2025 წლის იანვარში AI-სტარტაპმა, Anthropic-მა, რომელიც თავისი ჩეტბოტის, Claude 4-ის გაშვებისთვის ემზადებოდა, პარალელურად, კერძო დაფინანსების რაუნდში, $60-მილიარდიანი ღირებულების მიღწევაც დააანონსა. შედეგად, სულ რაღაც ოთხი წლის წინ დაარსებული კომპანია პლანეტის ძვირადღირებულ AI-ფირმებს შორის მოექცა, ხოლო მისი შვიდივე თანადამფუძნებელი ამერიკული Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს შეუერთდა.
საერთო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების 680 თვითშემდგარი მილიარდერიდან 54, ძირითადად რვა საჯაროდ დალისტულ კომპანიაზე მოდის. ამ კომპანიების უმეტესობა სამომხმარებლო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ოპერირებს. მათ შორის, Anthropic-ისა და ციფრული სარეკლამო კომპანია AppLovin-ის შემთხვევაში, სულ 8-8 თვითშემდგარი მილიარდერი ირიცხება – მათი აქციების ღირებულება, ინვესტორების მხრიდან AI-მიმართულებით დაფინანსების მატებასთან ერთად, ბოლო წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა.
Anthropic-მა 2025 წელი $18 მილიარდის შეფასებით დაიწყო, სექტემბერში კი $13 მილიარდის დაფინანსების რაუნდი გამოაცხადა, კომპანიის $183-მილიარდიანი ღირებულებით. ამასობაში, AppLovin-ის აქციების ფასი, 2021 წელს Nasdaq-ზე საჯაროდ დალისტვის შემდეგ 1,000%-ზე მეტით გაიზარდა, მათ შორის 2025 წელს 100%-იანი ზრდა აჩვენა, რის შედეგადაც, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ თითქმის $250 მილიარდს მიაღწია.
იმ საჯაროდ დალისტულ კომპანიებს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი მილიარდერი შექმნეს, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები არიან, როგორებიცაა Meta, Google-ი და Microsoft-ი. ახლა, როდესაც აშშ-ის საფონდო ბაზარი რეკორდულ მაქსიმუმზეა და ეს კომპანიები დიდ ფსონებს დებენ ხელოვნურ ინტელექტზე, მათ ინვესტორებსა და დასაქმებულებს შორის იმაზე მეტი მილიარდერია, ვიდრე ოდესმე. მათ შორის, მიმდინარე წელს, Forbes-ის მილიარდერთა რიგებს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელაც შეუერთდა. Meta-ს შემთხვევაში, მილიარდერთა შორის მარც ცუკერბერგის გარდა, კომპანიის თანადამფუძნებლები, ადრეული ინვესტორები და ყოფილი აღმასრულებლებიც კი ირიცხებიან.
თუმცა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ყველაზე მეტი მილიარდერით Google-ის მფლობელი კომპანია, Alphabet-ია წარმოდგენილი. საძიებო გიგანტმა 1998 წელს დაარსების დღიდან ათი ამჟამინდელი მილიარდერი შექმნა, რომელთა კოლექტიური ქონება $600 მილიარდს აჭარბებს – მათ შორისაა ორი თანადამფუძნებელი, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი და ექვსი ინვესტორი.
თუმცა კომპანიის მილიარდერთა „ქარხნად“ გადაქცევა არ იძლევა გარანტიას, რომ ეს მდგომარეობა მომავალში არ შეიცვლება. მაგალითად, ოქტომბერში, ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებლის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციის $5 ტრილიონამდე გაზრდის შედეგად, მილიარდერის სტატუსი კომპანიის ორმა აღმასრულებელმა მოიპოვა. მაგრამ მას შემდეგ, კომპანიის აქციების ღირებულების 10%-იანი ვარდნა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათი ქონებაც მილიარდიან ნიშნულს ჩამოსცდენოდა.
