საჯარო სერვისების ლიდერი

საჯარო სერვისების ლიდერი

საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში 190 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციებს იკავებდა. ბიზნესის კეთების სიმარტივეში მთავარ როლს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები თამაშობდა — სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სისტემური რეფორმების შემდეგ საქართველო მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგში B-READY-პოზიციებს გაუმჯობესებს.

საქართველო წლების განმავლობაში უძრავი ქონების და ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე იყო. თუკი მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგის Business Ready-ის შედგენის მეთოდოლოგიას გავეცნობით, ვნახავთ, რომ მოწინავე პოზიციების შენარჩუნების მთავარი გარანტი კვლავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომლის ძირითადი მანდატი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური რეფორმები, რომლებიც სერვისების სრულყოფასა და გამარტივებაზე იყო მიმართული, მკითხველისთვის უცხო სულაც არ არის.

დღეს რეესტრში ისეთ სამ ძირითად რეფორმაზე მუშაობენ, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია, საქართველოს სრული დამისამართება და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის სრულყოფილი იმპლემენტაცია.

აღნიშნულ რეფორმებს 2000-მდე პროფესიონალისგან შემდგარ გუნდთან ერთად დღეს დავით დევიძე უძღვება. სწორედ ის გაუზიარებს Forbesის მკითხველს ინფორმაციას მიმდინარე რეფორმებსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიულ ხედვაზე.

დავით დევიძე რეესტრს 2009 წელს, იურიდიული სამსახურის სტაჟიორის როლში შეუერთდა. 2009-2014 წლებში რეესტრის სხვადასხვა სამსახურში იურისტად მუშაობის შემდეგ – სააგენტოს მონაცემთა და ინფორმაციის ხარისხის კონტროლის სამსახური, ხოლო 2015 წელს იურიდიული დეპარტამენტი ჩაიბარა. რეესტრში 13-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, დავით დევიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე საჯარო რეესტრი წლებია, მუშაობს. ამ მანდატის სრულყოფაზეა მიმართული მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც აქტიურ ფაზაში 2022 წლის დასაწყისში შევიდა.

პროცესი საქართველოში არსებული ყველა მიწის ნაკვეთის აზომვას, მისი მესაკუთრის მოძიებასა და მიწის რეგისტრაციას გულისხმობს. რეფორმის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება — სად მდებარეობს, ვის ეკუთვნის, რა დანიშნულებისაა და რა სამართლებრივი საფუძვლით მიეკუთვნა ის კონკრეტულ მესაკუთრეს.

ამ თემაზე საუბრისას, პროცესის სირთულის აღსაქმელად, აუცილებელი ხდება წარსულში განხორციელებული მსგავსი რეფორმების შეფასებაც. დავით დევიძე იხსენებს, რომ 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა იქცა. 1992-1999 წლებში მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის მიმართულებით ჩატარებული რეფორმა ქვეყნისთვის რთულ პერიოდს ემთხვეოდა. წარმატებული კი ამ რეფორმაში მხოლოდ მიწის თავდაპირველი დანაწილების პროცესი აღმოჩნდა, კერძოდ: მიწის ფონდი თანაბრად დაიყო კომლებზე და დაზუსტდა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის გადაცემული მიწის ფართობები. თუმცა არ დაზუსტებულა მათი ადგილმდებარეობა და სრულყოფილად არ შევსებულა სარეგისტრაციო დოკუმენტები.

რეფორმის მეორე ტალღა 1999-2003 წლებში გატარდა. 2003 წლის არჩევნებისთვის მზადებისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ პოპულისტური დაპირების შესასრულებლად და ე.წ. „მილიონი სამუშაო ადგილის“ შესაქმნელად მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. რეფორმაზე $50 მილიონამდე დაიხარჯა, თუმცა ეფექტიანი პროცესის ნაცვლად, კვლავ ხარვეზებიანი და უშედეგოდ დასრულებული რეფორმა მივიღეთ: არ შექმნილა სწორი ნახაზები ან დეტალიზებული ამონაწერები, გაჩნდა მიწების ზედდებისა და გადაფარვის პრობლემა, რამაც შემდგომში საკუთრების რეგისტრაცია კიდევ უფრო გაართულა.

