„ჩვენ შეგვიძლია, ათ წელიწადში, სომხეთის მშპ $13 მილიარდიდან $40-50 მილიარდამდე გავზარდოთ“
რუბენ ვარდანიანი.
რუბენ ვარდანიანმა, ეთნიკურად სომეხმა რუსეთში მოღვაწე მილიარდერმა, ინვესტორმა და Forbes-ის რეიტინგში რიგით 116-ემ, რუსულ გამოცემა RBC-თან ვრცლად ისაუბრა, თუ როგორი სომხეთი უნდა აშენდეს, ფენომენზე, რომელსაც სოციოლოგიური კვლევები ავლენს და საკუთარ მზაობაზე, იყოს ქვეყნის „დამლაგებელიც და ხელმძღვანელიც.“
სომხურ საზოგადოებაში გაბატონებული განწყობები
„პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ ომმა {საუბარია, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომზე} ძალიან სერიოზული და მძიმე კვალი დატოვა სომეხთა ცნობიერებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. აქ საუბარია იმის გააზრებასა და აღქმაზე, რომ დავმარცხდით. ამ კონტექსტში, 9 ნოემბერი {სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, აზერბაიჯანელი, სომეხი და რუსი ლიდერების მხრიდან} იყო ერთგვარი ცივი შხაპი, თუმცა მნიშვნელოვანი მოვლენა, იმის გასააზრებლად, თუ სად ვიმყოფებით ამჟამად. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა – არც ომი, არც მშვიდობა – რომელშიც ჩვენ საომარ მოქმედებებამდეც ვცხოვრობდით, სამწუხაროდ, შემდეგაც არ შეიცვალა. თითქოს, არსებობს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, ამავდროულად, რაღაც გაუგებარი ამბები ხდება. მესამე გახლავთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სომხური საზოგადოების შიგნით იყო მომწიფებული, მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, თანაც სხვადასხვა ფორმით. ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, მთელი სომხეთისთვის და ზოგადად, სომეხი საზოგადოებისთვის, რომელშიც, ჩემი აღქმით, საკმარისად სერიოზული ცვლილებები მოხდა. ვინაიდან საზოგადოებამ თქვა: „მოქმედმა ხელისუფლებამ წააგო. მოქმედი ხელისუფლება ბევრ წარმოქმნილ პრობლემაშია დამნაშავე. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ არ გვსურს უკან, წარსულში, რადგან ვთვლით, რომ ეს გვერდი უკვე გადავფურცლეთ“.
„ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბდა სამი ჯგუფი. პირველ ჯგუფს, სამწუხაროდ, ყველაფერში იმედი გაუცრუვდა და მომავლის რწმენა აქვს დაკარგული და შეიძლება ითქვას, სრულ დეპრესიაში იმყოფება. მეორე ჯგუფმა თქვა: „მე სახლში ჩავიკეტე, ერთგვარ გარსში, სადაც რეალობას ვარიდებ თავს და არაფრის გაგონება მსურს. და მესამე, არც ისე დიდი ჯგუფი, რომელმაც თქვა: „არა, ჩვენ გვსურს ცვლილებები. მოდით, გამოვიტანოთ დასკვნები, გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ არასწორად. საბოლოო ჯამში, მოდით, მშვიდად გავაანალიზოთ, გავიგოთ მიზეზები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომხდარი აღარ განმეორდეს“.
„გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ჩვენ რეგულარულად ვატარებთ გამოკითხვებს, საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით. უკვე მეოთხედ, ყოველკვარტალურად ვატარებთ კვლევას, რომ გავიგოთ, რა ხდება სომხურ საზოგადოებაში. როგორც შედეგი გვიჩვენებს, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, და არა მხოლოდ საომარი, არამედ ეკონომიკური და პანდემიურისა, ხალხის უმრავლესობა, ანუ, დაახლოებით 70%, უფრო მეტად კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით, ვიდრე – უკმაყოფილო. და ეს გახლავთ ფენომენი, რომლის წარმოდგენაც ძალიან რთული იქნებოდა, რადგან ვხედავთ, რომ ხალხი დიდ სიღარიბეში, ძალიან ცუდად ცხოვრობს. ეს საგანგაშო სიგნალია, რომ საზოგადოება მხოლოდ გადარჩენაზეა ორიენტირებული და ყოველ დღე ცხოვრობს მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ გადარჩეს. ეს საზოგადოების ისეთი მდგომარეობაა, საიდანაც მათი გამოყვანა არ არის მარტივი. ადამიანებმა შინაგანი „დრაივი“ დაკარგეს, რომ საერთოდ რამის შეცვლა შესაძლებელია“.
