თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენას (IDEF) გასულ კვირას მთელი მსოფლიოდან 120,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მასში მონაწილეობა 149 სამხედრო-სამრეწველო კომპანიამ და 103 ქვეყნის 231 ოფიციალურმა დელეგაციამ მიიღო.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გამოფენაზე 270-ზე მეტი ხელმოწერის ცერემონია შედგა, რომელთა 65%-საც საექსპორტო შეთანხმებები წარმოადგენდა. მისივე თქმით, გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება $9 მილიარდს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, რიგით მე-17 IDEF-ზე თავდაცვის ინდუსტრიაში 26 ახალი პროდუქტი და 1,100-ზე მეტი ნივთი პირველად იყო წარმოდგენილი. თურქეთის ოფიციალური პირების განმარტებით, წლევანდელი გამოფენის მთავარი ამოცანა საინჟინრო შესაძლებლობების, საექსპორტო ხედვისა და გლობალურ სცენაზე თურქული სამხედრო ინდუსტრიის სტრატეგიული მნიშვნელობის დემონსტრირება იყო.
შეგახსენებთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში თურქეთის თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის გაძლიერება წარმოადგენდა. ადგილობრივად წარმოებულ შეიარაღებას ამჟამად თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის დაახლოებით 80% უკავია. შედარებისათვის ეს რიცხვი 2000-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ 20%-ს უტოლდებოდა.
დროთა განმავლობაში თურქული სამხედრო ტექნოლოგია იმდენად დაიხვეწა, რომ დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. გასულ წელს თურქეთიდან ექსპორტირებული შეიარაღების ღირებულებამ $7.2 მილიარდი შეადგინა, რაც 2020 წლის შემდეგ სამჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, ომერ ბოლათის განცხადებით, წელს მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი $8 მილიარდს გადააჭარბებს.