რუსეთმა Amnesty International-ს ქვეყანაში ფუნქციონირება აუკრძალა

რუსეთმა Amnesty International-ს ქვეყანაში ფუნქციონირება აუკრძალა

რუსეთმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ს ქვეყანაში ფუნქციონირება აუკრძალა და „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის მიზეზი ორგანიზაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის ბრალდებაა. ორგანიზაციის განცხადებით, აკრძალვის საპასუხოდ ის რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამომჟღავნების ძალისხმევას გააორმაგებს.

შეგახსენებთ, რომ Amnesty International-ი 1961 წელს ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა დარღვევებს თვალყურს ადევნებს და კამპანიებს აწარმოებს მათ შორის იმ პირთა სახელით, რომელთაც ორგანიზაცია სინდისის პატიმრებად მიიჩნევს.

რუსეთის გენერალური პროკურორის განმარტებით, Amnesty International-ის ლონდონის ოფისი გლობალური რუსოფობიული პროექტების დაგეგმვისა და მომზადების ცენტრი გახლდათ. გარდა ამისა, რუსეთის გენპროკურორმა ორგანიზაცია რუსეთთან ომში უკრაინის ადვოკატირებაში დაადანაშაულა. მისი განმარტებით, ორგანიზაციამ „ყველაფერი გააკეთა რეგიონში სამხედრო კონფრონტაციის გაძლიერებისათვის“ იმის პარალელურად, რომ უკრაინის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ამართლებდა და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას მოითხოვდა.

„თუკი კრემლი ფუნქციონირებას გიკრძალავს, ესე იგი, სწორ საქმეს აკეთებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების იზოლირების ძალისხმევის მორიგი წარმატებული მცდელობაა,“ – განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარდმა.

რუსეთის მთავრობა მსგავსი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ქვეყანაში რეგულარულად კრძალავს. „არასასურველ“ ორგანიზაციაში მუშაობის ან მისი დაფინანსებისთვის კი რუსეთის მოქალაქეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბოლოს რუსეთის გენერალურმა პროკურორმა „არასასურველ ორგანიზაციად“ Radio Free Europe/Radio Liberty და გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ი  გამოაცხადა.