სამი საინვესტიციო გაკვეთილი უორენ ბაფეტის ყოველწლიური წერილიდან

სამი საინვესტიციო გაკვეთილი უორენ ბაფეტის ყოველწლიური წერილიდან

Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა უორენ ბაფეტმა, ყოველწლიური წერილი გამოაქვეყნა. მიმართვაში ინვესტორმა ყურადღება კომპანიის საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და საფონდო ბაზრის სპეკულაციებთან დაკავშირებით მის ხედვებზე გაამახვილა. ასევე, პატივი მიაგო თავისი  გარდაცვლილი მარჯვენა ხელის, ჩარლი მანგერის ხსოვნას და მას ამჟამინდელი Berkshire-ის „არქიტექტორი“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტის წერილიდან მრავალი გაკვეთილის სწავლაა შესაძლებელი, Forbes-მა მილიარდერის ყოველწლიური მიმართვა სამ ძირითად და მუდმივ შეხედულებად გადაანაწილა.

გაკვეთილი 1: ფოკუსირდით იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და დააფასეთ ბიზნესი

„მოკლე ვადაში ბაზარი არის ხმის მიცემის მანქანა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის სასწორია“, – ბენჯამინ გრეჰემი.

საბუღალტრო წესები Berkshire-ს ავალდებულებს, საინვესტიციო პორტფელის მოგება და ზარალი შემოსავლების ნაწილად ჩათვალოს. შედეგად, აქციების ფასების ვარდნის გამო, კონგლომერატი 2022 წელს დიდ ზარალზე გავიდა. საპირისპირო მოხდა 2023 წელს, როდესაც საფონდო ბაზარი და თითო აქციაზე აღრიცხული მოგებაც გაიზარდა. 2023 წლისთვის, გასულ წელთან შედარებით, აქციაზე საოპერაციო მოგება 23%-ით გაიზარდა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი Berkshire-ის საჯაროდ დალისტული აქციების პორტფოლიოს შთამბეჭდავი შედეგები აქვს.

ბაფეტს მისმა მენტორმა, ბენჯამინ გრეჰემმა, ღირებული ინვესტიციის შესახებ ბევრი რამ ასწავლა. თუმცა ერთ-ერთი არსებითი ჭეშმარიტება გულისხობდა აქციების, როგორც ბიზნესის აღქმას და აქციის ფასის მოკლევადიანი ცვალებადობის უგულებელყოფას.

ბენჯამინ გრეჰემის წიგნის, „ინტელექტუალური ინვესტორის”, მერვე და მეოცე თავები ბაფეტის საინვესტიციო პროცესის საფუძველია. გრეჰემის შეფასებით, ინვესტორებმა თავიანთი აქციები უნდა განიხილონ, როგორც საკუთრების წილები ბიზნესში, და არა უბრალო ქაღალდი. აქედან გამომდინარე, აქციები კომპანიის შიდა ღირებულების ნაწილად უნდა იყოს გააზრებული და არა უბრალოდ რაღაც მუდმივად ცვალებად ფასად საფონდო ბირჟაზე.

კომპანიასთან მიმართებით საფონდო ბირჟის არასტაბილური ხედვით თავად ინვესტორმა უნდა ისარგებლოს, ვიდრე მას მისცეს უფლება, შემდგომი ნაბიჯები უკარნახოს. აქციების ბიზნესად აღქმა და „უსაფრთხოების ზღვარზე“ მათი შეძენა ინვესტორებს საშუალებას აძლევს იგნორირება გაუკეთონ ბაზრის პერიპეტიებს. გრეჰემისთვის „უსაფრთხოების ზღვარი“ „მითითებულ ან შეფასებულ ღირებულებაზე“ დაბალი ფასით ყიდვას გულისხმობს, რაც, საბოლოოდ, მათთვის მისაღებ შემოსავალში აისახება.

გაკვეთილი 2: ეფექტიანი რისკ-მენეჯმენტი არა მხოლოდ რისკის თავიდან ასაცილებლად, არამედ გრძელვადიანი შემოსავლების უზრუნველყოფისთვისაც აუცილებელია

„Berkshire-ის ინვესტიციისას ერთი წესი მუდმივად უცვლელი რჩება: არ გარისკო სრულად შენი კაპიტალი. ამერიკის ეკონომიკური სიძლიერისა და საპროცენტო განაკვეთების წყალობით, გარემო, რომელშიც ვმუშაობთ, სარგებლის მომტანი იქნება, თუ სერიოზულ შეცდომებს თავიდან ავიცილებთ და რამდენიმე კარგ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – უორენ ბაფეტი.

