საბერძნეთმა დაკავებული მოლდაველი პრორუსი ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, რომელიც ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შექმნასა და თაღლითობის არაერთ საქმეშია ბრალდებული, მოლდავეთს გადასცა. ის ექსტრადაციისთანავე საპატიმროში გადაიყვანეს.
მოლდავეთის დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ქვეყნიდან 2019 წელს, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების წარდგენის შემდეგ გაიქცა. მოლდავეთის ხელისუფლების განცხადებით, პლაჰოტნიუკის ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა 2012-2014 წლებში ქვეყნის უმსხვილესი ბანკებიდან €850 მილიონის გაქრობის საქმესთანაა დაკავშირებული. ბანკებიდან გაუჩინარებული თანხა იმ დროს ქვეყნის წლიური მშპ-ის დაახლოებით ერთი მერვედის ეკვივალენტური იყო.
ინტერპოლით ძებნილი ოლიგარქისა და კიდევ ერთი მოლდაველი პირის დაკავების შესახებ მოლდავეთის პოლიციას ინტერპოლის ათენის ოფისიდან აცნობეს. ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, თანმხლებ პირთან ერთად, ათენის აეროპორტში დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ პლაჰოტნიუკი წლების განმავლობაში მოლდავეთის პარლამენტის წევრი იყო. ოლიგარქი ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019 წელს გაიქცა, მას შემდეგ, რაც თავის დემოკრატიულ პარტიასთან ერთად მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო და მის სახელს თაღლითობის საქმეზე რიგი ბრალდებები დაუკავშირდა.
პლაჰოტნიუკს ბრალი პრორუსულ პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობასა და მოლდავეთის პროევროპული კურსის ჩაშლის მცდელობაშიც ედებოდა.
მოლდაველი ოლიგარქი აშშ-მა 2020 წელს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი წლების განმავლობაში უცნობი იყო. 2022 წელს სავარაუდო კორუფციის ბრალდებით, ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. ამავე წელს პლაჰოტნიუკი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა გაერთიანებულმა სამეფომაც და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ასევე გაყინა ოლიგარქის აქტივები.