პროტესტი არა მხოლოდ ადამიანის უფლება, არამედ ძლიერი იარაღია პოზიტიური ცვლილებისთვის. ამ უფლებას მთავრობები პატივს უნდა სცემდნენ, მაგრამ ხშირად ისინი პროტესტს საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხედ აღიქვამენ და რეპრესიებით თუ ძალადობით პასუხობენ. სწორედ ამის შედეგია, რომ 2022 წელს 156 ქვეყნიდან 86-ში დაფიქსირდა მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გადამეტების შემთხვევა.
სტატიაში გაანალიზებულია საერთაშორისო საპროტესტო მოძრაობებზე არსებული ინფორმაცია, სტატისტიკური მაჩვენებლები, პროტესტის მიზეზები, სამიზნეები, რეპრესიული მეთოდები და სხვ. სტატიის მიზანია, წარმოჩინდეს ეფექტიანი პროტესტისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდები და გაანალიზდეს მთავრობების საპასუხო სვლები, რათა აქტივისტები შესაბამისი თავდაცვითი მექანიზმებით აღიჭურვონ.
მნიშვნელოვანი ზოგადი სტატისტიკა
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტზე არსებული სტატისტიკური ინფორმაცია შედარებით მწირია და მეთოდოლოგიებიც განსხვავებული, არსებობს ორგანიზაციები, რომელთა მონაცემებითაც დასკვნების გაკეთება შეგვიძლია.
ერთ-ერთი ასეთია Global Protest Tracker-ი, რომლის თანახმად, 2017 წლიდან 2025 წლის იანვრის ბოლომდე მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში 800-ზე მეტი მნიშვნელოვანი ანტისამთავრობო პროტესტი იყო. მათგან მხოლოდ 18%-მა გასტანა სამ თვეზე მეტ ხანს.
რაც შეეხება უშუალოდ 2024 წელს, ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 160 მნიშვნელოვანი ანტისამთავრობო პროტესტი დაფიქსირდა. შეიმჩნეოდა ერთი საგულისხმო ტენდენცია – რადგან გასულ წელს განსაკუთრებით ბევრი არჩევნები ჩატარდა, შედეგებით და სხვა პოლიტიკური მდგენელებით უკმაყოფილებაც საგრძნობლად გაიზარდა.
პროტესტის გეოგრაფია
პროტესტის გეოგრაფიის ანალიზის საშუალებას Armed Conflict Location and Event Data (ACLED) გვაძლევს. ესაა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა მონაცემს აგროვებს. მათ შორისაა დემონსტრაციებიც. ორგანიზაცია წყაროებად ტრადიციულ და “ახალ მედიას”, ადგილობრივ პარტნიორებსა და ანგარიშებს იყენებს.
გასათვალისწინებელია, რომ ACLED-ი დეტალურ მონაცემებს გვთავაზობს. მაგალითად, პროევროპული პროტესტი, რომელიც საქართველოში აწ უკვე სამი თვეა გრძელდება, არა ერთ მოვლენად, არამედ დემონსტრაციების რაოდენობის მიხედვით აღირიცხება. ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, რაც განაპირობებს მონაცემების სხვა წყაროებთან მნიშვნელოვან სხვაობას.
ACLED-ის მონაცემებით, 2018-2024 წლებში მსოფლიოში 1,017,860 პროტესტი და აჯანყება დაფიქსირდა. აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონაცემების აღრიცხვას ორგანიზაცია 2018 წლიდან იწყებს გარდა აშშ-სა და კანადის რეგიონისა, რომლის აღრიცხვაც 2020 წლიდან იწყება.
ამის მიუხედავად, გრაფიკიდან ჩანს, რომ 2020 წელს საზოგადოებრივი არეულობა პიკს აღწევს, რაც იმის შედეგია, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში, ლოკდაუნების გამო შეკრების აკრძალვამ პროტესტის უფლება მნიშვნელოვნად შეზღუდა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი პანდემია მომავალში შეკრების თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვისთვის წინასწარ შესამზადებლად გამოიყენა.
რომელი რეგიონებია გამორჩეული პროტესტის სიხშირით? გრაფიკზე ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი პროტესტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშია, შემდეგ მოდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი, შემდეგ კი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ACLED-ის მონაცემებით, 2018-2024 წლებში პირველ სამ ადგილს ინდოეთი, აშშ და პაკისტანი იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ACLED-ის პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, პროტესტის სტატისტიკური მონაცემები ლოკაციების მიხედვითაც გაანალიზდეს. აქ პირველ ორ ადგილს სამხრეთ კორეული სეული იკავებს. მესამე ადგილზე კი ქალაქი ჯამუა ინდოეთში. მაგრამ რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, არის ის, რომ ამ ჩამონათვალში მეცხრე ადგილზეა თბილისი, სადაც, 2018-2024 წლებში 2,003 პროტესტი დაფიქსირდა.
რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ყველაზე მეტი პროტესტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშია? ან რატომ აპროტესტებენ ყველაზე მეტს ინდოეთში, ამერიკაში თუ პაკისტანში?
სწორედ აქ შემოდის პროტესტის სოციალური ასპექტი. ამ რეგიონებსა თუ ქვეყნებში პროტესტს პოლიტიკური რეპრესია, ეკონომიკური გამოწვევები, რელიგიური და ეთნიკური დაძაბულობა, მოსახლეობის რაოდენობა, შემადგენლობა და სხვა უამრავი ფაქტორი განაპირობებს. სწორედ მათ მიმოხილვას დაეთმობა მომდევნო ქვეთავი.
პროტესტის სოციოლოგია
პროტესტის მიზეზების, გამოყენებული მეთოდებისა და სხვა დეტალების ანალიზი Worldprotests.org-ის საშუალებითაა შესაძლებელი. ACLED-ისგან განსხვავებით, აქ არა ყველა პროტესტის, არამედ მთავარი პროტესტების სტატისტიკაა მოცემული.
პროტესტის მიზეზების დროში ცვლილების თვალსაჩინოებისთვის 2012-2022 წლების მაჩვენებლები გაანალიზდა. დროის ამ მონაკვეთში პროტესტის მთავარი მიზეზი პოლიტიკური რეპრეზენტაციის კრახი იყო. შემდეგ მოდიოდა ეკონომიკური სამართლიანობა, სამოქალაქო უფლებები და გლობალური სამართლიანობა.
რა შეიძლება იგულისხმება პოლიტიკური რეპრეზენტაციის კრახში ან ეკონომიკურ სამართლიანობაში? თუ ქვეკატეგორიებად დავყოფთ, აქ მთავარი გამოწვევები რეალური დემოკრატია, სამართალი, კორუფცია, ოლიგარქია, ხელფასები, ცხოვრების დაბალი სტანდარტები, უთანასწორობა და სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემებია.
დემონსტრანტების პროფილი აჩვენებს, რომ აქტივისტების, NGO-ებისა და პროფკავშირების გარდა, პროტესტში ყველაზე აქტიურადაა ჩართული Grasroot-ორგანიზაციები, სტუდენტები, მუშები და ქალები, რაც მიანიშნებს, რომ არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის მიმართ საშუალო კლასის უკმაყოფილება იზრდება.
მომიტინგეები პროტესტისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მათ შორის, ყველაზე ხშირად, მარშებს, საპროტესტო შეკრებებსა და ბლოკადებს. შემდეგ მოდის ინტერნეტაქტივიზმი, რაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ახალ, ციფრულ ერაზე მიანიშნებს. ძალადობასა და ვანდალიზმს შედარებით ნაკლები წილი აქვს.
პროტესტის ყველაზე დიდი სამიზნე ეროვნული მთავრობაა და ის სხვა დანარჩენს მნიშვნელოვნად უსწრებს. გარდა ამისა, დემონსტრანტები ხშირად უპირისპირდებიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას, ელიტებს, კორპორაციებსა და დამსაქმებლებსაც.
რეპრესიები, ყველაზე მეტად, დაკავებებში, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და სხვადასხვა ტიპის დაზიანებაში, მათ შორის, სიკვდილშიც კი აისახება. სხვა კარგად ნაცნობი და ნაცადი მეთოდებია ცრემლსადენი გაზის გამოყენება, შევიწროება, სასამართლო დავა და ა.შ.
დასკვნა
რა მიიღწევა პროტესტით? ამ კითხვაზე პასუხის ნაწილობრივად გაცემის შესაძლებლობას იძლევა კვლევა მსოფლიო პროტესტი: 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევები, რომელშიც 2006-2020 წლებში 101 ქვეყნის მაჩვენებლებია გაანალიზებული.
კვლევის თანახმად, განხილული პროტესტების 42%-მა მიაღწია რაიმე ტიპის წარმატებას. იგულისხმება არა მხოლოდ ერთი საპროტესტო გამოსვლა, არამედ ის პროტესტებიც, რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა.
წარმატების მეტი შანსი აქვს მთავრობის, რელიგიური ავტორიტეტებისა და დამსაქმებლების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტსა და კონკრეტულ მოთხოვნებს (ხელფასების ზრდა, სუბსიდიების აღდგენა, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება), ვიდრე სისტემური ცვლილების მოთხოვნას. რაც უფრო სტრუქტურულია პრობლემა და რაც უფრო ბუნდოვანი ოპონენტი, წარმატების შანსიც მით უფრო ნაკლებია.
ამავე კვლევით, ათწლეულის ბოლოს ანტი-ავტორიტარული მემარცხენე პოპულისტური პროტესტი მემარჯვენე პოპულისტურმა პროტესტმა შეცვალა. მემარჯვენე პოპულისტური პროტესტის მთავარ მახასიათებლებს შორისაა პოლიტიკური სისტემის დაგმობა, აქცენტი კორუფციაზე და “დიფსტეიტზე”, რომ მისი ჩრდილოვანი ძალები საშუალო კლასის ეკონომიკურ უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი პოლიტიკური სისტემის მიერ ხალხის საჭიროებების ვერ უზრუნველყოფაზე რაციონალური რეაქცია შეიძლება იყოს, ამ პოპულისტური ტალღის გვერდითი ეფექტი არის ის, რომ მემარჯვენეები საკუთარი უფლებების მოთხოვნასთან ერთად, უგულებელყოფენ იმ ჯგუფების (მაგალითად, იმიგრანტების) თანაბარ უფლებებსა და სტატუსს, რომლებიც, მაგალითად, მათ სამუშაო ადგილებს უქმნიან საფრთხეს და ხშირად, ძალადობის წამახალისებლებიც არიან.
მართალია, ამ კვლევის დასკვნები ხუთი წლით ადრეა გამოტანილი, მაგრამ ის დღესაც რელევანტურია, რაზეც მემარჯვენე პოპულისტური პოლიტიკის აღზევება მიუთითებს. ამის კარგი მაგალითია გერმანიის ბოლო არჩევნები, რომელშიც ულტრამემარჯვენე Alternative for Germany-მა (AfD) წინა კენჭისყრასთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელი, 20.8% აიღო. მაგრამ ეს ერთადერთი მაგალითი არაა და 2020 წლის შემდეგ მემარჯვენე განწყობები მთლიანი ევროპის მასშტაბით გაიზარდა.
*მასალა მომზადებულია ForSet-ის მონაცემთა კომუნიკაციის პროგრამის ფარგლებში.