თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განაჩენი ძალაში დატოვა. პარალელურად, „პიჯაკების საქმეზე“ მიმდინარე სამოქალაქო დავაზე განაჩენი მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმაც გამოაცხადა და სააკაშვილსა და ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
საქალაქო სასამართლოში, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ სარჩელზე, სააკაშვილისა და ჯანაშიას წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით განიხილებოდა, რაც წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
იმავე ბრალდებისთვის, სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა, საქმეზე განაჩენი 12 მარტს გამოაცხადა და ბრალდებული პირები დამნაშავედ სცნო. სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯანაშიას – 300,000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბრალდებულების ადვოკატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს, თუმცა დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია საქმეს შერჩევითს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. „აქამდე მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე არაერთხელ ვიხილეთ შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. ამის პარალელურად, დაიწყეს ფინანსური დევნა… უნდათ, რომ ახლა მოვალეთა რეესტრში ჩასვან. სადაც არ უნდა გავასაჩივროთ, იქაც დაგვხვდებიან იგივე მოსამართლეები“, – აცხადებს ბასილაია. სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმის შემდგომი განვითარება სააპელაციო და საკასაციო სარჩელებზე იქნება დამოკიდებული.
სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სააკაშვილიც, რომელმაც სასამართლო განხილვის თარიღის გადაწევის მიზეზად 4 ოქტომბრის არჩევნები და დემონსტრანტების დაშინება დაასახელა. სააკაშვილის თქმით, „ცინიზმია“, როდესაც მრავალ წელს საკონსტიტუციო მოვალეობებისა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებისთვის უსჯიან.
„აქ ჩემს დროს ჩამოვიდა ამერიკის სამი პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, ორი სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები. მათი გამასპინძლების ხარჯები, ისევე როგორც ყველა სხვა ხარჯი, ოფიციალურად იყო დოკუმენტირებული და, შესაბამისად, ოლიგარქის პროკურატურის მიერ უადვილესად აღმოსაჩენი იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
უზენაეს სასამართლოში სააპელაციოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ სდსს-ის ყოფილი უფროსის წარმომადგენლებიც. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ჯანაშიას მიერ საბიუჯეტო თანხების უშუალოდ გაფლანგვის ფაქტი ვერ დაადგინა. გამომდინარე აქედან, სდსს-ის ყოფილ უფროსს მხოლოდ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაში ედება ბრალი. თუმცა პროკურორები ჯანაშიასთვის ჯარიმის პატიმრობით შეცვლას ითხოვენ.
ამჟამად, საქართველოს ექსპრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება და სასამართლო სხდომებს ონლაინ ერთვება. მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განმარტებით, სააკაშვილს დარჩენილი სამი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად, დამატებით ექვსი წელი და ექვსი თვე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. შედეგად, თუ არსებული განაჩენი არ შეიცვლება, სააკაშვილი პატიმრობაში 2030 წლამდე დარჩება.
დამატებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დღეს, სააკაშვილსა და ჯანაშიას 8 392 827 ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კი, უშუალოდ სააკაშვილს დამატებით გადასახდელად 631 540 ლარი განესაზღვრა.