რუსულმა ბანკებმა, სანქციების მიუხედავად, რეკორდული მოგება ნახეს

რუსულმა ბანკებმა, სანქციების მიუხედავად, რეკორდული მოგება ნახეს

2023 წელს, რუსულმა ბანკებმა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რეკორდული მოგება მიიღეს. გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსული ბანკების შემოსავლის ზრდას ხელი ორმა ძირითადმა ფაქტორმა შეუწყო: მთავრობის მიერ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების დიდი რაოდენობით გატანამ და დასავლური კომპანიების ბაზრიდან გასვლის შემდეგ დატოვებული აქტივების შესყიდვაზე მოთხოვნის ბუმმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული მკაცრი საერთაშორისო სანქციები ქვეყნის ფინანსური სისტემის იზოლირებას ისახავს მიზნად. ქვეყნის საბანკო სექტორის დიდი ნაწილი მოწყვეტილია Swift-ის საერთაშორისო ბანკთაშორის გადახდის სისტემას.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2023 წელს რუსულმა ბანკებმა $37 მილიარდი გამოიმუშავეს. ეს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 16%-ითაა გაზრდილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის 2.6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი – ორჯერ სწრაფი ზრდა, ვიდრე ოქტომბერში იყო ნავარაუდები.

საბანკო შემოსავლების მკვეთრი მატების ძირითადი მიზეზი იპოთეკური სესხების 34.5%-იანი ზრდა იყო – გამოწვეული რუსეთის მთავრობის გულუხვი სტიმულირების პროგრამით, რომელიც სამომხმარებლო მოთხოვნის გასაძლიერებლად შეიქმნა. სუბსიდირებულმა იპოთეკურმა სესხებმა, გასულ წელს ქვეყანაში სრულად გაცემული იპოთეკური სესხების ნახევარი შეადგინა.

ცნობისთვის, რუსეთში იპოთეკური სესხი ჩვეულებრივ დაახლოებით 14%-ში გაიცემა. თუმცა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის შემთხვევაში განაკვეთი – 8%-მდე, ახალგაზრდა ოჯახებისთვის კი 6%-მდე მცირდება. დარჩენილ სხვაობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფარავს.

რუსეთის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი კი ამჟამად 16%-ს უტოლდება. ივლისის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 7.5%-დან ხუთ ეტაპად გაიზარდა და ნელ-ნელა უახლოვდება კიდეც ყველა დროის მაქსიმუმ 20%-იან ნიშნულს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააწესა.

რაც შეეხება ბანკების კორპორაციული კრედიტების საერთო პორტფელს, ის 2023 წელს 20%-ზე მეტით გაიზარდა. აქედან $5.5 მილიარდზე მეტი, რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, იმ უცხოურ კომპანიებთან დადებულ გარიგებებზე მოდის, რომელთაც რუსული ბაზარი დატოვეს.