27 ივლისს, რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, 1990-იანი წლების შემდეგ პირველი სამოქალაქო კომერციული ფრენა შესრულდა. რეისი, რომელსაც 400-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, რუსული ავიაკომპანია Nordwind-ის მიერ მოსკოვის აეროპორტ „შერემეტიევოდან“ განხორციელდა და აფრენიდან დაახლოებით რვა საათში, ჩრდ. კორეის დედაქალაქ ფხენიანში დაეშვა.
რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება TASS-ის ცნობით, მოსკოვი-ფხენიანის რეისზე ბილეთის ფასი 45,000 რუბლი, დაახლოებით 480 ევრო იყო. TASS-ის ინფორმაციითვე, ხელისუფლებამ ავიაკომპანია Nordwind-ისთვის ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით ფრენის ნებართვა ივლისში გასცა. Nordwind-ს რუსეთის მოქალაქეები წარსულში ევროპის მასშტაბით, მათ შორის ესპანეთსა და გერმანიაშიც გადაჰყავდა, სანამ 2022 წელს ევროკავშირი რუსულ ავიაკომპანიებს მის საჰაერო სივრცეში ფრენას აუკრძალავდა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ფხენიანის მიმართულებით თვეში ერთი რეისი განხორციელდება. რუსული საავიაციო ბლოგების შეფასებით, ეს შესაძლოა ორ დედაქალაქს შორის პირველი რეგულარული რეისი იყოს, რომელიც 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან განხორციელებულა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნებს შორის რკინიგზის მაგისტრალიც განახლდა.
ჩრდილოეთი კორეა პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ამსუბუქებს და ხსნის საზღვრებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის. თუმცა საერთაშორისო ტურიზმის სრულად განახლების შესახებ ქვეყანას განცხადება არ გაუკეთებია, მითუმეტეს, რომ შეზღუდვები, დიდწილად, უცხოელი ტურისტების ქვეყანაში შესვლას კრძალავს.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ამ თვის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეის ახალ სანაპირო კურორტს, ვონსან-კალმას, კიმ ჩენ ინთან ერთად ეწვია და რუს ტურისტებში კომპლექსის მონახულების წახალისების პირობა დადო.