რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი - საქართველოს მთავარი ბაზრები ადგილობრივ ექსპორტში

რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი - საქართველოს მთავარი ბაზრები ადგილობრივ ექსპორტში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ, არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე, 5.15 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.7%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა და თითქმის 2.35 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.4% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები კი არიან: რუსეთი (509.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (211.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (197.1 მლნ. აშშ დოლარი).

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 276.2 მლნ. აშშ დოლარით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 189.1 მლნ. აშშ დოლარით. მისი წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 8.1%-ია. მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 167.3 მლნ. აშშ დოლარით. მასზე ადგილობრივი ექსპორტის 7.1% მოდის.