2017 წელი გადასახადის გადამხდელებისთვის სიახლეებით დაიწყო. მოგების გადასახადის რეფორმასთან ერთად, ძალაში შევიდა არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილება დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით. ერთი წლის წინ დაანონსებული მოგების გადასახადის რეფორმა საზოგადოებრივი მნიშვნელობის – ტოპ-ბიზნესსიახლედ იქცა და ამოქმედებამდე თვეების განმავლობაში ფართოდ განიხილებოდა. იმავეს ვერ ვიტყვით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ბიზნესი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო. შედეგად, ამ სიახლეს საწარმოთა უმრავლესობა მოუმზადებელი ხვდება.
2016 წლის დეკემბრის ბოლოს, დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა მალევე დაამტკიცა ცვლილება საგადასახადო კოდექსში. ცვლილების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე მყიდველისგან ავანსად მიღებული თანხები. ცვლილება არ გავრცელდა მომსახურების რეგულარულად მიწოდებასა და კომუნალურ მომსახურებაზე.
შედეგად, მიწოდების მომენტის ნაცვლად ოპერაციათა უდიდესი ნაწილის დაბეგვრის ვადამ გადაინაცვლა და საწარმოებს დამატებული ღირებულების გადახდა ავანსის მიღების თვეშივე მოუწევთ. მოულოდნელად განხორციელებული ცვლილება ბიზნესის წარმომადგენლების, სფეროს სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური განხილვის საგნად იქცა. ინიციატორთა არგუმენტები და დაინტერესებულ მხარეთა შეფასებები არაერთგვაროვანია.
ინიციატორთა პოზიციით, ცვლილება დაკავშირებულია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება, დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელი ნორმები შესაბამისობაში მოეყვანა ევროკავშირის საბჭოს 2006/112 დირექტივასთან, რომელიც მიზნად ისახავს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის წესების ჰარმონიზაციას ევროკავშირის ქვეყნებს შორის. დირექტივის 65-ე მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე თანხის ავანსად მიღებისას ოპერაცია იბეგრება ავანსის მიღების პერიოდში.
მართლაც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის მიხედვით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მიღებული ავანსის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის პრინციპს. მაგალითად, მიღებული ავანსები იბეგრება დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, ბულგარეთში, დანიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებში. საფრანგეთში, საბერძნეთში, ესტონეთსა და უნგრეთში ავანსების დაბეგვრის პრინციპი შესაბამის ოპერაციათა მხოლოდ ნაწილზე ვრცელდება. ლუქსემბურგი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც აღნიშნული წესი საერთოდ არ მოქმედებს.
მეორე მხრივ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნის გარდა, დამატებული ღირებულების გადასახადით ოპერაციების უფრო ადრე დაბეგვრის წესის შემოღება მიზნად ისახავს მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილობრივ კომპენსაციასაც. ცვლილების ამგვარი მიზანი ნაკლებად მისაღებია ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად მოელოდა ფულადი რესურსის გადინების შემცირებას, ახლა კი ოპერაციათა ნაწილის უფრო ადრე დაბეგვრა მოუწევს დამატებული ღირებულების გადასახადით. ამ თვალსაზრისით, მიმდინარე პერიოდის საგადასახადო ხარჯები განსაკუთრებით გაეზრდებათ გრძელვადიანი კონტრაქტის მქონე პირებს – მიღებული ავანსების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ნაწილში.
შემდგომი გართულებების თავიდან აცილებისა და ბიუჯეტში გადასახდელი თანხების უფრო ადრე მობილიზების მიზნით, აღნიშნულ პირებს არსებული ბიზნესგეგმების მოკლე დროში კორექტირება მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ ცვლილების ერთ-ერთ მთავარ გაცხადებულ მიზანს სწორედ ზემოხსენებული გრძელვადიანი კონტრაქტების მქონე პირების შემთხვევაში, განსაკუთრებით, სამშენებლო ბიზნესის გადასახადების ადმინისტრირების ხარვეზის აღმოფხვრა წარმოადგენს. ცვლილების ინიციატორთა პოზიციით, მანამდე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გადასახადის გადამხდელებს უჭირდათ ოპერაციის დაბეგვრის პერიოდის სწორად განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის შესაბამისი რეგულაციის ორაზროვნების გამო. ცვლილების განხორციელების მიზნებად აგრეთვე დასახელდა გადასახადისგან თავის არიდების შესაძლებლობის აღმოფხვრა, გადასახადის გადახდისუუნარობის პრევენცია მანამდე პრაქტიკაში გამოვლენილი ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც მყიდველისგან მიღებული ავანსიდან ბიუჯეტში გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელს მიწოდების მომენტში უკვე დახარჯული ჰქონდა.
წარმოდგენილი განმარტებების მიუხედავად, ცვლილებასთან დაკავშირებით მთელი რიგი დეტალები გაურკვეველი რჩება. ძირითადად ბუნდოვანია ავანსის ცნების განმარტება და შესყიდვის ოპერაციებზე დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის ნიუანსები. ასევე გასათვალისწინებელია მიწოდების ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის სირთულეები. ახალი რეგულაციით, მნიშვნელოვნად გართულდება გადასახადის ადმინისტრირება გადამხდელებისა და სახელმწიფოს მხრიდან. “ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ახალი კანონის მოქმედების პირობებში, ფაქტობრივად, გადამხდელთა მნიშვნელოვან ნაწილს მოუწევს საბუღალტრო ჩანაწერების ორმაგად წარმოება და აღრიცხვის გაცილებით დეტალური კონტროლი. აქედან გამომდინარე, კომპანიებს შესაძლოა დასჭირდეთ სააღრიცხვო სისტემის მოდიფიცირება, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ და დროით დანახარჯებთან, ასევე დამატებითი ადამიანური რესურსების მოძიებასთან. შედეგად, ბიზნესს აუცილებლად დასჭირდება გარკვეული პერიოდი ცვლილებასთან სრულყოფილი ადაპტაციისათვის.
ძალზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ცვლილების ასე ფორსირებით მიღება აგრძელებს იმ ცუდ ტრადიციას, როდესაც მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდებოდა ბიზნესთან არასაკმარისი კომუნიკაციის პირობებში, თანაც იმგვარად, რომ ბიზნესს საკმარისი დროც არ ჰქონდა ცვლილებასთან ადაპტაციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავრობა აღიარებდა ამგვარი ცვლილებების შესახებ ბიზნესის წინასწარ ინფორმირების საჭიროებასა და ადაპტაციისთვის მინიმუმ ექვსთვიანი ვადის მიცემის აუცილებლობას, ამ პრინციპის გათვალისწინება არც ამჯერად მოხდა, რაც, ბუნებრივია, ბიზნესის სამართლიან პროტესტს იწვევს. მეორე მხრივ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბიზნესთან სათანადო კომუნიკაციის გარეშე და დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც წესი, წარუმატებელია და ქვეყნის ეკონომიკისათვის არავითარი რეალური სარგებელი არ მოაქვს. ამრიგად, დაველოდოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს კონკრეტული ცვლილება და რა გავლენას მოახდენს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე, ასევე ბიზნესზე, შემდეგ კი უფრო საფუძვლიანად შეგვეძლება ამ ცვლილების მიზანშეწონილობაზე არგუმენტირებული მსჯელობა.