რუსეთის უკრაინული ენდშპილი

რუსეთის უკრაინული ენდშპილი

მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ამ წერილის დაწერიდან მის გამოქვეყნებამდე მიმდინარე პროცესების შესახებ გაკეთებული ნებისმიერი დასკვნა შეიძლება უკვე მოძველებული აღმოჩნდეს. ამიტომ, შევეცდები ყურაღება ისეთ საკითხებზე გავამახვილო, რაც ჟურნალის ამ ნომრის დაბეჭდვის შემდეგაც შეინარჩუნებს აქტუალობას.

მაშ ასე, რა მოხდა უკრაინაში?

მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა დაანონსებულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე. რეალისტი დამკვირვებლებისთვის არც მანამდე წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ, მიუხედავად პროდასავლური რიტორიკისა, იანუკოვიჩის მიზანი ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება იყო. შესაბამისად, მისი დეკლარირებული მიზნები იმთავითვე სკეფსისს იწვევდა. მიუხედავად ამისა, დასავლურ კურსზე უარი მაინც მოულოდნელად ტლანქი ფორმით დაფიქსირდა, რამაც საპროტესტო აქციების გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვა მოტყუებულ უკრაინელებს.

შემდეგ იყო მკაცრი უკრაინული ზამთარი, რომლის მანძილზეც უკრაინელებმა მსოფლიოს გამძლეობისა და გამბედაობის მაგალითი აჩვენეს. ისინი ვერ გატეხა ვერც “ბერკუტის” დარბევებმა და ვერც 25-გრადუსიანმა ყინვამ. მათ უკან არ დაიხიეს მაშინაც, როცა სნაიპერებმა მაიდანზე შეკრებილი პროტესტანტების განურჩევლად ხოცვა დაიწყეს, რასაც ასამდე ადამიანის, მათ შორის ჩვენი თანამემამულეების, სიცოცხლე შეეწირა (ქართველებმა კი პირდაპირ ეთერში იხილეს, თუ რას ნიშნავდა სინამდვილეში “ქუჩებში ჩაცხრილული ასობით ვაჟკაცი”).

საბოლოოდ, უკრაინაში გაიმარჯვა თავისუფლებისთვის მებრძოლმა ხალხმა. რუსეთი კი დამარცხდა. დამარცხდა არა კონკრეტულად რუსული ვექტორის მხარდამჭერი ხელისუფლება ან რუსეთის მიერ თავსმოხვეული “ევრაზიული კავშირი”, არამედ რუსეთი, როგორც იდეა. დამარცხდა ქვეყანა, რომელიც არავის უყვარს. ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად ყველა მეზობელს სძულს გასაგები, საპატიო, ადამიანური მიზეზების გამო.

პასუხმა არ დააყოვნა: 11 მარტს ყირიმის უმაღლესმა რადამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 16 მარტს გაიმართა რეფერენდუმი ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით. მომდევნო დღესვე რუსეთმა აღიარა ყირიმის დამოუკიდებლობა. 21 მარტს რუსეთის დუმა უკვე ყირიმის ფედერაციასთან მიერთების საკითხს განიხილავს და, სავარაუდოდ, “დააკმაყოფილებს”. ამასობაში, რუსული ჯარი გასცდა ყირიმს და ნელ-ნელა აფართოებს ოკუპირებულ ზონას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

ამრიგად, რუსეთი ცდილობს ცალმხრივად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული საზღვრები და მსოფლიო წესრიგი. ჯერჯერობით მას ეს გამოსდის. ის მოქმედებს იმავე სცენარით, რომელსაც წარმატებით იყენებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში 20 წლის მანძილზე. მეტი დამაჯერებლობისთვის, რუსული გეგმა ყოველთვის სტადიებად ხორციელდებოდა. თითოეულ სტადიას თან ახლდა გულისამაჩუყებელი პროპაგანდა “ჩაგრული” ადგილობრივებისა და ფაშისტური მეტროპოლიის შესახებ (ნარატივი, რომელსაც ხშირად მეტროპოლიებში მცხოვრები “სასარგებლო იდიოტებიც” იტაცებდნენ), დამოუკიდებლობის მოთხოვნა, როგორც უკიდურესი აუცილებლობით ნაკარნახევი გამოსავალი, რუსეთის მიპატიჟება “ხალხის” მიერ, დაბოლოს, კეთილშობილი მეზობლის უანგარო ინტერვენცია… ოღონდ, თუ საქართველოს შემთხვევაში, დროითი და გეოგრაფიული ფაქტორების გამო, რუსეთის გეგმების განხორციელება აუჩქარებლად იყო შესაძლებელი (ისე, რომ აფხაზი და ოსი მეომარ მხარედ წარმოჩენილიყო, ხოლო რუსი – მშვიდობისმყოფელად), უკრაინის შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობის გამოფხიზლება აიძულებს რუსეთს ეს ფორმალურ-პროპაგანდისტული სტადიები დაჩქარებული წესით, წლების ნაცვლად კვირებსა და დღეებში გაიაროს.

