რა მოხდა მინსკში?
23 მაისს Ryanair-ის FR4978 რეისი, ათენიდან ვილნიუსში შეფერხების გარეშე უნდა ჩაფრენილიყო. თუმცა, ბელარუსის საჰაერო სივრციდან გასვლამდე Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა პილოტებმა ბელაერონავიგაციისგან მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება, ბორტზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ და ამასთან, მითითება, მოებრუნებინათ თვითმფრინავი და დაესვათ ის მინსკში.
ირლანდიური ავიახაზების პილოტები დაემორჩილნენ ბელარუსის ოფიციალურ მოთხოვნას და, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულების ადგილი უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკი, ბელარუსის დედაქალაქისკენ აიღეს კურსი. თვითმფრინავს რუსული წარმოების ავიაგამანადგურებელი, MiG-29 მოყვებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამანადგურებელი სამოქალაქო თვითმფრინავს ბელარუსის პრეზიდენტის პირადი დავალებით აადევნეს.
მინსკში დაშვების შემდეგ ბელარუსის სპეციალურმა სამსახურებმა თვითმფრინავიდან მგზავრები გადმოსხეს, ბარგი გაჩხრიკეს, თვითმფრინავი 7 საათით დააყოვნეს ხმელეთზე და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს ნებართვა, FR4978-ს დაესრულებინა დაგეგმილი რეისი.
თვითმფრინავი ვილნიუსში ადგილობრივი დროით 21:25-ზე დაეშვა. გავრცელებული ცნობებით, ბორტზე აღარ იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი: ბელარუსის ერთი და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე. მანამდე გავრცელებული ცნობები, ბელარუსი აქტივისტის დაკავებაზე ოფიციალურად დადასტურდა.
ვინ არის რომან პროტასევიჩი
რომან პროტასევიჩი 26 წლის ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტია. ის ოპოზიციური ტელეგრამ-არხის „Nexta“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. აღნიშნული ტელეგრამ არხი აქტიურად გამოიყენებოდა ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზებისა და აქციის მონაწილეების ინფორმირებისთვის. ამასთან, არხზე ვრცელდებოდა პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ძალაუფლების გადამეტების დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალები. პროტასევიჩი ბელარუსმა გასულ წელს ტერორიზმთან ასოცირებული პირების სიაში შეიყვანა.
ოპოზიციური მედიის ჩახშობის შემდეგ ტელეგრამის არხების პოპულარობა ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, ტრადიციული მედიის შემდეგ ჯერი სწორედ ამ საინფორმაციო მედიუმებზე მიდგა. პროტასევიჩი რამდენიმე თვეა სხვა ტელეგრამის არხის მართვაში იყო ჩართული: Belamova-ს ის მას შემდეგ შეუერთდა, რაც მისი ერთ-ერთი ბლოგერი, იგორ ლოსიკი დააკავეს.
რას ამბობს Ryanair?
Ryanair-მა 23 მაისის ინციდენტზე განახლებული განცხადება გაავრცელა. ავიაკომპანიის თავდაპირველი განცხადება ძალიან მსუბუქად აფასებდა მინსკში მომხდარ ამბებს და ამასთან, ტექსტში საერთოდ არ იყო ნახსენები მათ ბორტზე დაკავებული ბელარუსი დისიდენტი, რომან პროტასევიჩი.
„Ryanair-ი გმობს ბელარუსის ხელისუფლების არასამართლებრივ მოქმედებებს, რა დროსაც მათ 23 მაისს Ryanair-ის რეისს FR4978 იძულებით შეაცვლევინეს ფრენის მიმართულება მინსკისკენ – ეს საავიაციო მეკობრეობის აქტი იყო. მომხდარს ამჟამად იძიებენ ევროპის კავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სააგენტოები და NATO. Ryanair-ი სრულად თანამშრომლობს მათთან და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნულ თემაზე დამატებით განმარტებებს ვეღარ გააკეთებს“ – ვკითხულობთ ავიაკომპანიის განახლებულ განცხადებაში.
დღესვე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირმა, ირლანდიურ რადიოგადაცემაში სტუმრობისას, მომხდარ ფაქტს „სახელმწიფოს მიერ სანქცირებული საავიაციო მეკობრეობა“ უწოდა.
