Billboard-ის მონაცემებით, ოქტომბერ-მარტის პერიოდში, ტოპ-10 საკონცერტო ტურნეს გაყიდვები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა – ექვს თვეში ჯამურმა შემოსავალმა $1.5 მილიარდს გადააჭარბა. Billboard-ის ანგარიში არ მოიცავს ტეილორ სვიფტის Eras Tour-იდან მიღებულ შემოსავალს, რომლის მონაცემები მომღერალს Billboard Boxscore-თან არ გაუსაჯაროებია.
Billboard Boxscore-ის ანგარიში ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით ტოპ-10 ტურნეს გაყიდვებს მოიცავს. ამ ექვს თვეში ტოპ-10 ტურნეს კოლექტიურმა შემოსავალმა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 83%-ით გადააჭარბა და შუაწლიურ ანგარიშში პირველად გადააჭარბა $1-მილიარდიან ნიშნულს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოქტომბერ-მარტის პერიოდში, ტოპ-10-დან რვა ტურნეს შემოსავალმა გადააჭარბა $100 მილიონს, მაშინ როდესაც გასულ წელს $100 მილიონზე მეტი მხოლოდ ორმა საკონცერტო ტურნემ გამოიმუშავა. ამ ეტაპისთვის, წლის ყველაზე შემოსავლიანი ტურნე U2-ს ეკუთვნის – ჯგუფმა $230 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
Billboard-ის მონაცემებით, მეორე და მესამე პოზიციებზე ფინქი და მადონა არიან. ორივე შემთხვევაში, საკონცერტო ტურნეებიდან მიღებულმა შემოსავალმა $190 მილიონს გადააჭარბა. ჟანრების მიხედვით, ყველაზე პოპულარული როკი და პოპია, შემდეგ მოდის ქანთრი.
თუმცა, Billboard-ის მონაცემებს მიღმა, ოქტომბერ-მარტის პერიოდის ყველაზე შემოსავლიანი ტურნე ტეილორ სვიფტს ეკუთვნის. მხოლოდ ამ ექვს თვეში მომღერალმა ჯამში 26 შოუ გამართა სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. ჯერ კიდევ დეკემბერში Eras Tour-ი ისტორიაში პირველი ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმაც $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.
Pollstar-ის მონაცემებით, 2023 წელს სვიფტმა თითო კონცერტიდან საშუალოდ $17 მილიონი გამოიმუშავა და შედეგად, გასულ წელს, მილიარდერთა რიგებშიც გადაინაცვლა. Forbes-ის ანგარიშით ამერიკელი მომღერალი $1.3 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს.