S&P 500-ის ინდექსმა ხუთშაბათის სავაჭრო სესიისას 0.6%-იანი ზრდა დააფიქსირა და, შედეგად, ახალ რეკორდულ ნიშნულს, 6,304.69-ს მიაღწია. ინდექსის ზრდა, ამ კვირაში, S&P 500-ში შემავალი ათეულობით კომპანიის შემოსავლების ანგარიშების გამოქვეყნებას მოჰყვა.
სავაჭრო სესიის განმავლობაში, S&P-ის ინდექსი დაახლოებით 0.6%-ით გაიზარდა და 6,304.69-ს მიაღწია, რითაც გადააჭარბა სამშაბათს დამყარებულ დღის რეკორდს – 6,302.04-ს. მანამდე, ინდექსში შემავალმა ათეულობით კომპანიამ ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლებიც Wall Street-ის პროგნოზებს აჭარბებდა. გარდა ამისა, რეკორდულ დღეს, ინდექსის ზრდას ხელი რამდენიმე ძირითადმა აქციამ, მათ შორის PepsiCo-მ (აქციების ფასი გაიზარდა 7.6%-ით), United Airlines-მა (4.8%), Nvidia-მ (1.2%) და Microsoft-მა (1.2%) შეუწყო.
ხუთშაბათის შუადღის მონაცემებით, S&P-ის ინდექსში შემავალმა დაახლოებით 50-მა კომპანიამ, მათ შორის PepsiCo-მ და United Airlines-მა, მეორე კვარტალის შემოსავლები გამოაქვეყნა. FactSet-ის მონაცემებით, ამ კომპანიების 88%-მა პროგნოზებს გადააჭარბა. ამასთან ერთად, იმავე პერიოდში, საცალო გაყიდვების 0.6%-იანი ზრდაც დაფიქსირდა.
პარალელურად, გასულ კვირაში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნებიც შემცირდა. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, 12 ივლისით დასრულებული კვირის განმავლობაში, დეპარტამენტში უმუშევრობის შემწეობაზე 221,000 განაცხადი შევიდა, 7,000-ით ნაკლები, ვიდრე წინა კვირას.