუმინეთის პრეზიდენტი პროევროპელი კანდიდატი ნიკუშორ დანი გახდა

რუმინეთის პრეზიდენტი პროევროპელი კანდიდატი ნიკუშორ დანი გახდა

გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბუქარესტის პროევროპელმა მერმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. ის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იღებდა. დანმა საპრეზიდენტო არჩევნები ხმების 54%-ით მოიგო.

შესაბამისად, ნიკუშორ დანის კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა ჯორჯ სიმიონმა, ხმების 46% მიიღო. თავდაპირველად მან დამარცხება არ აღიარა, თუმცა კვირას საღამოს დანს აპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „მწარე შეგრძნებაა, მაგრამ ეს არჩევნები მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა სიმიონმა.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ სიმიონმა პირველ ტურში ხმების 40.1%-ით გაიმარჯვა, თუმცა, როგორც ჩანს, რუმინელებმა პროდასავლური კურსის გაგრძელება ამჯობინეს. სიმიონს მხარდაჭერა კალინ ჯორჯესკუმ გამოუცხადა. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა დეკემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მაშინ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში საგარეო, კერძოდ, რუსეთის ჩარევის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის არსებობის მოტივით მისი შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.

რაც შეეხება რუმინეთის ახალ პრეზიდენტს, 55 წლის ნიკუშორ დანი პროფესიით მათემატიკოსია. ის ბუქარესტის მერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. ბუქარესტის ცენტრში რუმინეთისა და ევროკავშირის დროშებით შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ „ხვალიდან რუმინეთი ახალ ეტაპს იწყებს“.

„ჩემი გზავნილი მათთვის, ვინც დღეს წააგო, არის სრული პატივისცემა – ვინც სხვა არჩევანი გააკეთა. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ რუმინეთი, პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების მიუხედავად, რუმინეთში მცხოვრებ რუმინელებთან, დიასპორასთან, მოლდოვასა და მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ რუმინელებთან ერთად“, – განაცხადა დანმა.