საბიუჯეტო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მასკი ახალი პარტიის შექმნით იმუქრება

საბიუჯეტო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მასკი ახალი პარტიის შექმნით იმუქრება

კონგრესის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერილი საბიუჯეტო და საგადასახადო რეფორმების კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ახალი პარტიის შექმნით იმუქრება. მასკი, რომელიც კანონპროექტს „გულისამრევ საშინელებას“ უწოდებს, აცხადებს, რომ ის სწრაფად შექმნის ახალ „ამერიკის პარტიას“ და წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელებს დაუპირისპირდება.

„კონგრესის თითოეულმა წევრმა, რომელმაც სამთავრობო ხარჯების შემცირების კამპანია წამოიწყო და შემდეგ მაშინვე მხარი დაუჭირა ისტორიაში ვალის უდიდეს ზრდას, სირცხვილით თავი უნდა დახაროს. და თუ ეს დედამიწაზე ჩემი უკანასკნელი ქმედება იქნება, ისინი მომავალ წელს პრაიმერიზებში წააგებენ“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე, მოგვიანებით კი დაამატა: „აბსურდული ხარჯვის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მეორე დღესვე „ამერიკის პარტია“ ჩამოყალიბდება“.

მასკის განცხადებას Truth Social-ის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მილიარდერი გააფრთხილა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) მის წინააღმდეგ მიმართავდა: „ილონმა შესაძლოა იმაზე მეტი სუბსიდია მიიღო, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა ისტორიაში, თუმცა სუბსიდიების გარეშე მას ობიექტების დახურვა და სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება მოუწევდა. არანაირი რაკეტების გაშვებები, თანამგზავრები ან ელექტრომობილების წარმოება აღარ იქნება და ჩვენი ქვეყანა დიდ თანხას დაზოგავდა. იქნებ DOGE-მა ეს საკითხი კარგად გამოიკვლიოს? დიდი თანხები დაიზოგება“.

მასკი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის მთავარი მხარდამჭერიც იყო. მილიარდერმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიისთვის $250 მილიონზე მეტი დახარჯა. ამის შემდგომ მასკი სპეციალურად შექმნილ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა, მაგრამ „მთავრობის სპეციალური თანამშრომლისთვის“ განკუთვნილი სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

თუმცა მასსა და ტრამპს შორის დაპირისპირება DOGE-ის დატოვებამდეც დაიწყო და ეს სწორედ პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილ საგადასახადო კანონპროექტს უკავშირდებოდა. მასკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ბიუჯეტის დეფიციტს სულ მცირე $3.3 ტრილიონით გაზრდის. მილიარდერის მტკიცებით, ამ გზით მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის ეროვნული ვალი და DOGE-ის მიღებული დანაზოგიც სრულად  განადგურდება.

მასკის წინააღმდეგობის მიუხედავად, საბიუჯეტო კანონპროექტზე აშშ-ის სენატში კენჭისყრა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. რესპუბლიკელების მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ტრამპის პირველი ადმინისტრაციისას, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა თავდაცვის სფეროსა და დეპორტაციის დაფინანსება და სახელმწიფო ვალის ლიმიტის $4 ტრილიონით ზრდა. კენჟისყრა ოთხშაბათს დასრულდება. ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო ვალი $37 ტრილიონს აღწევს.