8 თებერვალს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ რუსეთისა და ბელარუსის ელექტროსისტემებთან კავშირი გაწყვიტეს, 9 თებერვალს კი ევროკავშირის ენერგოქსელს დაუკავშირდნენ. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის ენერგობაზარს პოლონეთის გავლით შეუერთდნენ.
„ბალტიის ქვეყნების ევროკავშირის ელექტროქსელში სინქრონიზაცია ფლაგმანი პროექტია, რომელსაც ევროკომისია ბოლო 15 წლის განმავლობაში უპრეცედენტო პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ეს მოიცავს 1.23 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტს ევროკავშირის Connecting Europe Facility-დან, რომელიც საინვესტიციო თანხის 75%-ს შეადგენს, ასევე შემდგომ ინვესტიციებს, რომლებიც დაფინანსებულია Recovery and Resilience Facility-ის ფარგლებში, ლატვიასა და ლიეტუვაში ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად“, – ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.
ამ ისტორიული ფაქტის აღსანიშნად ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. „დღეს ისტორია იწერება. ეს არის თავისუფლება, თავისუფლება მუქარისგან, თავისუფლება შანტაჟისაგან“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ღონისძიებას დაესწრო პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა, რომელმაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ნაბიჯისთვის შეაქო და განაცხადა, რომ მათი ევროკავშირის ელექტროქსელთან დაკავშირება რეგიონს უფრო „უსაფრთხოსა და მდგრადს“ გახდის.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ბოლო სამი წევრი სახელმწიფო იყო, რომელთა ელექტროქსელები ჯერ კიდევ სრულად რუსეთისა და ბელარუსის სისტემაში ფუნქციონირებდა, სადაც ელექტროენერგიის სიხშირეს, ცენტრალიზებულად, რუსეთი აკონტროლებდა, რაც მათ დაუცველს ტოვებდა. ევროკავშირის ქსელთან დაკავშირება მათ საშუალებას აძლევს, რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას თავი საბოლოოდ დააღწიონ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გეგმის განსახორციელებლად მთლიანობაში 1.6 მილიარდი ევრო დაიხარჯა.
ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ რუსეთისა და ბელარუსის ელექტროსისტემებთან კავშირის გაწყვეტაზე მუშაობა ჯერ კიდე 2007 წელს დაიწყეს. 2022 წელს კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამივე სახელმწიფომ ოკუპანტი ქვეყნისგან ელექტროენერგიის შესყიდვაზე უარი განაცხადა, თუმცა Brell-ის სახელწოდებით ცნობილ ქსელთან კავშირმა, ენერგეტიკული ნაკადის მისაღებად, ისინი მოსკოვზე დამოკიდებული დატოვა.
შეგახსენებთ, ბოლო 18 თვის განმავლობაში ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი 11 კაბელი დაზიანდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნებისთვის უსაფრთხო ენერგოკავშირები. მით უფრო, რომ უკანასკნელ საქმეში, ფინეთის ყურეში ესტონეთის მთავარი ენერგეტიკული კაბელის დაზიანებაში, ბრალი ედება გემს, რომელიც რუსეთის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის. კრემლმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.