საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრეები რუსული ნავთობის ყიდვას თავს არიდებენ

საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრეები რუსული ნავთობის ყიდვას თავს არიდებენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ამის პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისთვის მძიმე, ნეგატიური შედეგები მოჰყვა. საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე მოვაჭრეები და მსხვილი შემსყიდველები თავს არიდებენ რუსული ნავთობის შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ ის საბაზრო ფასზე გაცილებით იაფადაა ხელმისაწვდომი.

ბრიტანული კვლევით ცენტრის, Energy Aspects-ის ინფორმაციით, რუსული წარმოების ნავთობის თითქმის 70% ბირჟებზე ვერ იყიდება, რადგან მისი შეძენით მოვაჭრეები არ ინტერესდებიან. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო კომპანიამ, Trafigura-მ გასაყიდად საბაზრო ფასზე 18.6 დოლარით იაფად გამოიტანა რუსული ნავთობი, თუმცა მისი შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს. მიუხედავად ფასდაკლებისა, ბაზარზე სამჯერ გამოტანის შემდეგადაც კი ვერ გაყიდა ნავთობი რუსულმა Surgutneftegas-მაც.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე პირდაპირი სანქციები ჯერაც არ დაუწესებია, მიუხედავად ამისა, მოვაჭრეები ნებაყოფლობით უცხადებენ ბოიკოტს რუსულ ნავთობს, რაც, ექსპერტების შეფასებით, სამხედრო აგრესიის მიუღებლობით და რეპუტაციის შენარჩუნების სურვილით აიხსნება.

S&P Global-ის შეფასებით, რუსული ნავთობის მიმართ გამოცხადებული ბოიკოტი საერთაშორისოა და მასში ჩინელი მოვაჭრეების ნაწილიც კი ერთვება.

საუდის არაბეთისა და აშშ-ის შემდეგ, რუსეთი მსოფლიოს რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოა. ის ყოველდღიურად, საშუალოდ, 5 მილიონი ბარელი ნავთობისა და 2.7 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებს. რუსული პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი კი ევროპაა, სადაც ამჟამად რუსულ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად მცირდება.

საგულისხმოა, რომ რუსეთის ეკონომიკა ყველაზე მეტად ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის გაყიდვაზეა დამოკიდებული. საგარეო ვაჭრობაში ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობის 54% ენერგოპროდუქტებზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე მოთხოვნის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.