რუსული ნავთობის შესყიდვების გამო, ტრამპი ინდოეთის ტარიფს „მნიშვნელოვნად“ გაზრდის

რუსული ნავთობის შესყიდვების გამო, ტრამპი ინდოეთის ტარიფს „მნიშვნელოვნად“ გაზრდის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რუსული ნავთობის შესყიდვების გამო, ინდოეთს ტარიფს გაუზრდის. ტრამპმა მუქარის შემცველი განცხადება ჯერ კიდევ ივლისში გააკეთა, როდესაც ინდოეთმა მიანიშნა, რომ რუსეთიდან ფასდაკლებული ნავთობის შესყიდვას გააგრძელებდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის არსებულ 25%-იან ტარიფს „მნიშვნელოვნად“ გაზრდის. ამასთან, ინდოელი ოფიციალური პირები გააკრიტიკა, რომ მათ არ ადარდებთ, თუ „რამდენ ადამიანს კლავს უკრაინაში რუსული საომარი მანქანა“.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი იქნება ინდოეთის ახალი ტარიფი, თუმცა ტრამპმა ივლისში განაცხადა, რომ მოსკოვთან ნავთობის ბიზნესში ჩართული ქვეყნებისთვის 100%-იან გადასახადებს დააწესებდა, თუ ეს უკანასკნელი უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს.

Reuters-ის ცნობით, ინდოეთი რუსეთისთვის საზღვაო გზით ექსპორტირებული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველია. მედიასააგენტოს ინფორმაციით, ინდოეთის მთავარმა ნავთობგადამმუშავებელმა კომპანიებმა გასულ კვირას, ტრამპის ტარიფების მუქარის შემდეგ, რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერეს. თუმცა ქვეყანა რუსეთთან გრძელვადიან კონტრაქტებს ინარჩუნებს.

ინდოეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰარდიპ სინგჰ პურიმ, ივლისში CNBC-ს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენამ გლობალური ფასების დასტაბილურება გამოიწვია. მან ასევე დასძინა, რომ აშშ-მა ინდოეთს ურჩია, ნავთობის შესყიდვა გაეგრძელებინა, „მაგრამ ფასების ლიმიტის ფარგლებში“.