გარდა საინვესტიციო შედეგებისა, ბაფეტსა და მანგერს გამოარჩევთ მათი უნარიც, მაღალი შემოსავლიანობა გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნონ. რისკების მენეჯმენტი Berkshire-ის მოდელის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. 2023 წლის ბოლოსთვის კონგლომერატის ანგარიშზე $163.3 მილიარდის ნაღდი ფული ირიცხებოდა. თანხა კომპანიას საშუალებას აძლევს, ისარგებლოს საინვესტიციო შესაძლებლობებით და პოტენციური რისკისგანაც დაიცვას თავი. Berkshire-ის პოლიტიკით, აქციების ხელახალი შესყიდვა არ მოხდება, თუ შედეგად კომპანიის ფულადი სახსრები $30 მილიარდზე ნაკლები დარჩება.

ბაფეტის თქმით, ინვესტიციების დროს სიფრთხილის გამოჩენა, ერთი შეხედვით, ცეცხლგამძლე შენობის სადაზღვევო პოლისივითაა და, შესაბამისად, შეიძლება არასაჭიროდ იყოს მიჩნებული წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, რეალურად, სიფრთხილის ეს დონე შემოსავლებისთვის გრძელვადიანი სტიმულირების მომტანია.

გაკვეთილი 3: კაპიტალის განაწილება Berkshire-ის საიდუმლო იარაღია

როგორც მილიარდერი ინვესტორი აღნიშნავს, მართალია, Berkshire-ს შეუძლია გაუმკლავდეს ფინანსურ გამოწვევებს, კონგლომერატში არცერთ შემთხვევაში შეგნებულად არ განაგრძობენ ინვესტიციებს ისეთ საწარმოებში, რომლებიც მათთვის წაგებიანი იქნება.

სავარაუდოდ, Berkshire Hathaway დღეს მსგავსი სახით წარმოდგენილი არ იქნებოდა, რომ არა ბაფეტის ხელმძღვანელობის დასაწყისშივე კაპიტალის გადანაწილებაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 1960-იან წლებში ბაფეტმა ტექსტილის კომპანია Berkshire Hathaway-ზე კონტროლი შეიძინა. თუმცა კვლავ ტექსტილში ინვესტირების ნაცვლად, ნაღდი ფული სხვა, უკეთეს ბიზნესში, მათ შორის GEICO-ში დააბანდა. მართლაც, ტექსტილის ბიზნესი 1985 წელს შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის, ბაფეტი სწორედ მანგერის მადლიერია. როგორც ახლა მილიარდერი ამბობს, „დრო მშვენიერი ბიზნესის მეგობარია, ხოლო უღიმღამო ბიზნესის მტერი“.

ბაფეტი დაუფიქრებლად არასდროს მიჰყვება ბაზრის ტენდენციებს და, შედეგად, გაუაზრებელ ინვესტიციებსაც თავიდან ირიდებს. ასე მოხდა ინტერნეტის ეპოქის ტექნოლოგიური ბუშტის დროს, როდესაც ბევრმა ინვესტიცია გაბერილი შეფასების მქონე ტექნოლოგიურ აქციებში ჩადო. ბაფეტმა თავი აარიდა აჟიოტაჟს და Berkshire Hathaway-ის ინვესტიციებიც გონივრულად შეინარჩუნა.

როგორც მილიარდერმა წლევანდელ წერილში აღნიშნა, კაპიტალის გადანაწილების გადაწყვეტილება შესაძლოა უახლეს მომავალშიც იყოს მიღებული. კონგლომერატი, წლების განმავლობაში, დასავლეთში Berkshire Hathaway Energy-ის საშუალებით ოპერირებდა. ინვესტიცია თანხვდენილია Berkshire-ის სტრატეგიასთან, რადგან ის საშუალებას აძლევს კომპანიას, განათავსოს მნიშვნელოვანი კაპიტალი ანაზღაურების ხელსაყრელი განაკვეთებით. ბაფეტი აღნიშნავს, რომ ელექტროგადამცემი საწარმოები ისტორიულად იზიდავდნენ დიდ ინვესტიციებს, კაპიტალის ფიქსირებული ანაზღაურების შესაძლებლობით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და პროგნოზირებად საინვესტიციო შესაძლებლობებს.

თუმცა ტყის ხანძრების შედეგად, BHE-ის ფინანსური შედეგები 2023 წელს მკვეთრად შემცირდა. კლიმატის არახელსაყრელი პირობები შესაძლოა მისი ბიზნესისთვის სამომავლოდ საფრთხის შემცველი იყოს, ამას ემატება ზოგიერთ შტატში მიღებული ახალი მარეგულირებელი წესები. აქედან გამომდინარე, ბაფეტი, სავარაუდოდ გადახედავს თავის სამომავლო ინვესტიციებს ელექტროინფრასტრუქტურაში, კომუნალური მომსახურების მფლობელებსა და მარეგულირებლებს შორის არსებული ურთიერთობების საფუძველზე. თუმცა სიტუაციის მოგვარებას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *