საბერძნეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა თურქეთთან საზღვაო საზღვრებზე დავის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. მრავალწლიანმა დავამ მეზობელი სახელმწიფოები შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე არაერთხელ მიიყვანა.
გეორგიოს გერაპეტრიტისის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობას სურს, „არსებული პოზიტიური კლიმატით ისარგებლოს“ და მიაღწიოს შეთანხმებას თურქეთთან იმ სფეროების განსაზღვრაზე, რომელზედაც ქვეყნებს ექსკლუზიური ეკონომიკური უფლებები გააჩნიათ – მათ შორისაა ოფშორული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება.
ცნობისთვის, თურქეთს პრეტენზია აქვს ტერიტორიებზე, რომელიც საბერძნეთის თქმით, მის ეკონომიკურ ზონაში შედის და უახლოეს პერიოდში, ოფშორული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების საძიებო სამუშაოების დაწყებასაც გეგმავს. თურქეთის ინტერესებში კვიპროსის ეკონომიკური ზონის დიდი ნაწილია, სადაც ოფშორული ბუნებრივი აირის რამდენიმე საბადო უკვე აღმოჩენილია. საძიებო ბურღვის უფლებებთან დაკავშირებით დავა სამი წლის წინ საზღვაო დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ათენს სურს, ეგეოსისა და აღმ. ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთის სანაპირო ზოლის მახლობლად, საბერძნეთის კუნძულების კონტინენტური შელფის გაფართოებას შეეხება. თურქეთი არ აღიარებს, რომ მის საზღვრებს მიღმა საბერძნეთის კუნძულებს კონტინენტური შელფი აქვთ, ხოლო საბერძნეთის მტკიცებით, სტამბულის პოზიცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, გერაპეტრისის განცხადებით, მოლაპარაკებების პრიორიტეტებს შორის ეთნიკურად დაყოფილი კვიპროსის გაერთიანების შესახებ შეთანხმების მიღწევაც შედის – ფედერაცია, რომელიც გაეროს რეზოლუციების შესაბამისად, ბერძნული და თურქულენოვანი სექტორებისგან შედგება.
ცნობისთვის, მეზობელი სახელმწიფოების ოფიციალურ პირებს შორის თებერვალში, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებისას საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლები მრავალწლიანი დავების შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაზე შეთანხმდნენ.