წელს, შესაძლოა უკანასკნელად, პირდაპირი წესით ავირჩევთ პრეზიდენტს. თუ ავირჩევთ კანდიდატს, რომელსაც მმართველი ძალა არ აკონტროლებს, ის იქნება ერთპარტიული მმართველობის მთავარი საპირწონე ქვეყანაში. ჩვენ შეიძლება ნორმალურადაც გვეჩვენებოდეს, რომ საქართველოს პარლამენტში ერთ პარტიას აქვს მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიჩვეულები ვართ, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. სინამდვილეში, ძალების ასეთი ბალანსი პარლამენტში დემოკრატიული ქვეყნისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
თუ ავირჩევთ მმართველი პარტიის კანდიდატს, მივიღებთ კიდევ უფრო უკონტროლო, დაუბალანსებელ ხელისუფლებას, ვიდრე დღეს. ყველა ზედაპირული სიგნალით, ქართული ოცნება ძალიან ეცდება, პრეზიდენტ მარგველაშვილივით “ამბიციური” კანდიდატი მეორედ არ “გაეპაროს”. შემდეგ მოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, შარშანდელი გადაწყვეტილებით, წინა არჩევნებივით, ისევ შერეული სისტემით ჩატარდება; ანუ სისტემით, რომელსაც “უყვარს” საკონსტიტუციო უმრავლესობები – ყველანაირად ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას.
თუ 2020-ში მართლა მივიღებთ მორიგ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, 2023-დან მას უკვე პრეზიდენტიც ვეღარ დააბალანსებს. არსებული გეგმით, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს – ანუ, მმართველი პარტია.
2024-სთვის ვრჩებით იმის იმედად, რომ მმართველი ძალა არ დაარღვევს კონსტიტუციურად დადებულ პირობას და პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ჩავატარებთ საპარლამენტო არჩევნებს სისტემით, რომელსაც პროპორციული ერქმევა. მაგრამ ძალიანაც არ გაგვიხარდეს. ნამდვილი პროპორციული სისტემის არსია, რომ გამარჯვება შეიძლება იყოს ზომიერი და არა ყოვლისმმუსვრელი – პირველ პარტიას, დიდი ალბათობით, პარლამენტში ადგილების ნახევარიც კი არ ერგება. ეს პერსპექტივა ქართულ ოცნებას აშკარად არ ხიბლავს: ზედმეტად რომ არ “გავინავარდოთ”, ხელისუფლებამ სამომავლოდ პროპორციული სისტემის ქართული ვერსია შემოგვაპარა, გამარჯვებულისთვის ბონუსით – ვინც ისედაც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, მასზევე გადანაწილდება ბარიერგადაულახავი პარტიების ხმები.
2020-ში კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ნიშნავს, რომ მმართველმა ძალამ შეიძლება საერთოდ “გადაიფიქროს” და უარი თქვას თუნდაც დამახინჯებულ პროპორციულ სისტემაზე. შეიძლება მისი რამე ახალი “კრეატიული” ვარიაციაც შემოგვთავაზოს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ძველი დაპირებაა და მისი ერთგულების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა 2016 წლის არჩევნებში უკვე ყოფილიყო დანერგილი. ქვეყანაში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობები ნორმაა, კონსტიტუციაში ჩაწერილი დაპირებაც კი ცარიელი სიტყვებია. სხვა დაპირებებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მის დარღვევას სხდომაზე მაღალი დასწრება სჭირდება – ჩვეულებრივზე ცოტა მეტმა თითმა უნდა მიაღწიოს ღილაკამდე.
გასულ წლებში საპარლამენტო უმრავლესობა არწმუნებდა საზოგადოებას, რომ მათი მოფიქრებული გაუგებრობა, სადაც გამარჯვებულს მიაქვს ყველა გაუნაწილებელი ხმა, პროპორციული სისტემის მსოფლიოში მიღებული ვარიანტია. მაგალითად მოჰყავდათ იტალია. ეს იყო უსირცხვილო ტყუილი: ჯერ ერთი, იტალიური ვარიანტი არ იყო გავრცელებული – ის იყო გამონაკლისებს შორის და იტალიისავე სასამართლომ სცნო არაკონსტიტუციურად; მეორეც – ბევრად რბილი იყო იმასთან შედარებით, რასაც ქართული ოცნება თავიდან ლობირებდა (გამარჯვებულ პარტიას მხოლოდ 54%-მდე უვსებდა ადგილებს, ისიც, თუ პარტიის შედეგი 40%-ს გადასცდებოდა). საბოლოო ჯამში, ხელისუფლება “კომპრომისზე წამოვიდა” და ძალიან დამახინჯებული პროპორციული სისტემის ნაცვლად ცოტა ნაკლებად დამახინჯებული შეიმუშავა – გამარჯვებულის ბონუსზე უარი არ თქვა, მაგრამ მასზე ზედა ზღვარი დააწესა, “ზრდილობისთვის”.