2004 წელს დაფუძნდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. დავით დევიძე იხსენებს, რომ თავდაპირველად რეესტრში ქონების რეგისტრაცია ე.წ. დასწრების პრინციპით მიმდინარეობდა. სახელმწიფო შეზღუდული და არასრული მონაცემების ფლობის გამო, ნდობას უცხადებდა მოქალაქეებს და გათვლა მათ კეთილსინდისიერებაზე ჰქონდა. შესაბამისად, თუკი მოქალაქე ითხოვდა ქონების რეგისტრაციას კონკრეტულ ადგილას, რეესტრი ამ რეგისტრაციას ასრულებდა. ამ შემთხვევაში, თაღლითობის მაღალი რისკი წარმოიშვა და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს მიდგომაც ახალი პრობლემების წყაროდ იქცა.

შემდეგი ნაბიჯი სისტემაში ამ მიმართულებით 2012 წელს, კვლავ წინასაარჩევნოდ გადაიდგა. დავით დევიძის თქმით, წინასაარჩევნოდ საქართველოში 500,000-ზე მეტი ამონაწერი დაიბეჭდა. დოკუმენტები კი მეტწილად შევარდნაძის რეფორმის დროს მომზადებულ არავალიდურ ნახაზებს ეყრდნობოდა. ამ მოკლე პერიოდში საჯარო რეესტრში დღეში 120,000 რეგისტრაცია სრულდებოდა. ამ შემთხვევაშიც, მონაცემები ობიექტურ რეალობას მკვეთრად იყო აცდენილი და რეესტრს კვლავ ნაცნობ წრეზე, რეგისტრირებული მონაცემების გასწორების გზით მოუწია წასვლა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, 2016 წელს, საქართველოში მიღებულ იქნა კანონი მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის შესახებ. ახალი სამართლებრივი ბაზა ამ პერიოდში სისტემური რეგისტრაციის დასაწყებად საკმარისი არ აღმოჩნდა და რეფორმა სრული მასშტაბით 2022 წლის იანვარში დაიწყო.

„ახალი კანონი ოპტიმალური და ეფექტიანი იყო არსებულ პრობლემასთან მიმართებით, თუმცა ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი საამზომველო ხელსაწყოებისა და კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობის გამო, რეფორმა 2016 წელს ვერ დავიწყეთ“, – იხსენებს დავით დევიძე და აზუსტებს, რომ ორგანიზაცია მაშინ არც მატერიალურ-ტექნიკური და არც ადამიანური რესურსის თვალსაზრისით რეფორმის საველე ნაწილის დასაწყებად მზად არ იყო.

„2022 წლის დასაწყისში იუსტიციის მინისტრის, ბატონ რატი ბრეგაძის ინიციატივით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსების მობილიზების შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ მომზადება ფართომასშტაბიანი საველე მუშაობისთვის“, – გვიყვება საჯარო რეესტრის თავმჯდომარე და გვიზიარებს ჩატარებული სამუშაოების სპეციფიკას.

ფინანსური რესურსის მობილიზების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო ტექნიკური გადაიარაღებისა და თანამშრომლების მომზადება-გადამზადების პროცესი.

ტექნოლოგიური რესურსის განახლება რეფორმის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო. როგორც დავით დევიძე გვიხსნის, მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრმა შეიძინა უახლესი საამზომველო ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც მიწის ნაკვეთებზე კოორდინატების დადგენა 1 სმ-იანი სიზუსტით არის შესაძლებელი. ამასთან, რეფორმის მიზნებისთვის საქართველო დაიფარა საბაზისო სადგურებით, საიდანაც კოორდინატების ათვლა მიმდინარეობს.

