◆ გაჟონილი დოკუმენტიდან ცხადი ხდება რუსეთის შიშები ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მიმართ ◆ სტრატეგიული დოკუმენტი უნიკალურ ხედვას გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამს თავად რუსეთი უკრაინის ომის გავლენას საკუთარ მოკავშირეებზე ◆ შიდა პრეზენტაცია, რომელიც 2024 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ხელმძღვანელობით სტრატეგიულ სესიაზე იყო ნაჩვენები, Financial Times-მა მოიპოვა
რუსი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის წნეხი მოსკოვს ხელს უშლის, პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსული ორბიტისკენ მიიზიდოს და გლობალურ სამხრეთთან ეკონომიკური კავშირები დაამყაროს — წერს Financial Times გაჟონილ რუსულ სამთავრობო დოკუმენტზე დაყრდნობით.
როგორც ჩანს, კრემლი აღიარებს, რომ დასავლურმა სანქციებმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ რუსეთსა და მის უახლოეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ბზარი გააჩინა. ეს ანგარიში რუსეთის მთავრობის რამდენიმე ათეული მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელისა და მსხვილი სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებისთვის იყო განკუთვნილი. შეხვედრას ესწრებოდნენ გავლენიანი ექსპერტები, როგორიცაა, სერგეი კარაგანოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდებდა, და ალექსანდრ დუგინი, რომელიც უკრაინელების წინააღმდეგ რადიკალური ძალადობის მომხრეა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსკოვის ამბიციაა, გლობალურ ვაჭრობაში ისევ ანგარიშგასაწევ მოთამაშედ დაბრუნდეს, რუსეთი ევრაზიული სავაჭრო ბლოკის ცენტრად აქციოს და აშშ-ს, ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკურ გავლენას წინააღმდეგობა გაუწიოს.
დოკუმენტი რუსეთის ამ ახალ “მაკრორეგიონს” გრძელვადიან პროექტად წარმოადგენს, რომელიც დასავლეთთან უკრაინის მომავლის შესახებ ნებისმიერი პოტენციურ მოლაპარაკებებზე დიდხანს გასტანს და გლობალურ არენაზე რუსეთის პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი ბლოკი რუსეთს გლობალურ სამხრეთთან დააკავშირებს, ხელს შეუწყობს ფინანსური და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას და შექმნის ერთიან “მსოფლმხედველობას”, სადაც “ახალი მსოფლიო წესებს ჩვენ ვწერთ და საკუთარი სანქციების პოლიტიკა გვაქვს”.
დოკუმენტი აღიარებს, რომ რუსეთისთვის არსებული დაბრკოლებები მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ანგარიშის მიხედვით, დასავლურმა ქვეყნებმა ცენტრალური აზიის ქვეყნების დაშინება და გადაბირება წარმატებით მოახერხეს “დაშინება-დაჯილდოების” მეთოდით, სანქციების მუქარისა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შეთავაზების გზით.
რუსეთის მოკავშირეები, თავის მხრივ, სანქციებისგან სარგებელს იღებენ: რუსული ბიზნესების გაძევებით, იმპორტ-ექსპორტის კონტროლით და წარმოების რუსეთიდან გადატანით. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან სანქციების დარღვევის რისკის დასაზღვევად დამატებით საკომისიოს ითხოვენ.
რუსეთმა “გრძელვადიანი თამაშით” უნდა იმოქმედოს, რათა ცენტრალური აზიის ქვეყნები თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს, აცხადებენ ანგარიშის ავტორები. FT-ის მიხედვით, ეს გულისხმობს საერთო ისტორიაზე აპელირებას და ასევე იმის გაცნობიერებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის გამარჯვება დასავლეთისგან სანქციების წნეხის შემსუბუქებისთვის საკმარისი არ იქნება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები სარგებლობენ რუსეთის “დაუცველობით” და დამოუკიდებლად ინტეგრაციას ცდილობენ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია ამ სახელმწიფოებმა “მსოფლმხედველობა შეცვალეს”, ისტორია ხელახლა გადააფასეს, ინგლისური მეორე ენად დანერგეს, ელიტის წარმომადგენლები კი დასავლურ უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას.
ქვეყნებმა “გაცნობიერებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ რუსეთთან დაკავშირებით”, – წერია ანგარიშში დეტალების დაზუსტების გარეშე. აღნიშნულია, რომ ყაზახეთმა, რეგიონის ყველაზე დიდმა ეკონომიკამ, უკრაინაში შეჭრა დაგმო, აღებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიად არ ცნო და დასავლურ სანქციებთან შესაბამისობისათვის ნაბიჯები გადადგა. საპირისპიროდ, ყირგიზეთი სრულად რუსეთთან დარჩა და სავარაუდო სანქციების გვერდის ავლისთვის მთავარ მარშრუტად იქცა.
ანგარიშში ბელარუსი წარმატებულ მაგალითად არის წარმოდგენილი. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკა რომელმაც 2018 წელს რუსეთისგან ეკონომიკური დისტანცირების შესახებ გამოაცხადა, ექვსი წლის შემდეგ ამბობს, რომ “ბელარუსი ყოველთვის რუსეთთან იქნება”.
მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რომელიც ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს, კვლავ “სისტემურ პრობლემებს” აწყდება. მათ შორის არის სანქციების რისკები, განსხვავებულ საგადასახადო სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები და ვალუტის სიმყარესთან დაკავშირებული გამოწვევები.
FT მიშუსტინის პრესსპიკერს დაუკავშირდა, თუმცა ის კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.