რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა $61 მილიარდს მიაღწია, რაც წლიურ სამიზნე ნიშნულს 30%-ით აღემატება

რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა $61 მილიარდს მიაღწია, რაც წლიურ სამიზნე ნიშნულს 30%-ით აღემატება

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მკვეთრად გაიზარდა და ივლისის ბოლოსთვის 4.9 ტრილიონი რუბლი (61.4 მილიარდი დოლარი) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს კრემლის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს – 3.8 ტრილიონ რუბლს (47.6 მილიარდი დოლარი) – უკვე 30%-ზე მეტით აღემატება.

ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი ზრდა კრემლის მიერ ცივი ომის შემდეგ თავდაცვის ხარჯების ყველაზე მაღალ დონემდე გაზარდას უკავშირდება. ეს, თავის მხრივ, რეცესიის რისკს ზრდის.

მხოლოდ გასულ თვეში დეფიციტი 1.2 ტრილიონი რუბლით (15 მილიარდი დოლარი) გაიზარდა, როგორც სამინისტრო აცხადებს, „ძირითადად ნავთობის საშუალო ფასის შემცირების გამო“.

მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში რუსეთმა უკვე დახარჯა 25.2 ტრილიონი რუბლი (316 მილიარდი დოლარი) წლიური ბიუჯეტიდან, 42.3 ტრილიონი რუბლიდან (530 მილიარდი დოლარი). ცხადია, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ივლისის თვეში შემოსავლებმა 2.7 ტრილიონი რუბლი (33.8 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო ხარჯები 3.9 ტრილიონ რუბლამდე (48.9 მილიარდი აშშ დოლარი) გაიზარდა, რაც ივნისის 3.2 ტრილიონ რუბლს (40.1 მილიარდი აშშ დოლარი) მნიშვნელოვნად აღემატება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ხარჯების მაჩვენებელი „გრაფიკის მიხედვით“ იცვლება, თუმცა რეალური სურათი განსხვავებულ წარმოდგენას იძლევა. მაგალითად, ნომინალური შემოსავლები წლიურად მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო ხარჯები 20.8%-ით. ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურ მაჩვენებლებში შემოსავლები არათუ გაზრდილი, შემცირებულია.

ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები, რომლებიც ფედერალური შემოსავლების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს, 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.5%-ით შემცირდა. კლება წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული წლიური 16.9%-იანი შემცირების შემდეგ დაჩქარდა.

ფინანსთა სამინისტრომ შემოსავლების კლების მთავარ მიზეზად ნავთობის დაბალი ფასები დაასახელა. ბრენტის ნავთობის ფასები, 8 აგვისტოს მდგომარეობით, ბარელზე 66.40 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველკვირეული ვარდნაა.

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ვლადიმირ მილოვმა, ივნისში The Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ კრემლი მზარდი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად და ომის დასაფინანსებლად თავის რეზერვებს ამოწურავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ რუსეთის ეკონომიკური ვარდნა მშვიდობისკენ სწრაფვის ფაქტორად დაასახელა და თქვა, რომ ნავთობიდან შემოსავლების შემცირებამ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აიძულოს, უკრაინაში ომი დაასრულოს.