ამავე პერიოდში საჯარო რეესტრმა უზრუნველყო 660 ადამიანის გადამზადება – მათ შეიძინეს ახალი პროფესია და გახდნენ სერტიფიცირებული ამზომველები. მათი დახმარებით, საჯარო რეესტრი ყოველდღიურად 2,500 მიწის ნაკვეთის კოორდინატებს აზუსტებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებიდან დღემდე, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 400,000-მდე მეტი მიწის ნაკვეთი, 104,000 ჰექტარზე მეტი ჯამური ფართობით. საკუთრების უფლება კი დარეგისტრირდა 310,000-მდე მეტ მიწის ნაკვეთზე.

„ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩვენი შედეგები აშშ-ში გამართულ მიწის ამზომველთა კონფერენციის მონაწილეებისთვის სხვა ქვეყნებიდან. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში წელიწადში 3000 მიწის აზომვა ხერხდება“, — იხსენებს დავით დევიძე და ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, აღნიშნულ გამოცდილებას საქართველო მომდევნო წლებში უგანდასა და სხვა დაინტერესებულ ქვეყნებს გაუზიარებს.

საქართველოს მუნიციპალიტეტებში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, მიწის სისტემური რეგისტრაცია წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით დაიწყო. საპილოტე პროექტის შედეგად საჯარო რეესტრმა განსაზღვრა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მიწის რეგისტრაციისთვის ოპტიმალური პერიოდები, რაც მეტწილად დაეფუძნა გარემო და მეტეოროლოგიურ ფაქტორებს, მუნიციპალიტეტების სოციალურ ან ეკონომიკურ მახასიათებლებს.

რეფორმა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს: საჯარო რეესტრის პორტალ napr.gov.ge-ზე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია მიწის რეგისტრაციის გრაფიკი და სხვა საჭირო ინფორმაცია. ამასთან, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი ადგილზე, მიწების აზომვისა და შემდგომი რეგისტრაციის პროცესში. „მიწის ამზომველებს საველე პირობებშიც აქვთ წვდომა ყველა საჭირო მონაცემთა ბაზასა და ელექტრონულ ოქმებზე, შედეგად, ადგილზევე ზუსტდება ყველა ის გარემოება და დეტალი, რომლებიც შესაძლოა, სადავო ან ბუნდოვანი იყოს. ეს გამორიცხავს შემდეგში რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზების არსებობას“, – აღნიშნავს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე და დასძენს, რომ პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებებიც არიან ჩართულები, მათ შორის: სახელმწიფო ქონების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვის სააგენტო და სხვა, რათა სრულად იყოს დაცული როგორც კერძო მესაკუთრის, ისე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების ინტერესები.

„ყველა აღნიშნული პროცედურა მოქალაქეებისთვის უფასოა. პროცესში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინფორმატშიც, მათ შორის – ემიგრანტებისთვის. ვფიქრობ, მაქსიმალურად არის ინფორმირებული მოსახლეობა და საჯაროობის მასშტაბებიც გამორიცხავს ყველა რისკს პროცესში, მათ შორის – კორუფციისას“, – კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას დავით დევიძე პროცესის მოქნილობასა და სანდოობაზე და დასძენს, რომ მოქალაქეებს კანონით დადგენილი პროცესებითა და ვადებით შეუძლიათ, არ დაეთანხმონ რეესტრის მიღებულ გადაწყვეტილებას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მოითხოვონ მიწის ხელახალი აზომვა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცედურებზე საუბრის შემდეგ, საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ რეფორმის მოსალოდნელ შედეგებსა და გავლენაზეც ისაუბრა: „პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მიწასთან დაკავშირებით გვექნება სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია. ეს გაამარტივებს და კიდევ უფრო გასაგებს გახდის ეკონომიკურ ბრუნვას“. დავით დევიძე უკვე შესამჩნევ შედეგებზეც მიუთითებს და ამბობს, რომ რეფორმის დაწყების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა ტრანზაქციები. მისი თქმით, თუკი აქამდე ეს ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი იყო და მეტწილად მიწა ზეპირი გარიგებებით იცვლიდა მფლობელს, დღეს ეკონომიკის აქტორებისთვის ეს ტრანზაქციები ხელმისაწვდომია.

