რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარი 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჰავაისა და იაპონიის სანაპირო ზოლს ცუნამის პირველმა ტალღებმა მიაღწია. ცუნამისთან დაკავშირებით გაფრთხილებები ძალაში რჩება ჩრდილოეთ კალიფორნიასა და წყნარი ოკეანის მიმდებარე ზოგიერთ ტერიტორიაზე.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთით, სანაპირო ქალაქ კუჯიში, თითქმის 60 სანტიმეტრის სიმაღლის ტალღები დააფიქსირეს, ხოლო საპორტო ქალაქ იშინომაკიში ტალღების სიმაღლემ 50 სანტიმეტრს მიაღწია.
ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოაწერა ხელი და სანაპიროსთან მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გადავიდნენ ქვეყნის შიგნით და მაღალმთიან ადგილებში…“.
აშშ-ის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა ცუნამის შესახებ გაფრთხილება ორეგონ-კალიფორნიის სანაპირო ზოლის გასწვრივ. ცუნამის შესახებ გაფრთხილება მოქმედებს აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს მთელ ტერიტორიაზე. „ცუნამი არის ტალღების სერია, რომელიც ჩვენს სანაპიროზე წყლის დიდ მასას მოიტანს. ეს არ იქნება ერთი ტალღა. ნუ შეეცდებით სანაპიროზე ფოტოების გადასაღებად წასვლას“, – ნათქვამია ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის გამაფრთხილებელ განცხადებაში.
რუსეთის სახელმწიფო მედია ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთ რეგიონში, კურილის კუნძულების ნაწილში ცუნამის ტალღებით გამოწვეული წყალდიდობის შესახებ იუწყება. შეგახსენებთ, ეს სადავო ტერიტორიაა. 2022 წელს იაპონიამ ოთხი კუნძული რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად აღიარა.