გამოსავალი ჩიხიდან
„ქვეყანა სისტემურად არ იცვლება. ამაზე ყველა თანხმდება. მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ? – ეს ყველაზე ბოლო შეკითხვაა, რომელსაც სვამენ. როგორი სომხეთი უნდა ავაშენოთ? შექმნილ სიტუაციაში როგორ უნდა გავხდეთ ძლიერები, მასშტაბურები, ბედნიერები, რომელთაც გრძელვადიანი პროექტები აქვთ? ამ თემებზე, პრაქტიკულად, საუბარი არ არის. და აქ ვაწყდებით სიღრმისეული დისკუსიების არ არსებობის კულტურას, იმაზე, თუ როგორ საზოგადოებას ვაშენებთ, როგორი ქვეყნის ხილვა გვსურს ერთ, ხუთ, ათ წელიწადში? მსგავსი განხილვების არ არსებობა, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა, რადგან ხალხს ორიენტირები უნდა ვუჩვენოთ“.
„არ გვაქვს სახელმწიფოებრივი ცნობიერება, რაც იმაში ვლინდება, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებაზე, მომავალზე გადაწყვეტილების მიღებისას, რიგ მნიშვნელოვან ფაქტორზე ორიენტირდება: რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ერისთვის და სახელმწიფოსთვის. დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო მეგობარია, პარტნიორია, ინსტიტუტია, რომელთანაც ვიმუშავებ და ვითანამშრომლებ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს და არა მხოლოდ სომხეთში. საბოლოო ჯამში, სომეხი ამბობს, რომ მას „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია ცხოვრება“. შესაბამისად, ჩვენ მართლაც უნიკალური ერი ვართ, რომელიც წარმატებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აღწევს, არა მხოლოდ სომხეთში. თუმცა, ეს დადებითთან ერთად, უარყოფითიც არის. რადგან, ადამიანი ამბობს, რომ „მე მარტივად გადავცხოვრდები სხვა ქვეყანაში, იქ ვადაპტირდები და ვიცხოვრებ“.
„დამოუკიდებლობის მიღებიდან 30 წელი გავიდა. ასობით წელი ვოცნებობდით სუვერენულ სომხეთზე. ჩვენ ის მივიღეთ. და როგორ განვკარგავთ ჩვენს სუვერენიტეტს? რამდენად შევძელით სუვერენული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ერისთვის მართლაც მნიშვნელოვანი მაგნიტია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ, განსხვავებულ სომხებს აერთიანებს? ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მარცხის შემდეგ, ორი ვარიანტი გაქვს, პირველი – ეგუები მარცხს, ან მეორე, ხვდები, რა უნდა გამოსწორდეს, თავიდან გაიწვრთნა, შეიცვალო, გაარკვიო რა რესურსები გჭირდება, იმისთვის, რომ გახდე ძლიერი და ძლევამოსილი, გონს მოეგო და თქვა: „ჩვენ გვსურს, ძლიერი სახელმწიფოს აშენება. გვსურს, ეფექტიანი ურთიერთგაგება შევქმნათ სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის. ეფექტური ურთიერთობის დამყარება გვსურს, სომხეთსა და დიასპორას შორის. გვინდა, ეფექტური ურთიერთობა დავამყაროთ ბიზნესსა და საზოგადოებას შორის. დავამყაროთ ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ხალხებს შორის, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულად უყურებენ საკითხებს, თუმცა ამავდროულად, მომავლის საერთო იდეა აერთიანებს“.
რუბენ ვარდანიანი და მისი რეალური ზრახვები
„რუბენ ვარდანიანი უკვე დაადანაშაულეს ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში. თქვეს, რომ მე ახალი ივანიშვილი ვარ სომხეთში, რომ სომხეთის სოროსი ვარ, რომ თურქეთის აგენტი ვარ. რა არ მოვისმინე ჩემ შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში. ყოველივე მოსალოდნელიც იყო, რადგან საზოგადოებაში ნეგატივი დაგროვდა, ყველაფრის მიმართ“.
„მთელი ეს წლები რუბენ ვარდანიანი მუდამ იყო სომხეთში. სამშობლოში ბიზნესი არ მაქვს, თუმცა მთელი 20 წელი, ანუ 2001 წლიდან, როდესაც „სომხეთი 2020“ პროექტი დავიწყეთ, ძალიან დიდ დროს ვატარებ იქ. საშუალოდ, 2-3 თვე, წელიწადში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სომხეთში ვითარების შესაცვლელად, რისიც ძალიან მჯერა, აუცილებელია, ქვეყანაში გადაცხოვრდეს ათი საუკეთესო ექიმი, ათი საუკეთესო მეცნიერი, ათი საუკეთესო ბიზნესმენი, ათი საუკეთესო დიზაინერი, ათი საუკეთესო არქიტექტორი. და თუკი სხვებს მოვუწოდებ ამისთვის, ცალსახაა, ეს მეც უნდა მეხებოდეს.