რესპონდენტის თქმით, რეფორმის შემდეგ შინამეურნეობებს გაუჩნდებათ დამატებითი შესაძლებლობა კაპიტალის მოსაზიდად, რათა განავითარონ საკუთარი ფერმერული მეურნეობები თუ მცირე საოჯახო ბიზნესები. „ფინანსური ინსტიტუციებისთვის ხშირად გაუგებარია, აქტივის მფლობელი ვინ იყო და შესაძლებელი იყო თუ არა აქტივის იპოთეკით დატვირთვა, მაღალი იყო რისკიც ამ მიმართულებით, შესაბამისად, პირთა ფართო წრისთვის ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული იყო“, – გვიხსნის დავით დევიძე არსებული გამოწვევების არსს და თვლის, რომ ახალი რეალობა ეკონომიკური დოვლათის შექმნაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

რეფორმის შედეგები მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მუნიციპალიტეტებისთვისაც. დავით დევიძე გვიხსნის, რომ მიწის ფონდის შესახებ არსებული არაზუსტი ინფორმაცია აფერხებს მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას: „საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში მნიშვნელოვნად არ განახლებულა მონაცემები, თუ რა მოცულობის სასოფლო-სამეურნეო, სახნავი, საძოვარი ან სათიბი მიწაა ქვეყანაში. არადა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ფორმა შეიცვალა. დღეს სხვა რეალობაა“.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული რეფორმის პარალელურად საჯარო რეესტრი საქართველოს დამისამართებაზე მუშაობს.

„დამისამართების პროექტი სივრცეში ორიენტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა. ამ მიმართულებით მთელი რიგი სამუშაოები საქართველოში არასდროს ჩატარებულა“, – გვიყვება დავით დევიძე და აზუსტებს, რომ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის დასახლებული პუნქტების 70% დღეს უმისამართოა, არ არის დაზუსტებული და დადგენილი მუნიციპალური და სოფლის საზღვრები. ამ გამოწვევის საპასუხო რეფორმა 2022 წელს დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ საქართველოს სამისამართო რეესტრი სრულყოფილი უნდა იყოს.

„რეფორმაზე მუშაობა გეოდეზიური ფონდის მასალების დამუშავებით დაიწყო. მთავარი წყარო 1991 წლის ტოპოგრაფიული რუკაა, რომელზეც საკმაოდ მაღალია ცდომილება, თითქმის 300 მ“, – დამისამართების პროცედურებს აღწერს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე და გვპირდება, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ცდომილება რუკებზე მაქსიმუმ 1 სანტიმეტრი იქნება.

„დამისამართების მიზნით, რეფორმის დაწყებიდან დღემდე, დამუშავდა 60 მუნიციპალიტეტისა და 3,692 დასახლების საზღვრები, შეიქმნა შესაბამისი კარტოგრაფიული მონაცემები. 2 485 სოფელში, სადაც არასდროს ყოფილა ქუჩები ფორმირებული, შეიქმნა 45,692 ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის ნახაზები“.

საზღვრების დაზუსტებაში საჯარო რეესტრის 30- მდე ადამიანია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში კი მიწის სისტემური რეგისტრაციის ამზომველებიც არიან ჩართულები. 2023 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტს წარედგინება ყველა მუნიციპალიტეტის რუკა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, სადაც დეტალიზებული იქნება მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საზღვრები. საზღვრების დადგენის შემდეგ საჯარო რეესტრი მზად არის, დაიწყოს მისამართების ფორმირება, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ქუჩების ფორმირებასა და ნუმერაციას. დავით დევიძე განგვიმარტავს, რომ ქუჩების სახელდება მუნიციპალიტეტების მანდატი იქნება.

„მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით ყველა მუნიციპალიტეტის ყველა ქუჩა გვექნება ფორმირებული და ქუჩაზე მდებარე უძრავი ნივთების ნუმერაციაც იქნება დასრულებული. გამარტივდება მისამართის მიგნებადობა და ის სრულად იქნება თანხვდენილი დამისამართების საერთაშორისო სტანდარტებთან“. საჯარო რეესტრის თავმჯდომარის თქმით, რეფორმის დასრულების შემდეგ საქართველოში გვექნება ნავიგაციის სრულყოფილი სისტემა, რომელზეც მოცემული იქნება გზათა ქსელი, უძრავი ქონება და მიწები შესაბამისი მისამართებით. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სახელმწიფო სერვისების, მათ შორის გადაუდებელი დახმარების, მიწოდებას.

აღნიშნულ რეფორმებზე საუბრის შემდეგ ბიზნესის კეთების სიმარტივის თემას ვუბრუნდებით. დავით დევიძის თქმით, 2022 წლიდან ამოქმედებული ახალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სრულადაა თანხვდენილი ევროკავშირის დირექტივებთან და ჰარმონიზებულია ეკონომიკური გაერთიანების საუკეთესო პრაქტიკებთან.

„იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძირითადი მიზანი ახალ კანონზე მუშაობისას იმ სიმარტივისა და მოქნილობის შენარჩუნება იყო, რაც წამყვანი დასავლური ეკონომიკებისგან ადრეც გამოგვარჩევდა“, – გვიყვება დავით დევიძე და აღნიშნულ რეფორმაზე ევროპის ბიზნესრეესტრების გაერთიანების შეფასებებსაც გვიზიარებს. მისი თქმით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი 255 მუხლს მოიცავს, თუმცა თავად ევროპული პრაქტიკისგან მას ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ვადების სიმცირე გამოარჩევს. 2024 წელს საქართველო ბიზნესრეესტრების გაერთიანების წევრი 42 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს, რათა ის გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიაროს, რაც საჯარო რეესტრის საქმიანობას სხვა ქვეყნების რეესტრებისგან გამორჩეულს ხდის.

„ევროპელ კოლეგებს ძალიან აინტერესებთ, როგორ არის შესაძლებელი რეგისტრაციის ვადების შემცირება. ჩვენ ვუზიარებთ მათ ქართულ პრაქტიკას, რაც რეესტრებისა და სახელმწიფო უწყებების ინტეგრირებულ და სინქრონიზებულ მუშაობას გულისხმობს“.

ახალი კანონის მოქნილობასა და სიმარტივეზე, დავით დევიძის შეფასებით, რეესტრის მიმდინარე შედეგებიც მეტყველებს. ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი განაცხადების 97% დღეს ხარვეზის გარეშე სრულდება. ახალი კანონის ამოქმედებიდან დღემდე 115,000 ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის თავმჯდომარის თქმით, პროცესები „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გამარტივდა.

რეგისტრაციასთან ერთად, კომპანიებისთვის გამარტივდა სახელმწიფოსა და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობაც. რეესტრის მიერ წარმოდგენილი ახალი ელექტრონული პორტალის საშუალებით შესაძლებელი ხდება ოფიციალური კორესპონდენციების გაცვლა; ამასთან, ბიზნესსუბიექტთან დაკავშირებულ ყველა უფლებამოსილ პირს აქვს შეუზღუდავი წვდომა კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციასა და განახლებაზე.

ახალი კანონის თანხმად, ყველა ბიზნესსუბიექტი ვალდებულია, გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია. აღნიშნული ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. „აქტიურად და მრავალი საკომუნიკაციო არხით ვმუშაობთ ბიზნესების ინფორმირებაზე, რათა დროულად გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია“, – გვეუბნება დავით დევიძე და აზუსტებს, რომ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანიებისთვის პროცედურები რთულდება და ნაცვლად მარტივი, ერთდღიანი ამოცანისა, ისინი განსხვავებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან.

