რუსული Roscosmos-ი და NASA 2018 წლის შემდეგ პირისპირ პირველად შეხვდებიან

რუსული Roscosmos-ი და NASA 2018 წლის შემდეგ პირისპირ პირველად შეხვდებიან

რუსული მედიასააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის შემდეგ პირველად რუსული კოსმოსური სააგენტო Roscosmos-ი და NASA პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავენ. არსებული ინფორმაციით, Roscosmos-ის ხელმძღვანელი დმიტრი ბაკანოვი უკვე შეერთებულ შტატებში, ჰიუსტონში იმყოფება და აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს დროებით ხელმძღვანელს, შონ დაფის შეხვდება.

რუსული სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება. დმიტრი ბაკანოვი Roscosmos-ის ხელმძღვანელის თანამდებობას მიმდინარე წლის თებერვლიდან იკავებს, შონ დაფი კი აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტის მდივანია, რომელიც პარალელურად NASA-ს დროებით ხელმძღვანელად დონალდ ტრამპმა ამ თვის დასაწყისში დანიშნა.

TASS-ის ინფორმაციით, მხარეები  ერთობლივი პროექტების მიმდინარეობას განიხილავენ. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ განვიხილოთ არსებული ფრენის პროგრამის გაგრძელების პერსპექტივა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საოპერაციო სიცოცხლის გახანგრძლივება და ამავე სადგურის სამომავლო დეორბიტაციის დროს მისი ოკეანეში ჩაშვების კონტროლზე რუსულ-ამერიკული ერთობლივი სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია“, – განაცხადა ბაკანოვმა.

ISS-ის კოსმოსური პროგრამა იმ მცირე საერთაშორისო პროექტებიდან ერთ-ერთია, სადაც რუსეთი და აშშ კვლავ მჭიდროდ თანამშრომლობენ. TASS-ის ინფორმაციით, Roscosmos-ის ხელმძღვანელი აპრილში NASA-ს კოსმოსური ოპერაციების ასოცირებულ ადმინისტრატორს, კენ ბოუერსოქსს ყაზახეთში მდებარე რუსულ კოსმოსდრომზე შეხვდა. თუმცა კოსმოსური სააგენტოების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა 2018 წლის შემდეგ არ გამართულა. 2018 წელს Roscosmos-ის დირექტორი დმიტრი როგოზინი და NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდენსტინი ასევე ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომზე შეხვდნენ.

კიდევ ერთი რუსული სახელმწიფო მედიასააგენტო RIA-ს ინფორმაციით, ბაკანოვი NASA-ს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ჯონსონის კოსმოსურ ცენტრსა და Boeing-ის საწარმოს ესტუმრება. გარდა ამისა, დმიტრი ბაკანოვი 31 ივლისს SpaceX-ის ხომალდის, Crew-11-ის, გაშვებას დაესწრება, რომლის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი Roscosmos-ის კოსმონავტი ოლეგ პლატონოვი იქნება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.