„დიახ, მე სომხეთის პოლიტიკაში მივდივარ. თუმცა, ეს ბევრად სხვაა, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური პარტია, ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილი. დღევანდელ მოცემულობაში ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილი, მხოლოდ ალოგიკურ ადამიანს ექნება. ვინაიდან, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რეალური მომავალიც საკმაოდ ბუნდოვანია. საზოგადოება დაქსაქსულია. ყოველივე ამის ფონზე, ქვეყნის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ძალიან გაბედულ და რისკიან ადამიანს შეუძლია“.
„თუკი ის ელიტა, რომელიც კონსოლიდირდება და ერთობლივად გადაწყვეტს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მე, ან სხვა იყოს, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილებაა შესაძლებელი, მე მზად ვარ, ვიყო ჩემი ქვეყნის მეწაღეც, დამლაგებელიც და ხელმძღვანელიც“.
„რუბენ ვარდანიანის მაქსიმალურ სარგებელს ვხედავ, ძველი, ახალი და მომავალი თაობების კონსოლიდაციაში. ნიშანდობლივია, რომ დღეს მომავალი თაობაც გულგრილად ზის“.
სამოქმედო გეგმა
„სწორი დიაგნოზი უნდა დავუსვათ მომხდარს. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩავატარეთ ძალიან სერიოზული სამუშაოები. ვიცით ჩვენი ყველა სუსტი წერტილის შესახებ. მეორე, აუცილებლად უნდა გავაერთიანოთ იმ ხალხთა ძალისხმევა, რომლებიც გულგრილები არ არიან და ცვლილებებისთვის მზად არიან. ამის შემდეგ, ერთობლივად შევადგინოთ პროგრამა, რომელიც მიგვიყვანს ცვლილებებისკენ და რეალურად მოგვცემს არსებული კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას“.
„ახლა მეორე ეტაპზე ვიმყოფებით. ის ძალიან მნიშვნელოვანია. მსურს, ხალხმა, რომელიც გულგრილი არ არის, რომელიც ჩემსავით გაწირავს საკუთარ კეთილდღეობას, საკუთარ ნორმალურ ცხოვრებას, თქვას: „მზად ვარ, გადმოვცხოვრდე სომხეთში. მზად ვარ, გვერდში დაგიდგეთ. მზად ვარ, ჯარში წავიდე და სომხეთი დავიცვა. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ სომხეთში მშვიდობა იყოს და ამავდროულად, ძლიერი უსაფრთხოება. ამის შემდეგ ჩვენ გავერთიანდებით და შევიმუშავებთ დღის წესრიგს“.
„უნდა გვქონდეს სამოქალაქო მოძრაობა. ის, რასაც Future Armenian-ის პროექტის ფარგლებში ვაკეთებთ, უკვე აერთიანებს 108,000 ადამიანს, 107 ქვეყნიდან, ძირითადად, სომხეთიდან. თუკი ეს რიცხვი 500,000-მდე, ან მილიონამდე გაიზრდება, მაშინ ეს იქნება საკმაოდ სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც იტყვის: „ეს არის დღის წესრიგი და ჩვენ ამ დღის წესრიგით გვსურს მოქმედება“.
„ჩვენ უკვე შევქმენით სტრატეგიული განვითარების ცენტრი, რომელიც კონკრეტული ცვლილებების პროგრამას შეიმუშავებს. უახლოეს მომავალში შეიქმნება ცენტრი, რომელიც დაკავშირებული იქნება სახელმწიფოს მართვის ცვლილებასთან და, ზოგადად, ყველაფერთან, რაც მომავალი ინსტიტუტების მართვას შეეხება. იქ იურისტების სპეციალური ჯგუფები მხოლოდ იმაზე მუშაობენ, თუ როგორ უნდა შეცვალონ. რადგან ეს, არც ისე ადვილია”.
„ეკონომიკურ სფეროში, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მშპ 13 მილიარდი დოლარიდან 40-50 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ, ათი წლის განმავლობაში, ყოველგვარი ფანტასტიკური სცენარების გარეშე, როგორიცაა ნავთობის აღმოჩენები და სხვა. უბრალოდ ეკონომიკის და მისი პროცესების სწორად აშენებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია მოვიზიდოთ 50 ათასი ოჯახი, რომლებიც ჩამოვლენ სომხეთში და ენერგიას და ცვლილებას შემატებენ იქ მცხოვრებ ძალიან ღირსეულ ადამიანებს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ძალიან ძლიერი ჯარი, რომელიც არა მხოლოდ დაიცავს ქვეყანას, არამედ ეკონომიკური ცვლილებების მამოძრავებელიც იქნება, რადგან ეს იქნება ტექნოლოგიურად სრულიად განსხვავებული არმია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სომხეთის პოზიციონირების სრულიად განსხვავებულ დონეს მსოფლიოში“.