საბერძნეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

საბერძნეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

ფოტო: Matt Cardy/Getty Images

 

საბერძნეთის მთავრობის მაღალი რანგის პირის მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სოციალური ქსელების აკრძალვასთან „ძალიან ახლოსაა“.

ცნობისთვის, იგივე ტიპის განცხადება სოციალური ქსელების 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას ესპანეთმაც გააკეთა. გარდა ამისა, ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით, შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩოც, რომლის მიხედვითაც, საკუთარ პლატფორმებზე სიძულვის ენის გამოვლენისთვის პასუხისმგებლობა ამავე კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს დაეკისრებათ.

შეგახსენებთ, გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიაპლატფორმები სრულად აკრძალა. მაშინ, ავსტრალიის მოდელის შესწავლის სურვილი რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მათ შორის დანიამ, ახალმა ზელანდიამ და მალაიზიამაც გამოთქვა.

როგორც ჩანს, ავსტრალიის შემდეგ მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პირველი ევროპული სახელმწიფოები მიიღებენ. თუმცა, ბუნებრივია, ამას ავსტრალიის მსგავსად, სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისგან დიდი კრიტიკა, მშობლებისა და ბავშვთა უფლებების დამცველებისგან კი მხარდაჭერა მოჰყვება.

15 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სოციალური ქსელების აკრძალვის კანონპროექტი ამჟამად საფრანგეთის პარლამენტშიც განიხილება. იგივე ზომების მიღებას განიხილავს დიდი ბრიტანეთიც.

სოცმედია პლატფორმების მოზარდებისათვის აკრძალვის საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა Grok-მა სექსუალიზებული სურათების შეზღუდვების გარეშე გენერირება შეძლო.

გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ დიდი სოცმედია პლატფორმების მფლობელ კომპანიებს, Alphabet-ს, ByteDance-ს, Meta-სა და Snapchat-ს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.