ფოტო: Chris Ratcliffe/Bloomberg
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, აპლიკაციის დაბლოკვის შემდეგ, კრემლმა Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „როსიისკაია გაზეტას“ და პროსამთავრობო ტაბლოიდის, „კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციით, რუსეთი დუროვს „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას“ ედავება.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე (ფსბ) დაყრდნობით, აღნიშნული გამოცემები წერენ, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, Telegram-ი კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის 153,000-ზე მეტ შემთხვევაში იქნა გამოყენებული. მათ შორის, ამ პლატფორმას დაახლოებით 33,000 საბოტაჟთან, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან აკავშირებენ.
გამოცემების თანახმად, გამოძიება დუროვს რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმასა და არალეგალური კონტენტის მიწოდებაზე „როსკომნადზორის“ მოთხოვნის უგულებელყოფას ედავება.
„როსკომნადზორმა, არალეგალური კონტენტის ამოღების მოთხოვნით, დუროვის გუნდს 150,000-ზე მეტი მიმართვა გაუგზავნა. და რა მოხდა? ისინი ცინიკურად იქნა იგნორირებული“, – წერს „როსიისკაია გაზეტა“.
ფსბ-ს მტკიცებით, 2024 წლის მარტში Telegram-მა ხელი შეუწყო Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვას, რომლის შედეგადაც 145 ადამიანი დაიღუპა. რუსული მხარის გამოძიებით, აპლიკაციის საშუალებით დაგეგმილ დანაშაულებებს შორისაა ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას და გენერალ იგორ კირილოვის მკვლელობაც.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი პირველი აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით Telegram-ის სრულად დაბლოკვას დაიწყებს. აპლიკაციის გამოყენება კი კრემლმა, ქვეყნის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის მიზეზით, 10 თებერვლიდან შეზღუდა.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი პაველ დუროვის ქონებას 6.6 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. ამ მაჩვენებლით ის მილიარდერების რეიტინგში 615-ე ადგილს იკავებს.














