რუსეთისა და უკრაინის შავი ზღვის შეთანხმება | დეტალები

რუსეთისა და უკრაინის შავი ზღვის შეთანხმება | დეტალები

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთმა და უკრაინამ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიღწევა დაადასტურა უკრაინამ, სამშაბათს საღამოს კი კომენტარი რუსულმა მხარემაც გააკეთა. გარიგება, ცეცხლის შეწყვეტის გარდა, მოიცავს აშშ-ის მხრიდან რუსეთის ხელშეწყობას მარცვლეულისა და სასუქების გლობალურ ბაზარზე წვდომის გაზრდაში.

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა „უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენებისა და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღმოფხვრაზე“ შეთანხმდნენ. მხარეებმა შეთანხმებას საუდის არაბეთში გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს.

თეთრი სახლის განცხადებითვე, შეერთებული შტატები დათანხმდა პირობას, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზარზე რუსეთის წვდომის აღდგენას ითავლისწინებს. შეთანხმების პირობებით, აშშ რუსეთს საზღვაო დაზღვევის ხარჯების შემცირებასა და პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომის გაზრდაშიც დაეხმარება.

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე დაეხმარება ორივე ქვეყანას, შეიმუშაონ ზომები, რომლებიც ადრე მიღწეულ შეთანხმებას, ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სისრულეში მოიყვანს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა შეთანხმების შესახებ განცხადება პლატფორმა X-ზე გააკეთა: „უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა რიადში ორმხრივი ტექნიკური კონსულტაციები გამართეს, რომლებიც ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე, შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციაზე  და ჩვენი პატიმრებისა და ბავშვების გათავისუფლებასა და დაბრუნებაზე იყო ფოკუსირებული. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად და ჩვენი პოზიცია რჩება გულწრფელი, გამჭვირვალე და ურყევი“.

რეზნიკოვი პლატფორაზე შეთანხმების მთავარ საკითხებსაც აქვეყნებს:

  1. ყველა მხარე შეთანხმდა შავ ზღვაში ძალის გამოყენებისა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღმოფხვრაზე, ასევე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე.
  2. ყველა მხარე შეთანხმდა, შეიმუშაონ ზომები უკრაინასა და რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შესაჩერებლად.
  3. ყველა მხარე მიესალმება მესამე ქვეყნის სასიკეთო ჩართულობას ენერგეტიკისა და საზღვაო ხელშეკრულებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
  4. ყველა მხარე აგრძელებს თანამშრომლობას გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.
  5. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა უკრაინის მხარდასაჭერად სამხედრო ტყვეების გაცვლის, მშვიდობიანი პატიმრების გათავისუფლებისა და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.

თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრის გაფრთხილებით, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის გარეთ რუსეთის სამხედრო გემების ყველა სახის გადაადგილება შეთანხმების დარღვევად და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ შეფასდება.

შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე გუშინ კომენტარი რუსულმა მხარემაც გააკეთა. კრემლის განცხადებით, თეთრი სახლის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას შავ ზღვაში ძალის გამოყენების შეწყვეტის შესახებ რუსეთი მხოლოდ მაშინ შეასრულებს, როდესაც  გაუქმდება უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები მის ბანკებსა და ექსპორტზე.

კრემლის მოთხოვნები მოიცავს სანქციების გაუქმებას მის სასოფლო-სამეურნეო ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ სურსათის ექსპორტში და ასევე, წვდომის აღდგენას აშშ-ის მიერ კონტროლირებად საერთაშორისო გადახდების SWIFT სისტემასთან.