რა უნდა დაუპირისპიროს ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთს?

ამოსავალი წერტილი დიაგნოზის დასმაა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობა სწორი დიაგნოზის საფუძველზე გადახედავს რუსეთთან ურთიერთობის დოქტრინას, გახდება შესაძლებელი ეფექტიანი მიდგომების გამონახვა არსებული პრობლემის გადასაჭრელად. შეუძლებელია კონფლიქტში გამარჯვება, თუ კონფლიქტის არსებობას არ ვაღიარებთ. შესაბამისად, პირველი, რაც დასავლეთმა ღიად უნდა განაცხადოს, არის ის, რომ ცივი ომი დაბრუნდა. დასავლეთს აღარ შეუძლია გააგრძელოს თავის მოკატუნება და მტკიცება, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი ან, უარეს შემთხვევაში, მოუხეშავი მეტოქეა. უნდა დაფიქსირდეს, რომ ბოროტების იმპერიის ნგრევა არ დასრულებულა (რაზეც დასავლეთი ჯიუტად თვალს ხუჭავდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ). პოსტსაბჭოთა რუსეთი არაა ჩვეულებრივი სახელმწიფო, რომელსაც ხანდახან რაღაცები ეშლება და რომელიც ხანდახან “ცუდად იქცევა”. რუსეთი რევანშისტული იდეაფიქსით შეპყრობილი აგრესიული სახელმწიფო-რეციდივისტია. რუსეთი არაა საბჭოთა კავშირი (რითაც ხშირად თავს იმშვიდებდა დასავლეთი), მაგრამ მას აქვს ამბიცია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს რეინკარნირებული საბჭოთა კავშირი.

მეორე, რაც დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, არის ის, რომ პუტინი უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე დიდი საერთაშორისო დამნაშავეა. მის “აქტივშია” ჩეჩნეთის გენოციდი, ბესლანისა და ნორდ-ოსტის ტრაგედიები, ტერორისტული აქტები რუსეთში (მოსკოვი, ბუინაკსკი, ვოლგოდონსკი) და სხვა ქვეყნებში (ლიტვინენკო – ინგლისში, ჩეჩნეთის ექსპრეზიდენტი იანდარბიევი – ყატარში), საქართველოს და ახლა უკვე უკრაინის ოკუპაცია. პუტინი იყენებს ზუსტად იმ ტაქტიკას, რომელსაც იყენებდა ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის წინ. მისი გაცხადებული მოტივაციაც (იმპერიის ნგრევის შედეგად სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებად ქცეული თანამემამულეების დაცვა) პრაქტიკულად იდენტურია. მიუხედავად ამისა, პრობლემა პუტინში არაა. პუტინი მხოლოდ განასახიერებს გადაუწყვეტელი ემოციებით დამძიმებულ იმპერიულ ეგოს, მაგრამ არ განსაზღვრავს მას. პრობლემა რუსეთის იმპერიაა, რომელიც განაგრძობს არსებობას ნახევრად დაშლილი ფორმით.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ნებისმიერი სანქციის მიზანი და სასურველი შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ რუსეთის კონკრეტული ქმედების განეიტრალება (მაგალითად, ყირიმის დეოკუპაცია), არამედ რუსეთისა და მისი modus operandi-ს ტოტალური, შინაგანი ტრანსფორმაცია. არასწორია სანქციების ახსნა რუსეთის შემდგომი მოქმედებების შიშით (“თუ ახლა უკრაინაში არ შევაჩერეთ, რუსეთი ხვალ უარესს იზამს”). უკრაინა (როგორც მანამდე საქართველო), თავისთავად, უკვე საკმარისი საფუძველია მოქმედებისთვის, ისევე, როგორც ერაყის მიერ ქუვეითის ანექსია იყო საკმარისი საერთაშორისო კოალიციის მობილიზებისთვის. თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, თუ ყირიმის კრიზისი ცხელი ომის ფაზაში არ გადაიზარდა ან თუ რუსეთმა ყირიმის მიღმა ტერიტორიები დატოვა. ეს მხოლოდ გადაავადებს ძირითად კონფლიქტს, რომელიც ნებისმიერი თვალსაზრისით გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება მსოფლიო თანამეგობრობას.

სამწუხაროდ, დღეს დასავლეთს არ ჰყავს ვიზიონერი, იდეალისტი ლიდერები, რომლებიც ამგვარ გაბედულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. დასავლეთის მთავარი მინუსი პროცედურული დემოკრატიის ჭაობში ჩაფლული უსახური, უხერხემლო ჩინოვნიკები არიან, რომლებსაც უზენაესი ირონიის ძალით დასავლური ცივილიზაციის ბედ-იღბალი აბარიათ. აქამდე ისინი იმჩნევდნენ და ებრძოდნენ მხოლოდ კონკრეტულ, მათთვის უხერხულ სიმპტომებს და არა ამ სიმპტომების გამომწვევ მიზეზებს. მიზეზებთან ბრძოლა საარჩევნო ციკლში ვერ ესწრება ან მოკლევადიან პერსპექტივაში კონტრპროდუქტიულია. ამდენად, არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსულდგმულე ბიუროკრატები, როგორც წესი, მარცხდებიან დიქტატორებთან და მათ მიერ ხელდასხმულ რეჟიმებთან, რომლებსაც მხოლოდ ის მოეთხოვებათ, თავიანთ პრობლემებზე საუბრით აშკარა მორალური დისკომფორტი არ შეუქმნან დასავლეთს… მიუხედავად ამისა, უკვე არის პირველი ნიშნები იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროში პუტინის რუსეთის მიმართ კონსენსუსი ყალიბდება. დღეის მდგომარეობით, დასავლეთის მიერ მიღებული ზომები არც საკმარისია და არც სათანადოდ მკაცრი. მაგრამ მთავარია, რომ დასავლეთი იღვიძებს და ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.

სად იყო ამასობაში საქართველო?

საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, მიუხედავად მათ შორის თითქოს არსებული იდეოლოგიური თუ ღირებულებითი სხვაობებისა, უკრაინის შესახებ შესაშურ უნისონში საუბრობდნენ. ისინი ერთხმად მოუწოდებდნენ უკრაინელებს არ დაეჯერებინათ სააკაშვილისთვის (რომელიც, თავის მხრივ, უკრაინელებს არდანებებისა და რუსეთთან ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებდა), ამტკიცებდნენ, რომ კრიზისი არ სცდებოდა კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, გვარწმუნებდნენ, რომ არ ღირდა უკრაინული მოვლენების ზედმეტი რომანტიზება და უხვად გვამარაგებდნენ ტექსტებით, რომლებსაც სიამოვნებით ციტირებდნენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები. ამ ფონზეც კი, მოულოდნელი იყო მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომელმაც პარალელი გაავლო ყირიმის აღიარებასა და კოსოვოს შორის და განაცხადა, რომ ეს პროცესი დასავლეთმა დაიწყო, რითიც სიტყვასიტყვით გაიმეორა კრემლის პროპაგანდისტული მესიჯი.

აღსანიშნავია, რომ არც რევოლუციის მიმდინარეობისას (ნოემბრიდან თებერვლამდე) და არც ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებიდან კიევში არავინ ჩასულა. მეტიც, ხელისუფლებას არანაირი პატივი არ მიუგია ევრომაიდნის ქართველი გმირებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. პრაგმატიზმზე რომ არაფერი ვთქვათ, ამგვარი საქციელი ხაზგასმული უმადურობაა იმ ერის მიმართ, რომელიც საქართველოს გვერდით იდგა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე წარმოებულ ყველა ომში – ხალხისა, რომლის პრეზიდენტიც 2008 წელს საკუთარი სხეულით იცავდა ქვეყანას რუსული ბომბებისაგან და რომელსაც მადლობა მისი აბანოს ანგარიშის გამოძიებით გადაუხადეს…

რით შეიძლება აიხსნას საქართველოს ხელისუფლების პასიურობა?

