სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმების შესახებ საუბრობს: „კლიმატის ცვლილება მსოფლიო დღის წესრიგში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიულ მექანიზმად კი აქტიურად გამოიყენება ნახშირბადზე გადასახადების დაწესება, რაც გულისხმობს მწარმოებლების მიერ საქონლის წარმოებისას ატმოსფეროში გაფრქვეულ ნახშირორჟანგზე გარკვეული საფასურის გადახდას. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, ნახშირბადზე გადასახადი გავრცელდა მსოფლიო მასშტაბით ნახშირორჟნგის გაფრქვევების 23%-ზე.
ნახშირბადზე ფასდადების ორი ძირითადი მექანიზმი გამოიყენება: ნახშირბადზე გადასახადი და ემისიებით ვაჭრობის სისტემა (Emissions Trading System (ETS). ნახშირბადზე გადასახადის შემთხვევაში, გაფრქვეულ ნახშირორჟანგზე ან წიაღისეული საწვავის ნახშირბადის შემცველობაზე განისაზღვრება საგადასახადო განაკვეთი. რაც შეეხება ETS-ს, როგორც წესი, იგი იქმნება „cap-and-trade“ პრინციპზე დაყრდნობით; განისაზღვრება ელექტროენერგიის წარმოებისა და მსხვილი ინდუსტრიული დანადგარების მიერ ნახშირორჟანგის გაფრქვევის მაქსიმალური დასაშვები დონე, ხოლო სქემაში ჩართულ მწარმოებლებს გადაეცემათ ან საშუალება ეძლევათ, შეიძინონ გაფრქვევის „ნებართვა“ – სერტიფიკატი. პირველი საერთაშორისო ETS-ი 2005 წელს, ევროკავშირში დაინერგა. სერტიფიკატების შეძენა შესაძლებელია ევროპის ETS ბაზარზე, სადაც სერტიფიკატების ფასი მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება და ისტორიული მაქსიმალური ფასი მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა – 100.34 ევრო ერთი ტონა ნახშირორჟანგისთვის.
ცალკეულ ქვეყნებსა თუ რეგიონებში ნახშირბადზე გადასახადის დაწესებას, შესაძლოა, გარკვეული უარყოფითი მოვლენები ახლდეს. ყველაზე გავრცელებულია ფენომენია ე.წ. „ნახშირბადის გაჟონვა“: პროდუქციის მწარმოებლებს საწარმოო პროცესები გადააქვთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ნახშირორჟანგის გაფრქვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ არსებობს ან მინიმალურია და, ამგვარად, თავს არიდებენ ნახშირბადის გადასახდელის გადახდას, ადგილობრივ მწარმოებლებთან შედარებით კი გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებენ. „ნახშირბადის გაჟონვის“ თავიდან აცილებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ევროკავშირი საწარმოებს სუბსიდიებსა და ემისიების გარკვეული რაოდენობის უფასო სერტიფიკატებს სთავაზობდა. ამასთან, „ნახშირბადის გაჟონვის“ საწინააღმდეგოდ ევროკავშირმა მიმდინარე წლის აპრილში მასშტაბური ნაბიჯი გადადგა ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის შესახებ (Carbon Border Adjustment Mechanism (CBAM) რეგულაციის მიღებით.
CBAM-ი ითვალისწინებს ევროკავშირში იმპორტირებულ ზოგიერთ ნახშირბად-ინტენსიურ საქონელზე ნახშირბადის გაფრქვევის გადასახდელის დაწესებას. საწყის ეტაპზე მექანიზმი გავრცელდება ექვსი სახეობის საქონელზე, რომლებიც „ნახშირბადის გაჟონვის“ ყველაზე დიდ რისკს წარმოშობს: ცემენტი, რკინა და ფოლადი, ალუმინი, სასუქი, ელექტროენერგია და წყალბადი. CBAM-ი ავალდებულებს შესაბამისი საქონლის ევროკავშირში იმპორტიორებს, დაადეკლარირონ წინა წელს იმპორტირებული თითოეული პროდუქტის წარმოებით ატმოსფეროში გაფრქვეული სათბურის გაზების ოდენობა და ჩააბარონ შესაბამისი CBAM სერტიფიკატები. სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელი იქნება ერთიან პლატფორმაზე, მისი ფასი კი ევროკავშირის ETS-ის სერტიფიკატის ყოველკვირეული, საშუალო ფასით განისაზღვრება. ამასთანავე, CBAM-ის დანერგვის პარალელურად, 2026 წლიდან, ეტაპობრივად გაუქმდება ETS-ის სქემის ქვეშ გაცემული უფასო სერტიფიკატები.
CBAM-ის მიზანია ზოგიერთი იმპორტირებული საქონლის ისეთივე რეჟიმში მოქცევა, როგორიც ვრცელდება ადგილობრივი წარმოების საქონელზე. მექანიზმი ეყრდნობა პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული ნახშირორჟნგის გაფრქვევების რეალურ ოდენობებს, რაც გულისხმობს, რომ თუ მწარმოებელი შეძლებს წარმოების პროცესების დეკარბონიზებას, ან თუ წარმოების ქვეყანაში დაინერგება ემისიებით ვაჭრობის სისტემები ევროკავშირის ETS-ის ეკვივალენტური ფასით, იმპორტიორები აღარ დაექვემდებარებიან დამატებით CBAM სერტიფიკატების შეძენის ვალდებულებას. ამასთანავე, შესაძლებელია, ნახშირორჟანგის ემისიისისთვის წარმოების ქვეყანაში გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება CBAM-ის ფარგლებში ანგარიშსწორებისას.
CBAM-ი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, თუმცა 2026 წლამდე გარდამავალი პერიოდი გავრცელდება, რომლის დროსაც საქონლის იმპორტიორებს მხოლოდ ყოველკვარტალური ანგარიშგების ვალდებულება ექნებათ, CBAM სერტიფიკატების შეძენისა და შესაბამისი ვალდებულების გარეშე. ანგარიშგებისას უნდა მიეთითოს იმპორტირებულ საქონლის წარმოებით გამოწვეული სათბურის გაზების ემისიების ოდენობა, რაც გულისხმობს როგორც პირდაპირ, ისე – არაპირდაპირ ემისიებს. გარდამავალი პერიოდის შემდგომ, არაპირდაპირი ემისიები გაითვალისწინება მხოლოდ ცემენტისა და სასუქის სექტორებში. ამასთანავე, გარდამავალ პერიოდში ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, იმპორტიორს შესაძლებელია დაეკისროს 10-დან 50 ევრომდე ჯარიმა ნახშირორჟანგის თითოეული ტონა არადეკლარირებელი გაფრქვევისთვის.
CBAM-ი შეესაბამება „ვინც აბინძურებს, ის იხდის“ პრინციპს და მსგავსი შინაარსის პირველი საერთაშორისო მექანიზმია. არსებობს მოლოდინი, რომ CBAM-ი წაახალისებს ქვეყნებს, შექმნან ნახშირბადის ფასდადების ეროვნული მექანიზმები და ამგვარად უზრუნველყონ ატმოსფეროს დაბინძურებასთან დაკავშირებული გადასახდელის საკუთარ ქვეყანაში დატოვება, ნაცვლად ევროკავშირში გადადინებისა. ევროკავშირის შეფასებით, სრულად ამოქმედების შემდგომ, CBAM-ი დაფარავს იმ სექტორების ემისიების 50%-ზე მეტს, რომლებზეც ვრცელდება ETS-ი და 2030 წლისთვის შესაბამის სექტორებში ნახშირორჟანგის ემისიებს 14%-ით შეამცირებს.
CBAM-ი უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლიმატის დასაცავად, თუმცა, ასევე საგრძნობ გავლენას იქონიებს საერთაშორისო ვაჭრობაზე. განვითარებად ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ CBAM-ით კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის ტვირთი მათზე გადმოდის. Bloomberg Intelligence-ის ანალიზის მიხედვით, მექანიზმმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის იმპორტის ხარჯები 19%-მდე გაზარდოს. კლიმატის, განვითარებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფის კვლევის მიხედვით, CBAM-ის ამოქმედების შედეგად მოსალოდნელია ცალკეულ განვითარებულ ქვეყნებში კეთილდღეობის ზრდა 11 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ცალკეულ განვითარებად ქვეყნებში კეთილდღეობის 9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით შემცირება. London School of Economics-და და African Climate Foundation-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, CBAM-ის ამოქმედებით, შესაძლებელია, აფრიკის მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად შემცირდეს 25 მილიარდი აშშ დოლარით. გარდა ამისა, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა, ეჭვქვეშ აყენებს CBAM-ის თავსებადობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებსთან, რომლებიც იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების საქონლის მიმართ თანაბარ მოპყრობას მოითხოვს.
რაც შეეხება საქართველოზე CBAM-ის უშუალო გავლენას, ამ მხრივ, აუცილებელია სათანადო კვლევების განხორციელება. 2022 წელს ევროკავშირში საქართველოდან 862.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც სრული ექსპორტის ღირებულების 15.4%-ია. აუცილებელია საქართველოში არსებული იმ მწარმოებლების სათანადოდ მომზადება, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან CBAM-ის მოთხოვნებს დაექვემდებარებიან. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს წარმოების პროცესში გაფრქვეული ნახშირორჟნგის ოდენობის გაანგარიშების მეთოდოლოგიების დანერგვას, რაც, შესაძლოა, გარკვეულ გამოწვევებთან იყოს დაკავშირებული“.