ბიზნესუწყვეტობის მხარდასაჭერად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იუსტიციის სახლები სრულად არიან მზად, სათანადო კონსულტაცია გაუწიონ ბიზნესებსა და მათ წარმომადგენლებს.

„მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ერთ-ერთი მიზანია, დავაზუსტოთ მოქმედი ბიზნესების რაოდენობა. მათ შორის – დარგობრივ ჭრილში. მომდევნო წლიდან ჩვენ ზუსტად გვეცოდინება, რა ტიპისა და პროფილის ბიზნესები ოპერირებენ საქართველოში“.

ინტერვიუს მსვლელობისას რესპონდენტის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება არაერთხელ გახდა თვალსაჩინო. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რეფორმების შინაარსსა და მიმდინარეობაზე ვსაუბრობდით.

დავით დევიძესთან რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ინტერვიუ საჯარო რეესტრის გრძელვადიანი ხედვის განხილვით დაგვესრულებინა.

აქ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება. დავით დევიძის თქმით, ახალი რეფორმა საქართველოს ქალაქებში 3D-კადასტრის შექმნას ისახავს მიზნად: „თვითმმართველი ქალაქების მრავალბინიან შენობებში დაზუსტდება შიდა აზომვითი ნახაზები. შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შენობა-ნაგებობის სრული ვიზუალიზაცია“. შედეგად, რეფორმის დასრულების შემდეგ საჭირო აღარ იქნება ფაქტობრივ მისამართზე ვიზიტი, რათა დაზუსტდეს, რა ობიექტური რეალობაა ადგილზე.

ეს რეფორმა სრულად ემთხვევა საჯარო რეესტრის ხედვას, აქტიურად დანერგონ პრაქტიკაში ე.წ. „ჭკვიანი გარიგებები“ (Smart Contracts). დავით დევიძის თქმით, მომავალში მობილური ტელეფონებიდან, პლანშეტებიდან და სხვა მსგავსი გაჯეტებიდან შესაძლებელი იქნება ისეთი ელექტრონული გარიგების დადება და ტრანზაქციის განხორციელება, როგორიცაა უძრავი ქონების გაყიდვა, ბიზნესის რეგისტრაცია და სხვა. საჯარო რეესტრის თავმჯდომარის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სრულად ელექტრონულ წარმოებას გულისხმობს: „საქართველოს ან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოს მოქალაქე შეძლებს, ელექტრონულად მიჰყვეს პროცესებს, მაგალითად, მოიძიოს უძრავი ქონება, გაარკვიოს მისი უფლებრივი სტატუსი, გადაიხადოს თანხა და მომენტალურად დაირეგისტრიროს უძრავი ქონება“. აღნიშნული ხედვა არა მხოლოდ პროცესის გამარტივებას და მხარეებს შორის ნდობის გაზრდას გულისხმობს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ფარული და რისკის შემცველი ტრანზაქციების პრევენციასაც შეუწყობს ხელს.

ცხადია, ეს მიზანი გადაჯაჭვულია ბევრ სხვა ისეთ ციფრულ რეფორმასთან, რომლებიც ან უკვე მიმდინარეობს საჯარო რეესტრში, ან ახლო მომავალში დაიწყება. მათ შორისაა ციფრული არქივის შექმნა, რეგისტრაციისა და რეესტრების მუშაობაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და ა.შ.

გაციფრულების მასშტაბების ზრდის ფონზე, რეესტრი აქტიურად მუშაობს უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებაზე. „წლების წინ ჩვენ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ორგანიზაცია ვიყავით, რომელმაც საქმიანობაში ბლოკჩეინტექნოლოგია დანერგა“, – გვიყვება დავით დევიძე და ამბობს, რომ უსაფრთხოების მრავალფაქტორიანი სისტემის სრულყოფა საჯარო რეესტრის პრიორიტეტია.

ინტერვიუს ბოლოს დავით დევიძე კიდევ ერთხელ გვახსენებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხედვას: „სიახლეებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომებით ჩვენ ვქმნით საზოგადოების მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურების სახეებს“.

 

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia