სავაჭრო ომმა, რომელიც ტარიფებით არის გამწვავებული, 2025 წელს ეკონომიკურ კავშირებს საფრთხე შეუქმნა. Visual Capitalist-მა, Terzo-სთან პარტნიორობით, ის ქვეყნები გამოავლინა, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობაზე ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი.
ცნობისთვის, ეკონომიკის საერთაშორისო ვაჭრობაზე დამოკიდებულების ძირითადი საზომი ვაჭრობისა და მშპ-ის თანაფარდობაა. ეს თანაფარდობა კი არის ქვეყნის საქონლისა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ჯამი, გაყოფილი მის მშპ-ზე. უფრო მაღალი თანაფარდობა ნიშნავს, რომ ქვეყნის ზრდა, წარმოება და ღირებულებათა ჯაჭვები უფრო მეტად არის გადაჯაჭვული გლობალურ ნაკადებთან. შედეგად, ტარიფების ცვლილებასა და სავაჭრო ომებს შეიძლება ამ ქვეყნებზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს.
ჩამონათვალში ჰონგ-კონგს ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს, 350%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ნაკადები მისი ეკონომიკის ზომაზე სამჯერ მეტია. თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის გამო, ჰონგ-კონგი რეექსპორტის ცენტრის როლს ასრულებს, განსაკუთრებით მატერიკულ ჩინეთსა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს შორის.
საერთაშორისო ვაჭრობაზე დამოკიდებულების მხრივ მეორე ადგილზე სინგაპურია. ქალაქ-სახელმწიფოს სტრატეგიულმა მდებარეობამ, ძლიერმა ლოჯისტიკურმა ინფრასტრუქტურამ და გლობალურმა საბაზრო კავშირებმა მას, როგორც მთავარი სავაჭრო ცენტრის როლი დაუმკვიდრა.
| ქვეყანა | სავაჭრო ურთიერთობა მშპ-ის მიმართ (%) |
|---|---|
| ჰონგ-კონგი | 359% |
| სინგაპური | 322% |
| ირლანდია | 253% |
| არაბთა გაერთიანებული საამიროები | 202% |
| ვიეტნამი | 165% |
| ბელგია | 158% |
| ნიდერლანდები | 156% |
| მალაიზია | 137% |
| ტაილანდი | 137% |
| შვეიცარია | 134% |
წყარო: მსოფლიო ბანკი
შენიშვნა: სავაჭრო ურთიერთობის მაჩვენებელი მშპ-ზე შეიძლება აღემატებოდეს 100%-ს, რადგან ვაჭრობა ითვლება ექსპორტის და იმპორტის ჯამად, ხოლო მშპ ითვლის ექსპორტს, მაგრამ არ ითვლის იმპორტს.