არადამაჯერებელია მაამებლური პოლიტიკის “არაკონფრონტაციული და აკადემიური სტილით” ახსნა. არაკრედიბილურია “აკადემიურობა” ხელისუფლებისა, რომლის წარმომადგენლებს ID ბარათებში ჩაბუდებული მხეცის ნიშნის ეშინიათ, მაგრამ “მშიშარას” ეძახიან ყოფილ მთავარსარდალს, რომელიც ომის დროს ფრონტის ხაზზე იდგა. კომიკურია საუბარი იმ ხელისუფლების “აკადემიურობაზე”, რომლის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ყოფილი პირველი ლედი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა, მაგრამ ვერ იჯერებენ, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს… ამდენად, რაციონალურ სამყაროში ამ კითხვაზე მხოლოდ ორი შესაძლო პასუხი არსებობს: ან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები განსაზღვრავენ (რომლებიც კოლაბორაციონიზმს “სტრატეგიულ მოთმინებად” ასაღებენ), ან ხელისუფლება უბრალოდ უუნაროა, უკრაინას საკუთარი მხარდაჭერა დაანახოს.

რას ნიშნავს უკრაინის მოვლენები საქართველოსთვის?

საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინის მოვლენები საქართველოზე ცალსახად დადებითად აისახება. ამის საპირწონედ, სერიოზულ პრობლემებს უნდა ველოდოთ საშინაო კუთხით.

საგარეო ფრონტზე შეიცვალა ის, რომ რუსეთს ჩვენთვის არ სცალია, მას გაცილებით დიდი პრობლემა აქვს საჩქაროდ გადასაჭრელი. ამასთანავე, დასავლეთმა დაიწყო გაცნობიერება, რომ საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია თავად მის ინტერესებსაც პასუხობს. შესაბამისად, ევროატლანტიკური ინტეგრაციული პროცესები აუცილებლად დაჩქარდება – თუ რამდენად, ეს უახლოეს თვეებში გამოჩნდება. პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების საპირისპირო ძალისხმევისა, საქართველო ისევ ხდება რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების საგანი და ეს საქართველოსთვის ცალსახად კარგია.

რაც შეეხება უკრაინის კრიზისის შიდაპოლიტიკურ რამიფიკაციებს: კრიზისის მასშტაბებიდან გამომდინარე, დასავლეთს რესურსი აღარ რჩება “წვრილმანებისთვის” ყურადღების მისაქცევად, რაც ხელ-ფეხს უხსნის “ქართულ ოცნებას” და ხელსაყრელ ფანჯარას ქმნის ქვეყნის შიგნით “შავი საქმეების” გასაკეთებლად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნომინალური ლიდერის ამერიკულ ტურნეს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია (გარდა დელეგაციის წევრების მიერ გადაღებული სამახსოვრო ფოტოებისა და პრეზიდენტ ობამასთვის ხელის ჩამორთმევით განცდილი აღმაფრენისა), ხელისუფლება შეგულიანებულია აშშ-ის მხარდაჭერით და ამას არა საქართველოს, არამედ საკუთარი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერად აღიქვამს. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება შიდაპოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ფაქტები რეალურად პროდასავლური ძალების წინააღმდეგ, ხოლო თვითნებობა და უკანონობა უკვე რუტინულ ხასიათს ატარებს. თუ ხელისუფლებამ მოახერხა პროდასავლური ძალების ინკაპაცირება (რისი მცდელობაც აშკარაა), მაშინ იზრდება საფრთხე, რომ საჭირო მომენტში საქართველოც უარს იტყვის დასავლურ არჩევანზე, როგორც ეს გააკეთა იანუკოვიჩმა უკრაინაში. უკრაინისგან განსხვავებით, არჩევანის მომენტი საქართველოსთვის ჯერ არ დამდგარა, რაც ნიშნავს, რომ მთავარი განსაცდელიც წინაა.

ამასობაში, რუსეთ-დასავლეთის კრიზისი დღითი დღე მწვავდება. და მიუხედავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, პროგნოზი ოპტიმისტურია: ძნელია ითქვას, კიდევ რამდენ სვლას გააკეთებენ მოთამაშეები, მაგრამ არანაირ ეჭვს არ იწვევს ამ პარტიაში დასავლეთის მიერ რუსეთის საბოლოო დაშამათება. საკითხავი მხოლოდ ისაა, რაოდენ დროულად აღიარებს რუსეთი დამარცხებას და რამდენად ხელსაყრელი პირობებით დაზავდება იგი დასავლეთთან.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)