თავდაპირველად შედარებით მსუბუქი შეფასება გაავრცელა ტრანსპორტირების ევროკომისარმაც.ადინა ვალეანის პირველ განცხადებას ევროპარლამენტარების და ტვიტერის მომხმარებლების გაღიზიანება მოყვა, რის შემდეგაც ევროკომისარმა ახალი განცხადება გაავრცელა და ბელარუსის ქმედებას „თვითმფრინავის გატაცება“ უწოდა.
როგორი იყო საერთაშორისო გამოხმაურება
მომხდარი ფაქტი დაგმეს და ახალი სანქციები დაანონსეს ევროკომისიისა და ევროპის კავშირის პრეზიდენტებმა, ევროპარლამენტარებმა, ათეულობით ევროპული სახელმწიფოს პირველმა პირებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. ბელარუსის ქმედება დაგმო აშშ-მა და NATO-მაც.
ქმედითი ნაბიჯი უკვე გადადგა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, მათი გადაწყვეტილებით რუსულ ავიაკომპანიას Belavia აეკრძალა ფრენა დიდ ბრიტანეთში, ამასთან, ბრიტანულ ავიაკომპანიებს ქვეყნის ხელისუფლებამ მოუწოდა აღარ იფრინონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში.
იდენტურ გადაწყვეტილებაზე მუშაობს უკრაინის ხელისუფლება – ზელენსკიმ უკვე დაავალა შესაბამის უწყებებს, დაიწყონ მუშაობა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის მიმართულებით.
უკვე ცნობილია პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის ოფიციალური პოზიციაც. მეზობელი სახელმწიფოები ერთობლივად მუშაობენ* ევროპის საბჭოსთან, რათა ევროგაერთიანების მასშტაბით აიკრძალოს საჰაერო მიმოსვლა ბელარუსთან, მანამ სანამ არ გათავისუფლდება დაკავებული ბელარუსი აქტივისტი. ამასთან, დღეს რიგის ცენტრში ლატვიის ოფიციალურმა პირებმა ბელარუსის სახელმწიფო დროშა საჯაროდ ჩამოხსნეს და მის ნაცვლად დაკიდეს ბელარუსის 1991-1994 წლების დროშა, რომელსაც ბელარუსი ხალხი მასშტაბური აქციების დროს იყენებდა.
ამ დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე ბელარუსმა ქვეყნიდან გააძევა ლატვიელი დიპლომატები. არც საპასუხო რეაქციას დაუყოვნებია – ლატვიამ გუშინვე განაცხადა ქვეყნიდან ბელარუსის ელჩისა და დიპლომატების გაძევების შესახებ.
რა გადაწყვეტილება მიიღო ევროპის საბჭომ?*
პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის მოწოდების შემდეგ, 23 მაისს ევროპის საბჭომ განსახილველ საკითხებს ბელარუსში მომხდარი ინციდენტიც დაამატა. საბჭო სოლიდარობას უცხადებს ლატვიას, მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ბელარუსის ხელისუფლებას და ამასთან, აანონსებს შემდეგ ნაბიჯებს:
- დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რომან პროტასევიჩი და სოფია საპეგა, უზრუნველყოფილ იქნას მათი გადაადგილების თავისუფლება;
- ICAO-მ დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი;
- ევროპის საბჭომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააფართოოს სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა სია;
- ევროპის საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ბელარუსს დამატებითი ეკონომიკური სანქციები და ამ მიზნის მისაღწევად, პროცესში მალევე უნდა ჩაერთონ ევროკომისიისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლები;
- ევროპის საბჭო ევროპის კავშირის ყველა ავიახაზს მოუწოდებს თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცით სარგებლობას;
- ევროპის საბჭომ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა ევროპის კავშირის საჰაერო სივრცით სარგებლობა და ამასთან, ევროპის კავშირის მასშტაბით აეროპორტებით სარგებლობა აეკრძალოთ ბელარუსულ ავიაკომპანიებს.
ვინ რას იძიებს?
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ერთობლივად აწარმოებენ ევროპის კავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სააგენტოები და NATO. მომხდარ ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაც (ICAO). ორგანიზაციაში ჩიკაგოს კონვენციის სავარაუდო დარღვევაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ რეაგირება შესაფერისი იქნება.
* აღნიშნული ნაწილი სტატიას დაემატა 2021 წლის 02:00 საათზე