წელს ოპოზიციონერი პრეზიდენტის არჩევა შეიძლება, ბევრ სხვა რამესთან ერთად, იყოს უკანასკნელი შანსი, გავურთულოთ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მორგება. პრეზიდენტის უფლებები ახლა ძალიან შეზღუდულია, მაგრამ მას მაინც მეტი დისკომფორტის შექმნა შეუძლია მმართველი პარტიისთვის, ვიდრე 10-15-კაციან ფრაქციებს პარლამენტში.
რომ შევიგრძნოთ, რამდენად შორია საქართველოს პარლამენტის ძალთა ბალანსი დემოკრატიული ქვეყნების “ნორმისგან”, არაა საკმარისი ზოგადი შეფასებები. პრობლემის სიმძაფრეს მხოლოდ რიცხვები აჩვენებს.
2017 წლის მონაცემებით, ევროსაბჭოს 43 წევრ ქვეყანას შორის (ჯუჯა ქვეყნების გამოკლებით), გამარჯვებულ პარტიას მხოლოდ ორი ქვეყნის პარლამენტში აქვს ადგილების 70%-ზე მეტი. ესენია საქართველო (77%) და რუსეთი (76%), რომელსაც ჩვენნაირი შერეული საარჩევნო სისტემა აქვს. შერეული სისტემა აქვს სიაში მესამე ქვეყანასაც – უნგრეთს – ამჟამინდელი სკანდალური პრემიერის, ვიქტორ ორბანის წყალობით. უნგრეთში ორბანის პარტიას წინა მოწვევის პარლამენტში ადგილების 67% ჰქონდა. წლევანდელი არჩევნების შემდეგ ზუსტად იგივე პროცენტი შეუნარჩუნდა, რაც აჩვენებს, რომ შერეული სისტემა არამხოლოდ ჩვენთან იწვევს ერთპარტიული მმართველობის ჩაკეტილ წრეს.
ევროსაბჭოში, ამ სამი ქვეყნის გარდა, გამარჯვებულ პარტიას არსად აქვს პარლამენტში ადგილების 60%-იც კი. სულ შვიდ ქვეყანაში – თურქეთში, მალტაში, სომხეთში, იტალიაში, სერბეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში – ერთ პარტიას უკავია ადგილების ნახევარზე მეტი, თუმცა 60%-ზე ნაკლები. ამათგან, თურქული სისტემა ცნობილია უჩვეულოდ მაღალი, 10%-იანი ბარიერით, სომხეთსა და იტალიაში მოქმედებს გამარჯვებულისთვის ბონუსის მინიჭების სისტემა, ხოლო ბრიტანეთში – მაჟორიტარული.
იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციული სისტემა მეტ-ნაკლებად სუფთა სახით მოქმედებს, გამარჯვებული პარტია თითქმის ყოველთვის ადგილების ნახევარზე ნაკლებს იღებს. ევროსაბჭოს 10 ქვეყანაში პირველ პარტიას აქვს საპარლამენტო მანდატების 40-დან 50%-მდე. 14 ქვეყანაში – 30-დან 40%-მდე და კიდევ 9-ში – 20-დან 30%-მდე. ჯამში, ევროსაბჭოს წევრების უმეტესობაში – 33 ქვეყანაში – ერთ ძალას არათუ საკონსტიტუციო, ჩვეულებრივი უმრავლესობაც არა აქვს. აქედან 18-ში – არავის უკავია პარლამენტის მესამედიც კი.
გადაურჩებოდა საქართველო პარლამენტს, სადაც ვერც ერთი პარტია ვერ ცვლის კონსტიტუციასა და კანონებს ერთპიროვნულად? კი, გადაურჩებოდა. “ფუნდამენტურ საკითხებში” – ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ გვჭირდება, დემოკრატიის მშენებლობაზე რომ გვაქვს პრეტენზია და არა კომუნიზმის – ძირითადი ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას არ შეუშლიდნენ. არაფუნდამენტურში – თუ ხელისუფლებას ვინმე შეაკავებდა ხალხის სოფლად შეკავებისგან, მხოლოდ ვიხეირებდით. თუ კორუფციაშიც ცოტა მოთოკავდნენ ერთმანეთს, ხომ საერთოდ. მაგრამ ჩვენ ეს ვერ დავიმსახურეთ. საქართველო – ოპტიმისტური სცენარითაც კი – 2020-შიც და 2024-შიც იქნება იმ გამონაკლის ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებსაც საკუთარი ხალხი დემოკრატიისთვის ბოლომდე არ ემეტებათ.