2023 წელს რუსეთი თურქეთისთვის ბუნებრივი აირისა და ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაგამოცემა Tass-ი ავრცელებს.
გასული წლის ოქტომბერში ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილმა 59% შეადგინა. ამავდროულად, თურქეთში იმპორტირებული ნავთობის თითქმის 50%-იც რუსეთზე მოდის. ერთი წლით ადრე თურქულ ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 41%-ს შეადგენდა.
2023 წლის ნოემბერში რუსული Urals-ის თურქეთში ექსპორტი დღეში 400,000 ბარელამდე გაიზარდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
დასავლური სანქციების მიუხედავად, თურქეთი რუსეთს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად დაუახლოვდა. Reuters-ის თანახმად, ფასდაკლებული რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტის ზრდით თურქეთმა 2 მილიარდი დოლარის დაზოგვა შეძლო.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში მიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან რუსულმა Lukoil-მა აზერბაიჯანულ SOCAR-თან გააფორმა ხელშეკრულება თურქეთის STAR-ის ნავთობის გადასამუშავებელ ტერმინალში დღეში 200,000 ბარელის გადამუშავების თაობაზე.
გარდა გაზისა და ნავთობისა, იანვარ-ნოემბერში რუსული დიზელის, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის საწვავის იმპორტიც 200%-ით გაიზარდა.
უკრაინის მრავალი მხარდამჭერი თურქეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებას სდებს ბრალად. ქვეყანა კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სხვადასხვა სახის ნედლი ნავთობის გადამუშავებით მიღებული საწვავის ექსპორტს ახორციელებს.
უნდა ითქვას ისიც, რომ თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვით სარგებლობს. ინდოეთმა, რომელმაც ასევე უარი თქვა, მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა, 2023-ში რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა.
ოფიციალური მოსკოვი და ანკარა თურქეთში რუსული გაზის ჰაბის შექმნასაც განიხილავენ – თურქეთს სურს, სამხრეთ ევროპისთვის ენერგიის გამანაწილებელი ცენტრი გახდეს, რუსეთის მიზანი კი ევროპაში გაზის ირიბად გაყიდვა ან ექსპორტის სხვა ქვეყნებისკენ მიმართვაა.