წარმოგიდგენთ ამერიკულ კომპანიებს, რომელთა რიგებშიც ყველაზე მეტი მილიარდერი ირიცხება:
- Google / Alphabet – 10 მილიარდერი, კოლექტიური სიმდიდრე $618.2 მილიარდი
ლარი პეიჯი – $255 მილიარდი; სერგეი ბრინი – $235 მილიარდი; ერიკ შმიტი – $35.4 მილიარდი; ანდრეას ფონ ბეჩტოლშეიმი – $27.6 მილიარდი; დევიდ შერიტონი – $21.5 მილიარდი; ჯონ დოერი – $20 მილიარდი; მარკ სტივენსი – $10.8 მილიარდი; მაიკლ მორიცი – $7.7 მილიარდი; კავიტარკ რამ შრირამი – $3.7 მილიარდი; სუნდარ პიჩაი – $1.5 მილიარდი.
- Facebook / Meta – 8 მილიარდერი, კოლექტიური სიმდიდრე $314 მილიარდი
მარკ ცუკერბერგი – $227 მილიარდი; ედუარდო სავერინი – $36.4 მილიარდი; პიტერ ტილი – $27.5 მილიარდი; დასტინ მოსკოვიცი – $11.3 მილიარდი; ჯიმ ბრეიერი – $3.2 მილიარდი; ჯეფ როსჩაილდი – $3.2 მილიარდი; შონ პარკერი – $3 მილიარდი; შერილ სენდბერგი – $2.3 მილიარდი.
- AppLovin – 8 მილიარდერი, კოლექტიური სიმდიდრე $76.6 მილიარდი
ადამ ფროუქი – $26.5 მილიარდი; ლინ ტანგი – $13 მილიარდი; ენდრიუ კარამი – $10.5 მილიარდი; ხაო ტანგი – $9.8 მილიარდი; ედუარდო ვივასი – $5.7 მილიარდი; ჯონ კრისტინაკი – $5 მილიარდი; ვასილი შინიკი – $3.5 მილიარდი; ჰერალდ ჩენი – $2.6 მილიარდი;
- Anthropic – 7 მილიარდერი, კოლექტიური სიმდიდრე $25.9 მილიარდი
დანიელა ამოდეი, დარიო ამოდეი, ტომ ბრაუნი, ჯეკ კლარკი, ჯარედ კაპლანი, სემ მაკენდიში და კრისტოფერ ოლაჰი – $3.7 მილიარდი (თითოეული).
- Blackstone – 6 მილიარდერი, კოლექტიური სიმდიდრე $68.5 მილიარდი
სტივენ შვარცმანი – $48.3 მილიარდი; ჯონათან გრეი – $9.7 მილიარდი; ჰამილტონ ჯეიმსი – $4.8 მილიარდი; ტომილსონ ჰილი – $3.4 მილიარდი; მაიკლ ჩეი – $1.2 მილიარდი; ჯოზეფ ბარატა – $1.2 მილიარდი.
- Microsoft – 5 მილიარდერი, კოლექტიური სიმდიდრე $290.5 მილიარდი
სტივ ბალმერი – $148 მილიარდი; ბილ გეიტსი – $104 მილიარდი; მელინდა ფრენჩ გეიტსი – $29.3 მილიარდი; ჩარლზ სიმონი – $8.2 მილიარდი; სატია ნადელა – $1 მილიარდი.
- Snowflake – 5 მილიარდერი, კოლექტიური სიმდიდრე $9.2 მილიარდი
ფრენკ სლუთმენი – $3.4 მილიარდი; ბენუა დეჯვილი – $1.6 მილიარდი; მაიკ სპიზერი – $1.5 მილიარდი; ტიერი კრუანესი – $1.4 მილიარდი; ბობ მულია – $1.3 მილიარდი.
- Thoma Bravo – 5 მილიარდერი, კოლექტიური სიმდიდრე $33.2 მილიარდი
ორლანდო ბრავო – $12.8 მილიარდი; კარლ თომა – $5.7 მილიარდი; სკოტ კრაბილი, ჰოლდენ სპატი, სეთ ბორო – $4.9 მილიარდი (თითოეული).















