Ryanair-ის CEO ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ფასების ყველაზე დიდ ზრდას პროგნოზირებს

Ryanair-ის CEO ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ფასების ყველაზე დიდ ზრდას პროგნოზირებს

ფოტო: Getty Images

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ 2027 წელს ევროპაში ავიაბილეთების ფასები შესაძლოა 10-20%-ით გაიზარდოს. მისივე თქმით, ფასების ზრდას საწვავის გაძვირება, გადასახადების მატება და ბაზარზე ხელმისაწვდომი ადგილების შემცირება განაპირობებს.

Euronews-თან საუბრისას ო’ლირიმ აღნიშნა, რომ ევროპულ ავიაკომპანიებს მომავალი წლიდან საავიაციო საწვავის გაძვირებისგან თავის დასაცავად გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ. მისი თქმით, Ryanair-მა და სხვა ევროპულმა ავიაკომპანიებმა 2026 წლისთვის საწვავის ფასების ნაწილი წინასწარ დააფიქსირეს, თუმცა ეს მექანიზმი 2027 წლის აპრილიდან მნიშვნელოვნად ნაკლებ დაცვას უზრუნველყოფს.

„მომავალ წელს ევროპაში ავიაბილეთების ფასები, ჩემი აზრით, 10%, 15% და შესაძლოა 20%-ითაც გაიზარდოს. მომდევნო 12 თვის განმავლობაში ევროპა ავიაბილეთების ფასების ისტორიაში ყველაზე დიდ ზრდას იხილავს“, – განაცხადა ო’ლირიმ 20 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, Ryanair-ს 2027 წელს საწვავის ფასების ცვლილებისგან წინასწარ დაზღვეული მოცულობის მიღმა საწვავის დაახლოებით 85%-ის შეძენა მოუწევს. ო’ლირის შეფასებით, ანალოგიურ მდგომარეობაში სხვა ევროპული ავიაკომპანიების დიდი ნაწილიც აღმოჩნდება.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემებით, ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში საავიაციო საწვავის საშუალო ფასი 16 ოქტომბრით დასრულებულ კვირაში ბარელზე $207.61 იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 128%-იანი ზრდაა.

საწვავის გაძვირება ავიაკომპანიების ხარჯებს ზრდის და განსაკუთრებით იმ ფირმების მოგების მარჟაზე მოქმედებს, რომლებსაც ფასების წინასწარ დაფიქსირების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ნავთობისა და გადამუშავებული პროდუქტების, მათ შორის საავიაციო საწვავის, ფასების ზრდა ირანის ომის დაწყებასა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხებას მოჰყვა. ოთხშაბათს Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ბარელზე $109.86 იყო, რაც ბოლო ხუთი თვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ო’ლირის პროგნოზით, ავიაბილეთების გაძვირებასთან ერთად, 2027 წელს ევროპაში ფრენებისთვის ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობაც შემცირდება. ამის მიზეზად ის ავიაკომპანიების გაკოტრებასა და ბაზარზე მიმდინარე შერწყმა-შესყიდვების პროცესებს ასახელებს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი