საირიგაციო სექტორის რეგულირების მნიშვნელობა

საირიგაციო სექტორის რეგულირების მნიშვნელობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორი, გივი სანიკიძე საირიგაციო სექტორის რეგულირების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე საუბრობს:

„სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია და მოწინავე პოზიციები უჭირავს ქვეყნის ექსპორტში, მისი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (6%) საკმაოდ დაბალია, რაც, თავის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის დაბალ მაჩვენებელზე მეტყველებს. პროდუქტიულობის ზრდისა და მაღალი ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს კი ეფექტიანი საირიგაციო მომსახურება წარმოადგენს. ირიგაციის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება  კლიმატის გლობალური ცვლილებების კონტექსტშიც. ამ მიმართულებით ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

სოფლის მეურნეობის სექტორში პროდუქტიულობის ზრდა შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს, ერთი მხრივ, საირიგაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხოლო მეორე მხრივ, არსებული წყლის რესურსის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფით.

საირიგაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით უკვე წლებია, მიმდინარეობს მუშაობა, რაც გამოიხატება არსებული, მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და ამ გზით გასარწყავებული ფართობების ზრდაში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (მათ შორის: მსოფლიო ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, აზიის განვითარების ბანკსა და სხვა დონორ ორგანიზაციებს), რომელთა ჩართულობითა და ძალისხმევით ხორციელდება ეგრეთ წოდებული „საპილოტე“ პროექტები, რაც საშუალებას მისცემს ამ პროცესში მონაწილე მხარეებს, შეაფასონ და დასახონ სექტორის შემდგომი განვითარების ოპტიმალური სტრატეგია და მიმართულებები.

რაც შეეხება წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ერთად უფრო და უფრო დეფიციტური ხდება მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ, თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, რომელიც დაარეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობას და მათ  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს, აგრეთვე პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობის პირობებს.

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება მისი მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის  – მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვას, მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციას, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას და მიწოდების წერტილში მიღებული წყლის რაციონალურად განაწილებას.

აღნიშნული კანონი და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტები, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებით დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, პირველადი წყალმოსარგებლის მფლობელობაში არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის  ეფექტიან მართვასა და განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. კანონის მიხედვით, პირველადი წყალმოსარგებლე ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და წყლის მიწოდებას.

პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მის მფლობელობაში არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის მეშვეობით გაწეული მომსახურების  ხარისხი სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად ასევე დამოკიდებული იქნება მის ფინანსურ მდგომარეობაზე. პირველადი წყალმოსარგებლის აუცილებელი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია მისი ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადო დონეზე შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის.

დღეისათვის საირიგაციო სისტემის მართვასა და მომხმარებლების საირიგაციო წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს „საქართველოს მელიორაცია“. თუმცა „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გაწეული მომსახურების დღეს მოქმედი საფასურით მიღებული შემოსავლები არ არის საკმარისი სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ და, შესაბამისად, დამატებით საჭირო ფინანსური რესურსის აკუმულირება ხორციელდება კომპანიის სუბსიდირების გზით.

აღნიშნული საკითხის მოწესრიგება შესაძლებელია ადგილობრივ რეალობაზე მორგებული, სწორი სატარიფო პოლიტიკის საფუძველზე. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და მის საფუძველზე ტარიფების დადგენის უფლებამოსილება კანონმა მიანიჭა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. კომისიის მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადებში შემუშავებულ და დამტკიცებულ იქნა სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც მომზადებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების და რეგულირების პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც დაიცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან, სტიმულს მისცემს რეგულირებულ საწარმოს, გაზარდოს ეფექტიანობა და ხელს შეუწყობს მის სტაბილურ და საიმედო ფუნქციონირებას“.