რუსეთში ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავალი უკრაინაში ომის წამოწყებამდე არსებულ მაჩვენებელზე მაინც მაღალია. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში, შემოსავალი 11.3 მილიარდს გაუტოლდა, რაც ომამდე დაფიქსირებულ თვიურ მაჩვენებლებს შორის ყველაზე მაღალი იყო. რასაკვირველია, ეს დასავლური სანქციების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
ერთი წლის წინ G7-ის ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე 60-დოლარიანი ფასის ჭერი დააწესეს, თუმცა 2023 წლის 12 თვის საშუალო ფასი დაწესებულზე 24 დოლარით მაღალი იყო. შეზღუდვის მაგივრად, ამან ხელი შეუწყო მოგებიან ვაჭრობას იმ მოვაჭრეებისა და გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომელთა კვალში ჩადგომაც ძალზე რთულია. Bloomberg-ის მონაცემებით, რუსული ნავთობის გადაზიდვის პროცესში 11 მილიარდი დოლარი უჩინარდება.
ფასის ჭერის მიზანი იყო კომპანიების შეზღუდვა, რათა მათ რუსეთისთვის გადაზიდვისა და სადაზღვევო სერვისები ვერ შეეთავაზებინათ, თუ ნავთობი 60 დოლარზე მაღალ ფასად გაიყიდებოდა.
ამავდროულად, ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსეთიდან იმპორტი, რითაც მოსკოვს აიძულა, ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე გადართულიყო.
Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ სანქციების თანამდევი ეფექტი ფინანსური არქიტექტურისა და საზღვაო ვაჭრობის გარდაქმნაა, რისი შეცვლაც უკრაინაში ომის დასრულებისა და სანქციების მოხსნის შემდეგაც კი შეიძლება ვერ მოხერხდეს. ჩრდილოვანმა ვაჭრობამ რუსული ომის მანქანის დაფინანსება გახადა შესაძლებელი.
„ჩრდილოვანი ფლოტისა და დასავლური საზღვაო სადაზღვევო სერვისების ალტერნატივების გამოყენება სიახლე არაა. ირანი ამას წლებია, აკეთებს. რუსეთმა კი ეს უფრო ფართომასშტაბიანი გახადა და არშეზღუდვის შემთხვევაში, ნავთობით საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურული ელემენტიც შეიძლება გახდეს“, – ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგიის პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი ედი ფიშმენი.
მიუხედავად დასავლეთის გარკვეული მცდელობებისა, საბერძნეთში, რომელიც ყველაზე მეტ ტანკერს ფლობს მსოფლიოში, ამბობენ, რომ ჩრდილოვანი ვაჭრობა არა მათ ნაპირებთან, არამედ საერთაშორისო ზონაში მიმდინარეობს და, შესაბამისად, აქტივობას ვერ ზღუდავენ.
განსხვავებით საბერძნეთისგან, რომლის ხომალდებმაც 2023 წელს თავად რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი რუსული ნავთობი გადაზიდა, ჩრდილოვანი ვაჭრობის შეზღუდვა მოახერხა ესპანეთმა. ბერძნულ გემებზე მოდიოდა Urals-ის გადაზიდვების თითქმის მესამედი.
გაურკვეველია, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO), რომელიც გადაზიდვებს მეთვალყურეობს, განაცხადეს, რომ ნავთობის ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტის უკანონო საქმიანობა „სერიოზულად შემაშფოთებელია“ გარემოს უსაფრთხოებისთვის და ქვეყნებს მისი გლობალური შეზღუდვისკენ მოუწოდა. IMO-ის თანახმად, ამგვარი ვაჭრობის დროს ინციდენტის საფრთხე ბევრად უფრო დიდია.
პროცესში ჩართული გემის მფლობელები და მოვაჭრეები რუსეთს ეხმარებიან, გვერდი აუაროს სანქციებს, რომელთა თავდაპირველი მიზანიც საერთაშორისო მნიშვნელობის სავაჭრო საქონელზე ფასის ჭერის განსაზღვრა იყო. ადგილობრივი და ჩრდილოვანი ფლოტით რუსული ნავთობის 70% გადაიზიდა გასული წლის ცხრა თვეში, რამაც ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ექსპორტზე კონტროლი შეენარჩუნებინა და ფასები პროგრესულად გაეზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს ინდოეთის მიერ ბარელ რუსულ ნავთობზე გადახდილი თანხა 72 დოლარს შეადგენდა, რაც, კიევის ეკონომიკური სკოლის (KSE) თანახმად, 12 დოლარით მეტია საექსპორტოდ განსაზღვრულ ფასზე. იმის გათვალისწინებით, რომ დღიური ექსპორტი 3.5 მილიონ ბარელს შეადგენდა, KSE-ის გამოთვლით, გადაზიდვისას 11 მილიარდი დოლარის საქონელი ხვდება ანონიმურად მოვაჭრეებისა და ამოუცნობი გადამზიდი კომპანიების ხელში.
მაგალითისთვის, რუსული Lukoil PJSC-ის გამოკლებით, რუსული ნავთობის ახალი ტოპ-5 შემსყიდველიდან ომამდე არცერთი არ იყო ცნობილი. ზოგიერთი მათგანი კი მჭიდროდაა დაკავშირებული რუს ინდივიდუალურ მწარმოებლებთან.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოვან ვაჭრობაში შემჩნეული ორი ხომალდი, Turba და Simba, გადაადგილდებოდა კამერუნის დროშით, რომელიც „ძალიან მაღალი რისკის“ სტატუსის მქონეა. სხვა 9 გემთან ერთად, ამ ხომალდებს აზღვევს ესტონური ფირმა Continental P&I-ი, რომლის შესახებაც ფინანსური ინფორმაცია არ იძებნება. ამის თაობაზე არც კამერუნის ტრანსპორტის სამინისტროში გაუკეთებიათ კომენტარი.
ცხადია, ეს ყველაფერი არ გამორჩენია აშშ-ის ხაზინას, რომელმაც ტანკერებს სანქციები დაუწესა. ევროკავშირი კი განიხილავს შეტყობინების სისტემას, რომელიც მხარეებს ტანკერების გასაყიდად ავტორიზაციას დაავალდებულებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაჭრობა უფრო მკაცრად გაკონტროლდება, მაგრამ საკითხავია, რამდენად აწყობს ჯო ბაიდენს რუსული ნავთობის მიწოდების კიდევ უფრო შეზღუდვა, რაც არჩევნების წინ საერთაშორისო ფასების ზრდას გამოიწვევს.
ცნობისთვის, 2023 წელს რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები 24%-ით, 8.822 ტრილიონ რუბლამდე (99.4 მილიარდი დოლარი) შემცირდა.
შემოსავლის კლება ნავთობის ფასებისა და ევროპაში გაყიდვების შემცირებამ განაპირობა, თუმცა კვლავ შეადგინა მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების 34%.
რუსეთის მთავრობის განცხადებით, შემოსავალი 11.5 ტრილიონ რუბლამდე აღდგება 2024-ში, რამეთუ ქვეყანამ მოახერხა ნავთობის გადამისამართება ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე.